ყველა დროის ყველაზე დიადი შოუ

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბოლო ინსპექცია ჩაატარა ლონდონში მოახლოებული ზაფხულის თამაშების წინ.

კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგე კმაყოფილი დარჩა ლონდონის მზადყოფნით. ბოლო შემოწმების დროს სოკ-მა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინა ოლიმპიური ობიექტების მდგომარეობაში, ხოლო ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი თამაშების სტუმრებს სრულ უსაფრთხოებას დაპირდა.

"ლონდონი ყველა დროის ყველაზე დიად შოუს გიჩვენებთ!" - ხმამაღლა განაცხადა პრემიერმინისტრმა. მართლაც, კემერონს აქვს სიხარულის საბაბი. ინსპექციის შემდეგ ჟაკ როგემ თქვა: "ყველაფერი ძალიან მოგვეწონა".

კემერონმა თავის რეზიდენციაში, პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება და აღიარა, რომ მომავალ თამაშებზე მისი მთავარი პრიორიტეტი
სწორედ ეს საკითხი იქნება.

"თამაშების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველაზე მასშტაბური იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში", - ამაყად განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა. ოლიმპიადაზე უსაფრთხოების ორგანიზებისთვის ბრიტანეთის ხელისუფლებამ 533 მილიონი ფუნტი დახარჯა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა უსაფრთხოების არასაკმარისი დონის გამო. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა დაამშვიდა ოკეანისგაღმელი კოლეგები. მისი თქმით, ლონდონის გარეუბნებში განთავსდება "დედამიწა-ჰაერის" რაკეტები.

კემერონის თქმით, ლონდონის მთავარი პრობლემა - ტრაფიკი იქნება. მაგრამ ეს არასერიოზული პრობლემაა. "საცობებმა იკლო, - აღნიშნა მან. - ბოლო პერიოდში ჩვენი გზების გამტარობამ აშკარად მოიმატა".

"გაქვთ თუ არა შენიშვნები უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის მხრივ?" - ჰკითხა როგეს პრემიერმინისტრმა, რაზეც შვეიცარიელმა მოკლედ უპასუხა: "არა".

ლონდონის თამაშების ბიუჯეტი - 9.3 მილიარდი ფუნტია (შედარებისთვის, პეკინის ოლიმპიადის ორგანიზებისთვის 35 მილიარდი დაიხარჯა, სოჭი 2014-ის ბიუჯეტი 28 მილიარდს უდრის). კემერონმა თავისი გამოსვლის დროს არ დაივიწყა ინვესტორებისთვის მადლობის გადახდა. "მათ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარეს", - შეაქო ინგლისური, შოტლანდიური, უელსური და ჩრდილოირლანდიური კომპანიები ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.

შეხვედრის შემდეგ კემერონმა რეზიდენციის ბაღში ბადმინტონის თამაში გადაწყვიტა - ის ახალგაზრდა სპორტსმენებს გაეჯიბრა. როგეს ამ ბატალიებში მონაწილეობა არ მიუღია.

შეგასხენებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადა 27 ივლისს გაიხსნება და 12 აგვისტოს დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული