ლიცენზიანტი პარალიმპურშიც გვყავს

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების დამთავრებიდან ორი კვირის შემდეგ ინგლისის დედაქალაქში პარალიმპური თამაშებიც გაიმართება.

საქართველოს ამ შეჯიბრებაზეც ეყოლება წარმომადგენელი - შოთა ომარაშვილი, რომელმაც დუბაის სალიცენზიო ტურნირზე წოლჭიმში 135 კილოგრამი დასძლია და საგზურიც მოიპოვა.

30 წლის შოთა ომარაშვილი გურჯაანელია. ბავშვობიდანვე დაჰყვა მყესების დაჭიმულობა. ორჯერ ოპერაციაც გაიკეთა, მაგრამ სპეციალისტებმა მისი სრულად გამოჯანმრთელება მაინც ვერ შეძლეს.

შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, შოთა ადრეული ასაკიდან ჩაება სპორტში. 17 წლის იყო, მკლავჭიდში რომ დაიწყო ვარჯიში. ორი წლის შემდეგ პარალიმპური კომიტეტის გენერალური მდივნის, გიორგი წასიძის ინიციატივით გიორგი ბილაშვილთან
ძალოსნობაში მოსინჯა ძალები.

მწვრთნელისა და შეგირდის ნაყოფიერმა გარჯამ შედეგიც გამოიღო - შოთამ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, შარშან ზაფხულს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველად იასპარეზა იორდანიის საერთაშორისო ტურნირზე. წოლჭიმში მაშინ 120 კილოგრამი დაძლია და მე-4 ადგილი დაიკავა. რვა თვის შემდეგ არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში პირადი რეკორდი გააუმჯობესა და სალიცენზიო ნორმატივიც შეასრულა.

- დუბაიში ორი ძალოსანი წავიყვანეთ, - გვითხრა საქართველოს პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტმა ლევან ოდიშარიამ. - 60 კილოში შოთა ომარაშვილი გამოდიოდა, 90 კილოში - პეკინის პარალიმპური თამაშების მონაწილე იაგო გორგაძე, რომელმაც წოლჭიმში 171 კილოგრამი დაძლია და მე-6 ადგილი დაიკავა. სალიცენზიო ნორმატივი იაგომაც შეასრულა, მაგრამ, რადგანაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი საგზური გაიცემოდა, საერთაშორისო პარალიმპურმა ორგანიზაციამ და შეჯიბრების ორგანიზატორებმა უპირატესობა ომარაშვილს მიანიჭეს.

ლონდონის პარალიმპური თამაშების მეორე საგზურის მოპოვების შანსიც გვაქვს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოცურავეთა შარშანდელი ევროპის პირველობის მესამე პრიზიორი ნიკა თვაური მონდომებით ემზადება ბრასში და 15 მაისამდე სალიცენზიო ტურნირზე აუცილებლად გამოვა. ნავთობკომპანია "ბიპის" დახმარებით ორივე სპორტსმენს ორ-ორ საწვრთნელ შეკრებას ჩავუტარებთ...

12 აპრილს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში შოთა ომარაშვილს შეხვედრა მოუწყვეს. ლიცენზიანტ სპორტსმენს სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი მიესალმა და ლონდონის პარალიმპურ თამაშებში გამარჯვება უსურვა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შოთა ომარაშვილის წარმატება, რადგან საქართველოს ლონდონის პარალიმპურ თამაშებში წარმომადგენელი ეყოლება. ესეც არ იყოს, შოთამ მაგალითი მისცა ადამიანებს, თუ როგორ უნდა აკეთონ ის საქმე, რაც უყვართ. ვაფასებ მის გარჯას და ვულოცავ ლიცენზიას. ვიმედოვნებ, რომ იგი ლონდონშიც გვასახელებს", - თქვა გია ნაცვლიშვილმა.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული