ოლიმპიადამდე ერთი წელი დარჩა

AutoSharing Option
ლონდონმა ზაფხულის ოლიმპიადამდე დროის უკუღმა ათვლა დაიწყო. თითქმის დასრულებულია ძირითადი ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა და ბილეთების დიდი ნაწილიც გაყიდულია. ახლა, უბრალოდ, ლოდინიღა დაგვრჩენია.

2012 წლის თამაშები 27 ივლისს დაიწყება. ნაკიანი წინაოლიმპიური წელი 366 დღე გაგრძელდება. მანამდე კი იმ არენებზე ვიმოგზაუროთ, რომელზეც ზუსტად ერთი წლის შემდეგ გრანდიოზული სპორტული სტარტები გაიმართება.

* * *
ოლიმპიური ობიექტების უმრავლესობა ერთმანეთთან ახლოს არის განლაგებული. ეს ოაზისი ისტ-ენდშია გაშენებული, რაიონში, სადაც ადრე სიღარიბე და კრიმინალი იყო გამეფებული.

ამ ერთგვარი პარკის მთავარი და ყველაზე სიმპატიური არენა - ოლიმპიური
სტადიონია, რომელიც 80 ათას მაყურებელს იტევს. აქ გაიმართება გახსნისა და დახურვის ცერემონია და მძლეოსანთა ტურნირი. ცნობილია აგრეთვე, რომ თამაშების დასრულების შემდეგ ზედა იარუსს დემონტაჟი ჩაუტარდება და ოლიმპიური სტადიონი 25-ათასიან საფეხბურთო არენად გადაკეთდება, რომელზეც "ვესტ ჰემი" ითამაშებს.

* * *
შთამბეჭდავია საწყლოსნო სახეობებისთვის განკუთვნილი "აკვატიკ-ცენტრი". ის 17 500 ათას მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის ავტორია დღეს მოდური არქიტექტორი ზაჰი ჰადიდი. ამ შენობის სახურავი 160-მეტრიანი ტალღის ფორმით არის შესრულებული.

იქვე ახლოსაა ველოდრომი, რომელიც რაღაცით ჰგავს ჰადიდის ქმნილებას, ოღონდ მისი შემცირებული ვარიანტია. ახლოსაა სტადიონი ბალახის ჰოკეისთვის, კალათბურთისა (12 ათასი) და ხელბურთის (7 ათასი) დარბაზები.

* * *
ერთი მხრიდან სპორტულ ობიექტებს ოლიმპიური სოფელი ესაზღვრება, მეორე მხარეს - პრეს-ცენტრი სატელევიზიო ცენტრითა და სატრანსპორტო კვანძით, საიდანაც ჟურნალისტები ოლიმპიური პარკის მიღმა ტურნირებზე გაემართებიან. მესამე მხარესაა - Stratford International Station, უდიდესი სარკინიგზო სადგური, სადაც ჩამოდგებიან არა მხოლოდ ადგილობრივი ელმავლები და მეტროს მატარებლები, აგრეთვე პარიზული კომპანია "ევროსტარის" ექსპრესები.

* * *
ოლიმპიური პარკიდან აღმოსავლეთით განთავსებულია ExCel-ის საგამოფენო ცენტრი, სადაც ყველა სახის ორთაბრძოლების გამართვაა დაგეგმილი: კრივი, ჭიდაობა, ძიუდო, ტაეკვანდო. აგრეთვე ტურნირი ძალოსნობასა და მაგიდის ჩოგბურთში. მდინარე ტემზას მეორე მხარეს, საგამოფენო ცენტრის პირდაპირ North Greenwich Arena-ზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს ტანმოვარჯიშეები და ბატუტზე მხტომელები, აქვე გაიმართება საკალათბურთო ტურნირის ფინალი. ასევე ახლოს - გრინვიჩ-პარკში შედგება ცხენოსანთა ტურნირი და თანამედროვე ხუთჭიდის სტრატები.

* * *
ლონდონის ცენტრში, უაიტჰოლის წინ, სადაც, ჩვეულებრივ, სამეფო საცხენოსნო გვარდიის ტრადიციული აღლუმები იმართება, ქვიშას დაყრიან პლაჟის ფრენბურთის ტურნირისთვის. "ნამდვილი" ფრენბურთელები კი Earls Court-ის დარბაზში ითამაშებენ, რომელიც ოლიმპიური პარკის დასავლეთით მდებარეობს.

* * *
ჰაიდ-პარკში შეეჯიბრებიან ერთმანეთს ტრიატლონისტები. ჩოგბურთელები, რა თქმა უნდა, სახელგანთქმულ უიმბლდონზე დაფუძნდებიან, ლეგენდარულ "უემბლიზე" კი საფეხბურთო ტურნირის მატჩების გარდა, გაიმართება შეჯიბრი მხატვრულ ტანვარჯისა და ბადმინტონში.

ჩრდილოეთში - Lord's Cricket Ground-სა და Regent's Park-ში მედლებს გაითამაშებენ მშვილდოსნები და საგზატკეცილო ველომრბოლები.

ოლიმპიური სოფლიდან ყველაზე შორს მდებარეობს ნიჩბოსნებისა და ტყვიის მსროლელთა არენები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული