კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტრაბზონში!

AutoSharing Option
საქართველოს დელეგაციამ რიგით მე-11 ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქალაქ ტრაბზონისკენ გეზი 22 სპორტსმენის, მწვრთნელების და ადმინისტრაციის წევრთა შემადგენლობით შაბათ დილით აიღო და იმავე საღამოს უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავით.

მგზავრობა არცთუ ისე დამღლელი გამოდგა და დიდი დრო არც სარფში საზღვრის გადალახვის პროცედურას წაუღია. გუნდში ხალისიანი განწყობაა, სპორტსმენებში შემართებაც იგრძნობა, მწვრთნელები დროდადრო არც მათ შეგულიანებას ივიწყებენ. ამ მხრივ უპერველესად ძიუდოისტთა მთავარი მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი გამოირჩევა. "ბიჭებს ავუხსენი, რომ ეს ტურნირი ყველა სხვა შეჯიბრებებისაგან განსხვავებულია თავისი მნიშვნელობით და პრესტიჟით. ვუთხარი, რომ
ყველას არ აქვს პატივი ასეთი დონის თამაშებში წარადგინოს თავისი ქვეყანა, რომ აქ გამარჯვება ადვილად არ მიიღწევა, თუმცა სამუდამოდ დარჩება მათ მეხსიერებაში და ქართული სპორტის ისტორიაში.

კარგად მესმის, რომ მთავარი დატვირთვა ძიუდოზე მოდის და ჩვენც ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ბიჭები კარგ ფორმაში არიან, ერთადერთი ზურაბიანის ტრამვამ დამწყვიტა გული, რომელიც მან ტრაბზონში გამომგზავრებამდე მიიღო, მაგრამ არც მისი შემცვლელია ურიგო სპორტსმენი. ამას წინათ კონტინენტის პირველობაზე კარგი შედეგი ვაჩვენეთ, თუმცა არ დაგიმალავთ, რომ იგივეს გამეორება ფესტივალზე ურთულესი იქნება, მაგრამ არა უტოპიური. ცდას არ დავაკლებთ, ბიჭები ყველა ორთაბრძოლაში სულსა და გულს ჩადებენ. იმედია, ცოტათი ფორტუნაც გაგვიღიმებს" - მეუბნება სიდნეის ოლიმპიადის პრიზიორი გიორგი ვაზაგაშვილი.

სხვათა შორის ვაზაგაშვილი წინა ანალოგიურ ფესტივალზე საბერძნეთის ნაკრებს ედგა სათავეში და მაშინ ელადელებმა ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.

ვიქტორ ბაკშს საჩოგბურთო სამყაროში წარდგენა არ სჭირდება. იგი ამჟამად საქართველოს ვაჟთა ნაკრებს უდგას სათავეში. ისე მოხდა, რომ ტრაბზონის თამაშებზე ბედს მისი ვაჟი ალექსანდრე ცდის, რომელიც 14 წლისაა და სავარაუდოდ ჩოგბურთში მოასპარეზეთა შორის ასაკით ყველაზე უმცროსი იქნება.

"ჩვენი ქვეყანა საჩოგბურთო ტრადიციებით ყოველთვის გამოირჩეოდა, ამიტომაც გულდასაწყვეტია ნიჭიერ თაობათა ზრდის პროცესში რამდენიმეწლიანი წყვეტა რომ არის. აი, ხომ ხედავთ, ამ თამაშებზე გოგონათა გუნდი არ გვყავს, რაც საკმაოდ დამაფიქრებელია. ტრაბზონში მედალს ვგეგმავთ-მეთქი წერ გეტყვით. მთავარია, ბავშვებმა გამოცდილება შეიძინონ, თუმცა ვინ იცის... " - მითხრა ვიქტორ ბაკშმა.

