ოლიმპიურმა ტრაბზონის თამაშები შეაფასა და სტრატეგიაც დასახა

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ტრაბზონში დამთავრებულ ევროპის XI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მიეძღვნა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში ჩვენმა დელეგაციამ 6 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილზე გავიდა. ამ 6-დან თითო ოქრო-ვერცხლია, 4 - ბრინჯაო. სახეობების მიხედვით ჯილდოების უმეტესობა კვლავაც ძიუდოზე მოდის - 5, მეექვსე კი ქართულ ყულაბას მძლეოსანმა ლაშა ღულელაურმა შეჰმატა - სამხტომში მეორეზე გავიდა. ძიუდოისტთაგან ჭაბუკებში ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა ბექა ღვინიაშვილმა (81) გაიმარჯვა, ევროპის ვიცე-ჩემპიონები - თამაზ კირაკოზაშვილი (60) და გიორგი ლაზუაშვილი (+90), აგრეთვე ევროპის ბრინჯაოს
პრიზიორი ლევან გუგავა (73) და გიორგი მუზაშვილი (66) მესამეზე გავიდნენ.

პრესკონფერენციას ყველა მედალოსანი ესწრებოდა, როგორც - ოლიმპიური გუნდის უმრავლესობა, ფედერაციებისა და ნაკრებების ხელმძღვანელები. სეოკ-ის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილის თქმით, ეს თამაშები ჩვენთვის გენერალური რეპეტიცია იყო "თბილისი-2015"-თვის. მიღწეულ შედეგებზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კმაყოფილიცაა და უკმაყოფილოც. ერთი მხრივ, ოქროთი დამშვენებული 6 მედალი არაა ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ მეორე მხრივ, კვლავაც ჩამოვრჩებით იმ სახეობებში, სადაც არა მხოლოდ მსგავს, არამედ ბევრად უფრო მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებზე ბევრი მედალი თამაშდება - საწყლოსნო სახეობები, მძლეოსნობა, ტანვარჯიში, ველოსპორტი... ნაცვლიშვილის თქმით, მათ განვითარებამდე შეუძლებელი იქნება მსგავს ფესტივალზე საერთო გუნდურ რეიტინგში თუნდაც ათეულში მოხვედრა.

ამ თემაზე საუბრისას ნაცვლიშვილმა, შეიძლება ითქვას, ქართული სპორტის განვითარების უახლესი წლების სტრატეგია წარმოადგინა - აუცილებლად უნდა ამოვქაჩოთ ეს სახეობები და განვავითაროთ გუნდური სახეობები: ხელბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, სადაც ბიჭებთან ერთად უნდა გაკეთდეს გოგონების გუნდებიც. სხვა თუ არაფერი, 2015 წლის ფესტივალზე ამ სახეობებში გოგონებშიც უნდა გვყავდეს გუნდები. მისი თქმით, აუცილებელია, ამ სახეობებში შეიქმნას ასაკობრივი ნაკრებები, რომლებიც მოემზადებიან 2015 წლის თამაშებისთვის. არადა, დღეს ასეთი რამე მხოლოდ კალათბურთშია, თუმცა გოგოების გუნდები არც იქაა.

დაგვეთანხებით, ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან წაადგება ქართულ სპორტს. დღეს, როცა გზა ჩანს, იმედია, სწორად მაინც მივყვებით მას და ურმის გადაბრუნებას აღარ დაველოდებით.

ცალკეული გუნდებიდან ნაცვლიშვილმა შეაქო ძიუდო და მძლეოსნობა. ძიუდოისტი ბიჭების გუნდი მართლაც იმსახურებს დითირამბებს - 8 კაციდან 5-მა ხომ მედალი მოიპოვა, კიდევ ორმა ბრინჯაოსთვის იჭიდავა, ერთი კი მეშვიდეზე გავიდა. თუმცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ბიჭებთან ერთად მარიამ ჯანაშვილიც (57) შეაქო კარგი ჭიდაობისთვის. ამჯერად ის უმედლოდ დარჩა, თუმცა ბრინჯაოსთვის კი იასპარეზა.

"იმ დიდი შუალედის შემდეგ, რაც საქართველოში ქალთა ძიუდოში მივიღეთ, პირველად ვნახე ქართველი გოგონას ღირსეული გამოსვლა - ასეთ ამოსმულებს, მგონი, იაპონელებიც ვერ აკეთებენ. მას მომავალ ოლიმპიურ ციკლში ლიცენზიის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს" - თქვა ნაცვლიშვილმა.

მან ღულელაურის გამოსვლას პატარა სენსაციაც უწოდა, 2015 წლის თბილისის ფესტივალთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ პროგრამა-მინიმუმი გუნდის ათეულში, პროგრამა-მაქსიმუმი კი ხუთეულში მოხვედრა იქნება. სეოკ-ის პრეზიდენტმა იმ გამოცდილებაზეც ისაუბრა, რაც "თბილისი-2015" საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო.

"ამ მხრივ მართლაც კარგი გამოცდილება მივიღეთ და ბევრი რამეც ჩავინიშნეთ. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, თბილისის თამაშები ტრაბზონისაზე გაცილებით უკეთესი იქნება. ცუდი არც ახლანდელი ფესტივალი ყოფილა, მაგრამ იყო რაღაც ხარვეზები, რაც ჩვენთან არ განმეორდება" - თქვა მან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული