ბაქოს და დოჰას 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე უარი უთხრეს

AutoSharing Option
კანადის პროვინცია კვებეკში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი შეიკრიბა, რომელმაც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის პრეტენდენტთა რიცხვი ხუთიდან სამამდე დაიყვანა.

წინასაარჩევნო მარათონს გამოეთიშნენ დოჰა და ბაქო. ასე რომ, 2020 წლის ზაფხულის თამაშების მასპინძლობისთვის იბრძოლებენ: ტოკიო, მადრიდი და სტამბოლი.

მათ შორის გამარჯვებული 2014 წლის 7 სექტემბერს გაირკვევა, როცა ბუენოს აირესში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მორიგი სესია გაიმართება.

როგორც სააგენტო AP-ს აღმასკომის ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა, გადაწყვეტილება მათ ოლიმპიური კომიტეტის მიერ მომზადებული ტექნიკური შეფასებების მიხედვით მიიღეს. ამის შემდეგ, აღმასკომის 12 წევრმა თითოეულ
განაცხადს უყარა კენჭი - შეეყვანა თუ არა ესა თუ ის ქალაქი კანდიდატთა სიაში.

როგორც გაირკვა, ტოკიოს კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი, ერთით ნაკლები ხმა ჰქონდა სტამბოლს, იმ დროს, როცა ბაქოს აღმასკომის არც ერთმა წევრმა არ დაუჭირა მხარი, დოჰას კი სამი ხმა ერგო.

მიუხედავად იმისა, რომ კატარმა ფეხბურთში 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარების უფლება მიიღო, სოკ-მა არადამაჯერებლად მიიჩნია დოჰას ამბიციები. ბაქო კი ზედიზედ მეორედ ვერ შევიდა კანდიდატთა სიაში.

რაც შეეხებათ სიაში მოხვედრილებს, მადრიდი ზედიზედ მესამედ ეცდება ოლიმპიადის მიღებას, ტოკიო - მეორედ, სტამბოლი კი მეხუთედ ცდის ბედს.

აღმასკომზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება იაპონურმა განაცხადმა მოახდინა, რომელსაც "ძალიან ძლიერი" უწოდეს. სოკ-ს მადრიდიც მოეწონა, მაგრამ მისი შეფასებისას სიტყვა "ძალიან" არ გამოუყენებიათ. თურქული პროექტი დაახასიათეს, როგორც "კარგი პოტენციალის მქონე".

ბაქოს განაცხადს ოლიმპიურმა კომიტეტმა "სუსტი" უწოდა. მიზეზი - "საერთაშორისო ტურნირების ჩატარების მინიმალური გამოცდილება და
ინფრასტრუქტურის არარსებობაა".

დოჰას ყველაზე სერიოზული ნაკლი - ზაფხულის სიცხის გამო ოლიმპიადის ოქტომმბერში ჩატარების იდეაა. სოკ-ის აზრით, ამან, შესაძლოა, ცუდად იმოქმედოს სატელევიზიო კონტრაქტებზე, რადგან შემოდგომაზე ბევრი დიდი ტურნირი იმართება. შესაბამისად გამოდის, რომ კატარი ვერასოდეს მიიღებს ოლიმპიადას, რაზეც აღმასკომის ერთ-ერთმა წევრმა, შვეიცარიელმა დენის ოსვალდმა განაცხადა: "ხანდახან ცხოვრება არასამართლიანია".

არა ბაქოსა და დოჯას (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აღარ იბლატავებენ ეხა... ეაეწვათ კუჭი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული