ჩვენებურმა შეჯიბრება რიხით დაიწყო და უნგრელ ფაბია ატილასთან იმარჯვა. ძიუდოს სამყაროში კარგად ჩახედულმა იცის, რომ უნგრეთს ძიუდოს ცუდი სკოლა არ აქვს, შესაბამისად არც ხელწამოსაკრავი ფალავნები ჰყავთ. ამიტომაც ატილას ასპარეზობიდან გამოთიშვა გიორგი ლაზუაშვილს აქტივში უნდა ჩავუთვალოთ. აი, მომდევნო წრეში უკრაინელ სერგეი ზვიერიევთან კი დასანანად დამარცხდა, რომელიც მოგვიანებით ჩემპიონი გახდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ქართველს მასთან გამარჯვება ნამდვილად ხელეწიფებოდა. "ლაზუ", რომ იპონზე დაცემულიყო, არაფერს ვიტყოდით, მაგრამ,
აქვე დავძენ, რომ გუშინ ძიუდოში აშკარად უკრაინელთა დღე იყო - სამი ოქროს მედალიც ამაზე მეტყველებს. საბოლოოდ ლაზუაშვილი რეპეშაჟში გადაერთო და საქმეც ბოლომდე მიიყვანა. ბერძენი ვასილეიოს ზაგკირიდისი არ გამოუცხადდა. ბოსნიელ ჰარუმ ზადიკოვიჩთან ცოტა კი გვანერვიულა, ერთ ეპიზოდში ბოსნიელმა ლამის იპონზეც დააგდო, მაგრამ ლაზუაშვილმა მძიმე სიტუაციიდან თავი დაიძვრინა და იქით შეუტია. ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ზაურ ჰუსეინალი უმალ შებოჭა და მესამე პრიზიორიც დამსახურებულად გახდა.
შალვა ჩოჩელს (90 კგ) სტარტზე უკრაინელ მომავალ გამარჯვებულ ანტონ სავიცკისთან შანსი არ ჰქონდა, დამამშვიდებელში კი ფინალამდე მიაღწია და იქ რუსთა ახმედ მაგომედოვთან მსაჯთა სუბიექტური გადაწყვეტილებით დამარცხდა. შალვა აქტიურობდა, ბევრსაც უტევდა, მაგრამ რატომღაც ჰანტეით ორით-ერთზე უპირატესობით რუს მიანიჭეს. მანამდე კი ჩოჩელმა სლოვაკი და რუმინელი მეტოქეები ჩამოიცილა გზიდან.
"დიდებული ტრაბზონი", "საუკეთესო ფესტივალი", წინ, წინ ტრაბზონო", "ტრაბზონის თამაშებით თურქეთმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა დიდი ოლიმპიადის მასპინძლობისთვის" - თურქულ პრესაში დადებითი ემოციების ნიაღვარია. იგივეს იმეორებს ერთ-ერთ ინტერვიუში ეოკ-ის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი, რომელიც ტრაბზონს გაწეული მუშაობისთვის მადლობას უხდის და უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში წარმატებებს უსურვებს.
"ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ახალგაზრდული ფესტივალი შვილივით მიყვარს. მიმაჩნია, რომ იგი ოლიმპიური მოძრაობის უდიდესი მონაპოვარია" - დასძენს პატრიკ ჰიკი. ღოგორც ცობილია, თურქეთს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა ამოუჭრიათ გულში და იმედი აქვთ ფესტივალის ჩატარება ამ საქმეში სასიკეთოდ წაადგებათ. ფაქტია, რომ ჩვენს მეზობლებს არაერთი კონტინენტალური თუ მსოფლიოს მაღალი დონის სპორტული ღონისძიებებისთვის უმასპინძლიათ და ვინ იცის, იქნებ ოლიმპიადის ჩატარების პატივიც ერგოთ. თუ ბედმა გაუღიმათ, იმედია, ტრაბზონულ გამოცდილებას გაიზიარებენ და მიხვდებიან, რომ ასეთი გრანდიოზული სპორტული ფორუმების ორგანიზება მხოლოდ კარგი კვება არ არის.
ფესტივალის მსვლელობას ტრაბზონში 2013 და 2015 წლის მასპინძელი ქვეყნების ჰოლანდიისა და საქართველოს დამკვირვებლებიც ადევნებდნენ თვალყურს და ბევრი რამ მოინიშნეს. ამ ეტაპზე უფრო ტიტების ქვეყნის წარმომადგენლები აქტიურობდნენ, რადგან ორი წლის შემდეგ ნორჩ ოლიმპიელებს უტრეხტი უმასპინძლებს.
ჰოლანდიელებმა ოლიმპიურ სოფელში მცირე პრეზენტაცია მოაწყვეს, ხოლო დახურვის ცერემონილზე ნიდერლანდელებმა აღლუმზე ასეთი ლოზუნგით ჩაიარეს - "მადლობთ, ტრაბზონო, გელით ურტეხტში". ნიშანდობლივია, რომ აზალგაზრდული ფესტივალების ისტორიაში ჰოლანდია ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, სადაც იგი მეორედ ჩატარდება.
საბოლოო მონაცემებით საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 24-ე ადგილი (1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი) დაიკავა. ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებიდან ჩვენზე წინაა რუსეთი (21, 17, 16), უკრაინა (8, 4, 3), ბელარუსი (4, 1, 4), ლიტვა (3, 4, 3), ლატვია (1, 3, 1), აზერბაიჯანი ( 1, 2, 0). პირველი სამეული კი ასეთია: 1. რუსეთი, 2. დიდი ბრიტანეთი (17, 10,6), 3. უკრაინა.
გუშინ, 29 ივლისს საღამოს დახურვის ცერემონიალი გაიმართა (საქართველოს მედროშე ლაშა ღულელაური იყო). რომელიც ისეთივე შთამბეჭდავი გამოდგა, როგორიც გახსნა.
ამრიგად, რიგით მეთერთმეტე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უკვე ისტორიის კუთვნილებაა.
ორი წლის შემდეგ უტრეხტში შეხვედრამდე!
კახა ბერიძე ტრაბზონიდან
ავტორის ფოტო