შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ჩატარებულ ტურნირში ფედერაციის საერთო მონაგარი 4 მედალი და 5 ლიცენზიაა. აქედან "თავისუფალთა" 3 ბრინჯაო და 4 საგზურია, ბერძენ-რომაელებისა - 1 ვერცხლი და 1 ლიცენზია - მანუჩარ ცხადაია (66), თავისუფალთაგან" კი მედლები დავით ხუციშვილმა (74), დავით მარსაგიშვილმა (84) და დავით მოძმანაშვილმა (120) მოიპოვეს. მათვე და მეხუთეზე გასულმა მალხაზ ზარქუამ (60) ირგუნეს საგზურებიც.
პრესკონფერენციას მედალოსანთა უმეტესობა ესწრებოდა "თავისუფალთა" თავკაც ზაზა თურმანიძესა და ფედერაციის
შედეგებიდან გამომდინარე, ნაკრებების შედეგების შეფასება განსხვავებული იყო - დადებითი და წარუმატებლი. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად მედლებზე არანაკლებ მნიშვნელოვან ოლიმპიურ ლიცენზიებზეც გამახვილდა ყურადღება.
ცხადია, "თავისუფლების" მიერ მოპოვებული 4 საგზური წარმატებაა. გუნდში სულ 7 წონითი კატეგორიაა და გამოითქვა იმედი, რომ მათ შვიდივე ლიცენზიის მოპოვება და ლონდონში სრული გუნდით წასვლა შეუძლიათ. ნაცვლიშვილისა და გეწაძის პოზიცია ერთნაირი იყო ბერძენ-რომაელებთან მიმართებაში - მათ საგზურების მარაგის როგორმე შესავსებად წინ კიდევ დიდი ბრძოლები ელოდებათ. თუმცა ლიცენზიების განაწილების ახალი წესიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ დააყენეს ყველა წონაში მისი მოპოვება.
გეწაძის შეფასებით, "თავისუფალთა" გუნდმა მინიმუმი გააკეთა, ხოლო მედალოსანთაგან ორს ფინალში გასვლის შანსიც ჰქონდა. თურმე ამ შეჯიბრებაზე ფედერაცია მედლებზე მეტ ყურადღებას ლიცენზიებს აქცევდა (!), ხოლო ჩემპიონატს საოლიმპიადოდ კარგი რეპეტიცია უწოდა.
მისივე თქმით, სპორტსმენებმა დაინახეს საკუთარი პლიუს-მინუსები და ახლა მათ გამოსასწორებლად საკმარისი დრო რჩებათ. წინა ოლიმპიადიდან გამომდინარე ამჯერად დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება, მაგრამ ტემპის დაგდება არ შეიძლებაო - დასძინა. მან იქვე დაამატა, ჩვენი დევიზი კვლავაც იგივეა - უკეთ, ვიდრე პეკინში, თუმცა ლონდონში ამის გაკეთება გაგვიჭირდებაო.
თურმანიძემ შეგირდებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ შალვა მუზიაშვილის (66) გარდა, სხვებს მოუნდომებლობას ვერ დასწამებს, ხოლო იმისი ადრეული მარცხის მიზეზად კი მეტოქის შეუფასებლობა დაასახელა.
ახლა ისიც ვთქვათ, ჩვენს ფალავნებს ლიცენზიების მოსაპოვებლად კიდევ რა შანსი რჩებათ.
საამისო შესაძლებლობა მათ გაისად სამჯერ მიეცემათ - თითო სალიცენზიო ტურნირს ოთხი რეგიონალური ფედერაცია ჩაატარებს (ევროპა, ამერიკა, აზია და აფრიკა-ოკეანია), ორსაც - საერთაშორისო ფედერაცია. სამივე მარტიდან მაისის ჩათვლით გაიმართება.
საჩვენო, ანუ ევროპელების კალენდარი კი ასეთია - ევროპის საკვალიფიკაციოს 18-22 აპრილს სოფია უმასპინძლებს, 25-29 აპრილს უკვე საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული შეჯიბრება მოჰყვება ჩინურ ტაიუანში, ბოლო შესარჩევი ტურნირი კი 2-6 მაისს ჰელსინკში ჩატარდება. სოფიასა და ჰელსინკში ლიცენზიას ფინალისტები მიიღებენ, ჩინეთში კი სამი საგზური გაიცემა.
მოგეხსენებათ, ჭიდაობაში ორი მესამე ადგილი თამაშდება და ამ ტურნირზე ოლიმპიადის მონაწილის გამოსავლენად მესამეადგილოსანთა შორის დამატებითი შეხვედრა გაიმართება.
ისიც განვმარტოთ, რომ ამ რანგის შეჯიბრებებში ვერც ერთი ფედერაცია მონაწილეს ვერ გააგზავნის იმ წონაში, სადაც უკვე მოპოვებული აქვს საგზური. ცხადია, ეს მსოფლიოზე ხელმოცარულებს შანსს უზრდის, თუმცა სტამბოლის ტურნირი იმდენად უცნაური გამოდგა, რომ ძალიან ბევრი ტიტულოვანი ფალავანი დარჩა ულიცენზიოდ. მათზე ადრე უკვე ვწერდით.
მაგალითად, თავისუფალ ჭიდაობაში რუსთა მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი (96), რუსი მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის გამარჯვებული დენის ცარგუში (74), აზერბაიჯანელი ევროპისა და მსოფლიოს გამარჯვებული, ოლიმპიური პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვი (96) და მისი თანაგუნდელი, ევროპის ჩემპიონი ზელიმხან ჰუსეინოვი (60), თურქი ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი ფატიჰ ჩაკიროღლუ (120), უზბეკი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი არტურ ტაიმაზოვი (120), ამავე წონაში ირანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ფარდინ მასოუმი ვალადი და ბერძენი მსოფლიოს მედალოსანი იოანის არზუმანიდისი, ბერძნულ-რომაულში - სომეხი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის პრიზიორი რომან ამოიანი (55), აზერბაიჯანელები - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ჰასან ალიევი (60), მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, ევროპის ჩემპიონი ვიტალი რაჰიმოვი (66) და ევროპის წლევანდელი გამარჯვებული რაფიკ ჰუსეინოვი (74), ფრანგი ოლიმპიური ჩემპიონი სტივ ჟენო (66) და არაერთი ცნობილი ფალავანი.
ამ დროს 2 ლიცენზია მოიპოვა ვენესუელამ, თითო - ნიგერიამ და პუერტო რიკომ ანუ ისეთმა ქვეყნებმა, ადრე საჭიდაო ტურნირებში რომ არც მონაწილეობდნენ. ცხადია, ასეთ ფალავანთა უსაგზუროდ დარჩენა სალიცენზიო შეჯიბრებებშიც უმძაფრეს ბრძოლებს გვპირდება, რადგან იქ საგზურები მცირე რაოდენობით გაიცემა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"