სამი წლის წინ ბრიტანელმა ოლიმპიელებმა 47 მედალი მოიპოვეს, მათ შორის - 19 ოქროსი და გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გავიდნენ. ისინი ჩამორჩნენ ჩინეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს.
"მეოთხე ადგილის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ბევრ ქვეყანას მოუნდება ჩვენთან კონკურენცია და მზად არიან კიდეც მასპინძლებთან საბრძოლველად,
რთული სათქმელია, შევინარჩუნებთ თუ არა ოქროს მედლების რაოდენობას. ეს არც ისე იოლია. არსებობს გარკვეული მოთხოვნები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია.
ეჭვგარეშეა, რომ სპორტის რამდენიმე სახეობას სტაბილურად მოაქვს ბრიტანეთისთვის მედლები და დარწმუნებული ვარ, ლონდონშიც ასე იქნება. რამდენიმე სხვა სახეობაში ჩვენ "მედლების ზონაში" ან მასთან ძალიან ახლოს ვიქნებით. კიდევ არსებობს სპორტის სახეობები, რომლებშიც ოლიმპიადებზე არასოდეს გამოვსულვართ, მაგრამ ახლა ღირსეული შედეგებისთვის ვემზადებით".
* * *
ამასობაში, ოლიმპიადისთვის მზადება სრული სვლით მიმდინარეობს და ამ საქმეში კომპანია BBC-იც არის ჩართული. ის აპირებს შექმნას დროებითი რადიოსადგური, რომელიც მხოლოდ 2012 წლის ზაფხულის თამაშების გაშუქებისთვის იქნება გათვალისწინებული.
რადიოსადგური 20 დღე იმუშავებს. ასევე ჩაშვებული იქნება მისი ინტერნეტ-ვერსია. BBC-ის ამ პროექტის ღირებულება 200 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება.
გარდა ამისა, BBC-მ გადაწყვიტა, რომ ლონდონის ოლიმპიური თამაშების დროს ახალგაზრდული არხი BBC3 ტურნირების მთავარი ტრანსლიატორი იქნება. ამ მომენტისთვის არხზე მხოლოდ საღამოს ტელეგადაცემები გადის, მაგრამ მომავალ ზაფხულს იქ დღის ეთერიც გაჩნდება და სპორტულ მოვლენებს მიეძღვნება. ტელეკომპანიას თამაშების ჩვენება BBC3-ზე დაახლოებით 4.5 მილიონი ფუნტი დაუჯდება.
როგორც "დეილი მირორი" აღნიშნავს, BBC-ის ვებგვერდი დაახლოებით ათას საათს დაუთმობს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას, რომლებიც არ იქნება წარმოდგენილი ტელევიზიით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"