თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ლოგოს შესარჩევი კონკურსი დასრულდა

AutoSharing Option
თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ლოგოს შესარჩევი კონკურსი დასრულდა.

ლოგოს და სლოგანის შესაქმნელად კონკურსი ორი თვის განმავლობაში 27 დეკემბრიდან 27 თებერვლამდე მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 200-ამდე კონკურსანტმა მიიღო, რომელთაგანაც ჟიურიმ დღეს ერთი საუკეთესო გამოარჩია.

საუკეთესო ლოგოს ავტორს, ია დარახველიძეს ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზატორებმა საჩუქრად ლონდონის ოლიმპიური თამაშების ორი საგზური გადასცეს.

დღესვე დაჯილდოვდა კონკურსანტი, რომლის ნამუშევარმაც Facebook-ზე ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

სოციალური ქსელის მომხმარებლების რჩეული ლოგოს ავტორს, ია მოსაშვილს, საჩუქრად საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სრული ეკიპირება გადაეცა.

"თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების განცხადებით,
კონკურსის დასრულების მიუხედავად, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, იქნება თუ არა გამარჯვებული ლოგო ოლიმპიური ფესტივალის სიმბოლო. მათი თქმით, ერთი მხრივ, გაგრძელდება მუშაობა გამარჯვებული ლოგოს დასახვეწად და გარდა ამისა, საორგანიზაციო კომიტეტი განაგრძობს ნამუშევრების მიღებას და საბოლოოდ არჩევანს საუკეთესო ვარიანტზე შეაჩერებს.

ლოგოს და სლოგანის საბოლოო ვერსია საზოგადოებისთვის, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული