"თბილისი-2015" - კონკურსი ლოგოსა და სლოგანზე

AutoSharing Option
ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი "თბილისი-2015" ლოგოსა და სლოგანზე ახალ კონკურსს აცხადებს.

ამის შესახებ დღეს მაჩაბლის 11-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სადაც სეოკ-თან ერთად ეს ორგკომიტეტიცაა განთავსებული. ცვლილებების საჭიროება ახალმა მოთხოვნამ გააჩინა, თორემ თამაშებს ლოგოც ჰქონდა და - სლოგანიც. თავის დროზე ორივემ კარგადაც იმუშავა და ამ თამაშების მასპინძლობა ჩეხურ ბრნოს მოვუგეთ, მაგრამ ახლა უკვე სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ. თუნდაც იმიტომ, რომ სლოგანი - "ჩვენ ვიწყებთ" სადღეისოდ მოძველებულია.

სწორედ ამიტომ დღეიდან - 2011 წლის 27 ნოემბრიდან ცხადდება კონკურსი ახალ
ლოგოსა და სლოგანზე, რომელიც ორ თვეს გაგრძელდება და ზუსტად 2012 წლის 27 თებერვალს დასრულდება.

კონკურსში მონაწილეობა ყველას შეუძლია, თუმცა აუცილებელია არცთუ ისე მკაცრი მოთხოვნების დაცვა: ლოგოც და სლოგანიც უნდა იყოს ლაკონური, მარტივი, სადა, ადვილად აღსაქმელი და სარეკლამო დაფებსა თუ მედია-საშუალებებში იოლად განსათავსებელი. ერთი სიტყვით, არ უნდა იყოს გადატვირთული, ხოლო სლოგანი მარტივად წარმოსათქმელი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

თან ორივე უნდა გამოხატავდეს როგორც თამაშების არსს, ისე - მასპინძელ ქვეყანასა და ქალაქს.

მსურველებს საკუთარი ნამუშევრის განმარტებების თანხლებით ჟიურიმდე მიტანა ორი გზით შეუძლია - ელექტრონული ფოსტით ან დისკზე ჩაწერილი სახით. გამარჯვებულს ხუთკაციანი ჟიური გამოავლენს, რომელშიც ჟურნალისტები ნინო დარასელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და ვატო სამხარაძეა გაერთიანებული. თუმცა გამარჯვებულს ქომაგებიც გამოავლენენ ფაცებოოკ-ის მეშვეობით, ნამუშევარი, რომელიც მნახველთა ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

თუმცა მთავარი პრიზი მაინც სპეციალური ჟიურის რჩეულს ერგება - ორკაციანი საგზური ლონდონის ოლიმპიადაზე და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სრული ეკიპირება.

კონკურსის მიმდინარეობისას სხვა წამახალისებელი პრიზების დაწესებაცაა განზრახული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული