ჩირაღდანი ალუმინის სხვადასხვა შენადნობისგან არის დამზადებული. მასალა სპეციალურად არის შერჩეული იმისთვის, რომ ჩირაღდანი ერთდროულად მსუბუქიც იყოს და გამძლეც. დიზაინი თავისებურია - ჩირაღდანს რვა ათასი ნახვრეტი აქვს. ეს რიცხვი შემთხვევით არ არის არჩეული - სწორედ ამდენი ად
შემთხვევით არ არის არჩეული ჩირაღდნის სამკუთხა ფორმა - ის სამ ოლიმპიურ ღირებულებას გამოხატავს: პატივისცემას, ხელოვნებასა და მეგობრობას; სამ სიტყვას ოლიმპიური დევიზიდან და აგრეთვე - მესამე ოლიმპიადას ბრიტანეთში.
ხორცზე უარს იტყვიან
ჩინელმა ოლიმპიელებმა უარი თქვეს ძროხის, ღორისა და ცხვრის ხორცზე. ადგილობრივი პრესის ცნობით, ისინი შიშობენ, რომ ხორცი შეიძლება შეიცავდეს ნივთიერებებს, რომელიც დადებით დოპინგსინჯს დააფიქსირებს.
ხორცის ნაცვლად, ოლიმპიური ნაკრების წევრები შესაბამის კალორიებს თევზისა და პროტეინული დანამატების საშუალებით მიიღებენ. ცნობილია, რომ საწყლოსნო სახეობების წარმომადგენლები უკვე 40 დღეა, არ მიირთმევენ ხორცის პროდუქტებს; არადა, ლონდონის ოლიმპიადის დაწყებამდე 100 დღეა დარჩენილი.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში რეგულარულად ხდება სკანდალური ისტორიები იმასთან დაკავშირებით, რომ მწარმოებლები გემოს გასაუმჯობესებლად ან პროდუქტის მასის მოსამატებლად სხვადასხვა სახის ქიმიურ დანამატს იყენებენ. რაც შეეხება კონკრეტულად ხორცს, ხშირია ისეთი დანამატების გამოყენება, რომელიც ადამიანში კუნთის მასის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს.
კერძოდ, არც ისე დიდი ხნის წინ ღორის ხორცში აღმოჩენილ იქნა სპორტსმენებისთვის აკრძალული პრეპარატი - კლენბუტეროლი. ამ ნივთიერების გამოყენებისთვის დღეს ბევრი ათლეტი იხდის დისკვალიფიკაციას.
ბოლტის კარგი წინათგრძნობა
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ადამიანი უსაინ ბოლტი აცხადებს: ჩემი სურვილია, ისევ შევძრა მსოფლიო ახალი რეკორდებითო. 25 წლის იამაიკელი ამბობს, რომ თუ ის შეძლებს ისეთი წარმატებით გამოსვლას, როგორც ეს ოთხი წლის წინ პეკინში გააკეთა, მაშინ სამუდამოდ დარჩება მსოფლიო სპორტის ისტორიაში.
"ყველა მოუთმენლად ელის იმას, რომ 100 მეტრი 9.4 წამში, 200 მეტრი კი 19 წამში გავირბინო. ორივე შედეგი ფანტასტიკური იქნებოდა, - ამბობს BBC-ისთან კომენტარში ბოლტი. - ასე რომ, მონდომებით ვვარჯიშობ, რათა მაქსიმალურად სწრაფად გავირბინო ორივე სპრინტი. მაყურებელს მხოლოდ ჩემი სირბილის ნახვა არ დააკმაყოფილებს - მათ რეკორდების ხილვა სურთ. თუ ლონდონში შევძელი ამის გაკეთება, ცოცხალი ლეგენდა გავხდები. ცოცხალი ლეგენდა, რომელიც სხვებთან ერთად დააბიჯებს დედამიწაზე - ცუდად არ ჟღერს”.
სოჭი ინგლისურზე გადავა
2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქის - სოჭის მთავრობა აპირებს თამაშების წინ ქალაქის მოსახლეობას შეასწავლოს მარტივი ფრაზები და გამონათქვამები ინგლისურ ენაზე.
როგორც რუსული სააგენტოები წერენ, სხვადასხვა ინგლისური სიტყვა და ფრაზა, რომლებსაც დართული ექნება რუსული თარგმანი, ქალაქში ყველგან შესამჩნევი იქნება - სარეკლამო ბანერებზე, სხვადასხვა პლაზმურ პანელზე, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საერთო ჯამში, თამაშების დაწყებამდე მოქალაქეებს 662 ფრაზის შესწავლის შანსი მიეცემათ. ვარაუდობენ, რომ სოჭის მცხოვრებლები, ყოველ დღე, საშუალოდ, ხუთ ახალ სიტყვას შეისწავლიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"