ამასობაში ოლიმპიური ფესტივალის დედაქალაქსაც ვუახლოვდებით. ქალაქში შესვლამდე რამდენიმე კილომეტრში "ტრაბზონი 2011"-ის მოზრდილი აბრა გვჭრის თვალს, თუმცა თვითონ ტრაბზონში რეკლამები არ შეინიშნება.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტრაბზონში" - ამ სიტყვებით შემოგვეგება ქართულ დელეგაციაზე მომაგრებული მასპინძელი, და ოლიმპიური სოფლისკენ წაგვიძღვა. სიმართლე ითქვას, სპორტსმენთა საცხოვრებელს არაფერი დაეწუნება. მისი მშენებლობა 70 მილიონი თურქული ლირა დაჯდა და ფესტივალის დასრულების შემდეგ სტუდენტური ქალაქი გახდება. ოლიმპიურ სოფელში მისვლისთანავე გამოჩნდა, რომ მასპინძლებს ორგანიზაციული თვალსაზრისით საქმე მთლად კარგად ვერ აქვთ. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ, ორგანიზაციული მხარე სჯობს მოგვიანებით შევაფასოთ...

საქართველოს დელეგაცია საკმაოდ კომფორტულ კორპუსში დაბინავდა, სადაც ჩვენს გარდა ირლანდიის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის გუნდები ცხოვრობენ. ოთახებიც მოსახერხებელია და ხედიც მშვენიერი - ფანჯრები შავ ზღვას გადაჰყურებს.

"დღეს ევროპა ტრაბზონში ერთიენდება", "დღეს დიდი დღეა, დიდი"- ასეთი სათაურებითაა აჭრელებული თურქული პრესა. ბუნებრივია, განწყობა ამაღლებულია და ორგანიზატორებიც დაუვიწყარ თამაშებს გვპირდებიან. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მთავარი კოორდინატორი ჯოზეფ ლიბაც, რომელიც ამას წინათ თბილისშიც იმყოფებოდა, იმედოვნებს, რომ თურქები ამ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრების მასპინძლობას თავს ღირსეულად გაართმევენ, ხოლო EYOF-ის ხელმძღვანელმა გვიდო დებონტდმა ათლეტებს სამართლიანი თამაშების პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა.

* * *
ამ დღეებში ნორვეგიაში მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აქაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. გუშინ ნაშუადღევს ოლიმპიურ სოფელში "ტრაბზონი2011"-ის მთავარმა კოორდინატორმა ნიჰატ დოკერმა ნორვეგიის ოლიმპიური გუნდი მოინახულა და მიუსამძიმრა.

დაირხა ხემები თითქოს ნორვეგიის დელეგაცია ფესტივალის დატოვებას აპირებდა, მაგრამ მათი გუნდის მისიის ხელმძღვანელმა ანა გუროლენდმა ეს უარყო.

"მომხდარით შეძრულები ვართ. ეს ეროვნული ტრაგედიაა, თუმცა ახლა მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ოლიმპიური ფესტივალის მიტოვებას არ ვგეგმავთ და ამის შესახებ საელჩოსაც ვაცნობეთ. ჩვენი დელეგაცია გახსნაზე შავი სამკლავურებით გავა", - აღნიშნა მან.

გუშინ ადგილობრივი დროით 21 საათზე ავნი აკერის სახელობის სტადიონზე ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. აღლუმზე საქართველოს დელეგაცია "ლოტოს" სპორტული ეკიპირებით წარსდგა, რომელიც ოლიმპიურ სოფელშიც დიდი მოწონებით სარგებლობს. აქვე დავძენთ, რომ ტრაბზონში საქართველოდან
დამკვირვებელთა ჯგუფიც იმყოფება, რაც "თბილისი 2015"-ის მზადების პროცესს სასიკეთოდ წაადგება.

სპორტული ასპარეზობები დღეიდან იწყება. ქართველ სპორტსმენთაგან პირველები შეჯიბრებაში ჩოგბურთელები და მძლეოსნები ჩაერთვებიან.

კახა ბერიძე ტრაბზონიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული