სეოკ-მა 23-ე და 24-ე ავტოგრაფი მიითვალა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში 1 მაისს ლიცენზიანტთა დაფაზე ხელმოწერის მორიგი ცერემონიალი გაიმართა, სადაც რიგით 23-ე და 24-ე ავტოგრაფი თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, ევროპისა და ოლიმპიურმა პრიზიორმა ოთარ თუშიშვილმა (66) და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ბრინჯაოსმედალოსანმა სოსო ჯაბიძემ (96) დატოვეს.

საგზურები მათ გასულ უქმეებზე ჩინურ ტაიუანში გამართულ სალიცენზიო ტურნირში მოიპოვეს, სადაც თუშიშვილი მეორეზე გავიდა, ჯაბიძე - მესამეზე, ოღონდ მერე უშუალოდ ოლიმპიური საგზურისთვის გამართული დამატებითი შეხვედრაც მოუგო მეორე ბრინჯაოს მფლობელს, უნგრელ ევროპის ჩემპიონ ბალასც კისის.

ამით "თავისუფლებმა" ნაკრები სრულად შეავსეს, რაც დამოუკიდებლად არსებობის
მანძილზე პირველად მოხდა. ბერძენ-რომაელთათვის კი ეს მესამე ლიცენზიაა და მარაგის რამდენადმე შესავსებად კვლავაც დიდი გარჯა მართებთ. თუმცა საამისო შანსიც ნაკლებია, რადგან მხოლოდ ერთი შეჯიბრება დარჩათ, რომელიც მომავალ უქმეებზე ჰელსინკში ჩატარდება.

ხელმოწერის ცერემონიალის პარალელურად პრესკონფერენციაც გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე უძღვებოდნენ. სპორტსმენებს ორივემ მიულოცა წარმატება.

გია ნაცვლიშვილი: "უპირველესად, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ვულოცავ, რომლებმაც ბოლომდე შეავსეს გუნდი. თუმცა რაოდენობაზე უფრო საყურადღებო ჭიდაობის ხარისხია - შვიდივე მათგანს შეუძლია ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლა.

ბერძენ-რომაელებს კიდევ ერთი სალიცენზიო შეჯიბრება დარჩათ და დარწმუნებული ვარ, კიდევ დაიმატებენ საგზურებს. მინდა მივულოცო თუშიშვილსა და ჯაბიძეს ჩინეთში მოპოვებული წარმატება. ორივემ ნამდვილ ბრძოლაში დაიმსახურა ლიცენზია"
.

კახა გეწაძე: "მეც მინდა, ორივე სპორტსმენს მივულოცო ეს ლიცენზია, რაც მართლაც დაძაბულ ორთაბრძოლაში დაიმსახურეს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ოლიმპიურ ციკლში საგზურების მოპოვება ბევრად უფრო რთული იყო, მაგრამ "თავისუფალთა" ნაკრებმა შვიდივე საგზური აიღო.

საინტერესოა, რომ მათ გუნდი სრულად ისტორიაში პირველად შეავსეს. ბერძენ-რომაელებთან იყო გარკვეული პრობლემები, რაც სალიცენზიო მარაგსაც დაეტყო, თუმცა მჯერა, რომ ქართველი მოჭიდავეები ლონდონში წარმატებით გამოვლენ"
.

გამომსვლელებმა სინანული გამოთქვეს, რომ ბერძენ-რომაელთაგან გეგეშიძეს და ფერსელიძეს სულ ცოტა დააკლდათ ლიცენზიამდე - წაგებულ შეხვედრებში ორივემ მოიგო პირველი პერიოდი, დაწინაურდა მეორეშიც, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ დამარცხდა.

ნაცვლიშვილმა ეს არასაკმარისი ფიზიკური მომზადებით ახსნა. მერე კი ლიცენზიების ზოგად თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ 24-ზე გაჩერებას არ აპირებენ. მან კვლავ გამოთქვა იმედი, 30 საგზურამდე ავალთო.

ბერძენ-რომაელები ბოლო შანსის დასაუფლებლად ჰელსინკში ამ საღამოს გაფრინდებიან. ბეგი დარჩიას იქ, ძირითადად, ჩინეთში ნაჭიდავები შემადგენლობა მიჰყავს: ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60), ვლადიმერ გეგეშიძე (84) და გურამ ფერსელიძე (120).

მწვრთნელმა ერთადერთი ცვლილება 55-ში გააკეთა, სადაც ლაშა გოგიტაძეს ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი ქემალ ხარაბაძე შეცვლის. შაბათს ჩვენებურთაგან ხარაბაძე, ლაშხი და გეგეშიძე იჭიდავებენ, ფერსელიძე კი კვირას იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ფინეთში წონაში მხოლოდ ორ-ორი საგზური გაიცემა, ანუ მის მოსაპოვებლად ფინალში გასვლაა აუცილებელი.

დასასრულს "თავისუფალთა" ნაკრებზეც გეტყვით, რომელიც 12-13 მაისს ბაქოში მსოფლიოს თასზე იჭიდავებს. მწვრთნელები ამ ტურნირს ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად იყენებენ და ამიტომ იქ ლიცენზიანტებიც გამოვლენ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (55), ოთარ თუშიშვილისა და გიორგი გოგშელიძის (96) გარდა.

თუშიშვილის ამბავი გასაგებია - ახლახან გამოვიდა შეჯიბრებაზე, იმ ორმა კი ორი კვირის წინ სოფიაში იასპარეზა ევროპის ზონის სალიცენზიო ტურნირში და ამ ეტაპზე სტარტი არ სჭირდება. ბაქოში მწვრთნელებს გიორგი ედიშერაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), ზურაბ იაკობაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96) და დავით მოძმანაშვილი (120) მიჰყავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული