როგეს ახალი პრიორიტეტები

AutoSharing Option
სექტემბერი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისთვის ჟან როგესთვის - ბელგიელი ჩინოვნიკი ჯერ გაერთიანებული ერების ტრიბუნიდან გამოვიდა, შემდეგ კი პეკინში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო კონფერენციაში - "სპორტი ყველასთვის".

ამ ღონისძიებებისას ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ როგემ ოლიმპიურ კომიტეტში თავისი საქმიანობის მიმართულება შეცვალა. როგორც ჩანს, მან გაიხსენა, რომ პროფესიით ექიმი გახლავთ. სხვანაირად ვერ აიხსენება მისი მოწოდებები ჯერ ნიუ იორკში და შემდეგ პეკინში.

უნდა ითქვას, რომ ამერიკაში როგეს გამოსვლა იყო პირველი და ერთგვარად საპროგრამო სიტყვა მას შემდეგ, რაც ოლიმპიურმა კომიტეტმა 2009 წლის ბოლოს
გაერთიანებული ერების ეგიდით დამკვირვებლის სტატუსი მიიღო.

სპეციალური სესია არაგადამდებ სასიკვდილო ავადმყოფობებს ეძღვნებოდა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დედამიწაზე სასიკვდილო შემთხვევების 63 პროცენტი გულსისხლძარღვის, ონკოლოგიურ და სხვა არაგადამდებ ავადმყოფობებზე მოდის.

"ყველა ეს ავადმყოფობა, რომელიც ბევრ ქვეყანაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია ეკონომიკური პროგრესისა და სოციალური განვითარების გზაზე, შეიძლება თავიდან ავიცილოთ ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვით, - ამბობდა სოკ-ის პრეზიდენტი. - ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით, რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები, დაბალანსებულ კვებასთან და მოწევაზე უარის თქმასთან ერთად, მოწოდებულია არაგადამდებ ავადმყოფობებთან საბრძოლველად".

როგემ მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ უწყობდა ხელს ოლიმპიური მოძრაობა ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და განვითარებას. ამასთან, როგემ აღნიშნა სოკ-ის შესაბამისი კომისიის დიდი როლი, რომლის ინიციატივა გახლდათ ყოველწლიურად 23 ივნისს ოლიმპიური დღის გამართვა.

მასობრივ დაავადებებთან ბრძოლაში სპორტისთვის უფრო მეტი მნიშვნელობის შესაძენად ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა კიდევ რამდენიმე კონკრეტული წინადადება გამოიტანა:

- ადგილებზე ნებისმიერი სპორტული არენა უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ფიზიკურ კულტურასა და სპორტში მასობრივი ღონისძიებებისთვის;
- დამყარდეს ახალი პარტნიორული ურთიერთობები ცხოვრების არასპორტულ სექტორებთან - მრეწველობასთან, ტრანსპორტთან, ფინანსურ და სხვა სტრუქტურებთან;
- უფრო მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობასთან, რათა მათი დახმარებით გაიზარდოს სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილების საათები;
- მხარში ამოუდგნენ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სპორტული ორგანიზაციების რიცხვის ზრდას;

"გაერთიანებული ერების წევრთა უმეტესი ნაწილი აცნობიერებს სპორტის როლს მათი ქვეყნების მომავალი განვითარებისთვის, ცხოვრების ხანგრძლივობის გაზრდისთვისა და ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, - თქვა ბოლოს სოკ-ის პრეზიდენტმა. - ყოველდღიურ ცხოვრებაში სპორტის ინტეგრაციის თაობაზე მსოფლიო თანამეგობრობის ახალ წევრთა მისწრაფება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მივუახლოვდით საბოლოო მიზანს".

როგე ნიუ იორკიდან პირდაპირ პეკინში გაფრინდა რიგით მე-14 კონფერენციაზე, რომელსაც "სპორტი ყველასთვის" ჰქვია. ეს ღონისძიება ოლიმპიურმა კომიტეტმა პეკინის განვითარების ასოციაციასთან ერთად მოაწყო. დღეს ეს ფორუმი უდიდესი მნიშვნელობისაა. დელეგატთა რიცხვი 527-ს აღწევდა, ურიცხვი იყო ჟურნალისტთა რაოდენობა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სწორედ ეს კონფერენცია იღებს საკუთარ თავზე მასობრივი ფიზკულტურულ-სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას.

როგორც ჩანს, სოკ-ის პრიორიტეტები იცვლება, ან მსოფლიოში სიტუაცია ითხოვს სპორტისადმი სხვაგვარ მიდგომას. ცნობილია, რომ სპორტში უმაღლეს მიღწევებს საფუძველი მასობრივ ფიზკულტურაში ეყრება. ყოველ შემთხვევაში როგეს ბოლო გამოსვლები სწორედ ამაზე მიუთითებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული