ლონდონი 2012-ის ლიცენზიანტები: მანუჩარ ცხადაია - ვერცხლის კაცი

AutoSharing Option
მანუჩარ ცხადაია
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - 66 კგ.
დაიბადა: 19.03.1985 წ, ხობში
მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსანი (2009, 2011), ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2012) და მესამე პრიზიორი (2009)
პირველი მწვრთნელი: მამუკა ყორშია, მწვრთნელი - ვაჟა კრავეიშვილი
ჰობი: მუსიკა
ოლიმპიადის დებიუტანტი

მანუჩარ ცხადაიაზე უფრო უიღბლო მოჭიდავე ძნელად რომ მოიძებნოს. ათასობით მოჭიდავე ისე ამთავრებს კარიერას, მსოფლიოსა თუ ევროპის პირველობების ფინალში ერთხელაც ვერ გადის. ამან კი სამჯერ იჭიდავა ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრების გადამწყვეტი შეხვედრა, თუმცა დამარცხდა და ჯერჯერობით "ვერცხლის კაცად" რჩება.

მის ადგილას ბევრი გატყდებოდა, ბევრი ჩაიქნევდა ხელს, ის
კი კვლავაც რჩება წონის ერთ-ერთ ფავორიტად და ლონდონის ოლიმპიადაზეც მედლის კანდიდატთა შორისაა.

ცხადაია უიღბლოა იმითაც, რომ მსაჯებს იშვიათად თუ დაუჩაგრიათ ვინმე ისე უნამუსოდ, როგორც მას მოექცნენ 2009 წლის მსოფლიოს პირველობის ფინალში აზერბაიჯანელ მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ფარიდ მანსუროვთან - მაშინ, თამამად შეიძლება ითქვას, ოქროს მედალი მკერდიდან ჩამოხსნეს და მეტოქეს დაჰკიდეს.

საჭიდაო სამყარო არაობიექტურობითა და უსამართლობით ვერავის გააკვირვებს, მაგრამ ყველაზე უმოწყალოდ დაჩაგრულთა რეიტინგი რომ შედგეს, ის მოწინავეთა შორის მოხვდებოდა.

კარგ ფალავნობასთან ერთად, ცხადაია იმდენად კარგი მოსაუბრეც აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ, მისი მონათხრობი მონოლოგად შემოგთავაზოთ.

გზა ფეხბურთიდან ჭიდაობამდე
- ჭიდაობაში ვარჯიში 1995 წელს დავიწყე მამუკა ყორშიასთან, 2001 წლიდან კი თბილისში გადმოვედი ვაჟა კრავეიშვილთან და დღემდე მასთან ვარ.

თავიდან ფეხბურთში დავიწყე ვარჯიში, თუმცა მოგვიანებით მწვრთნელმა ფრიდონ გოცირიძემ, ჩემი კატეგორიული უარის მიუხედავად, საჭიდაო დარბაზში მიმიყვანა. ბავშვების ამბავი მოგეხსენებათ და, ფეხბურთის გარდა, ხშირად ვჭიდაობდით, ოღონდ ჩვენთვის, გასართობად და არა საშეჯიბრო მიზნით.

ისე ხდებოდა, რომ გამარჯვება უმეტესად მე მრჩებოდა და გოცირიძემაც გადაწყვიტა, შესამოწმებლად მოჭიდავეთა მწვრთნელთან მივეყვანე. იქაც მნახეს, მოვეწონე და ჭიდაობაში დარჩენა მირჩიეს, საამისოდ უფრო მეტი მონაცემი გაქვს, ვიდრე - ფეხბურთისთვისო. ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე, ჭიდაობას უფრო შევეფერებოდი, ვიდრე - ფეხბურთს. ფიზიკური ძალითაც გამოვირჩეოდი და - ჟინითაც. ალბათ, მწვრთნელებმაც ამიტომ დაასკვნეს, რომ უფრო საჭიდაო მონაცემები მქონდა.

ოღონდ ეს მათი აზრი იყო. მე კი არაფრით მინდოდა ასეთი გაცვლა და პატარა ბავშვს რაც შემეძლო, ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდი მათ. თუმცა არც მწვრთნელები მომეშვნენ, სახლშიც კი მოვიდნენ და საქმეში მშობლებიც ჩარიეს.

დედ-მამაც მირჩევდა, უფროსებს დაუჯერე, იმათ უკეთესად იციან და ცოტა ხანი მაინც ივარჯიშე, ნახე, თუ მოგეწონებაო. ამდენი დავიდარაბისა და ამდენი ხალხის შეწუხების შემდეგ ძლივს დამიყოლიეს, მაგრამ თავიდან გამიჭირდა.

პირველ ხანებში სახლიდან ჭიდაობაზე რომ გამიშვებდნენ, მაინც ფეხბურთზე მივდიოდი. ამას ისიც ემატებოდა, რომ დარბაზში არც პირობები იყო - სკოლის ბუფეტში ვვარჯიშობდით, საშინელ ვითარებაში. სამწუხაროდ, იქ ბევრი არც ახლა შეცვლილა რამე - დარბაზში წყალი ჩადის და როცა წვიმს, ერთი კუთხიდან მეორეში გადააქვთ ლეიბები.

ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვვარჯიშობდი ჭიდაობაში და თანდათან მომეწონა. მალე რაიონის პირველობაზეც გამომიყვანეს. მოგეხსენებათ, ხობი პატარა რაიონია, სადაც არაა დიდი კონკურენცია.

ამიტომ იოლად გავიმარჯვე, რაც მესიამოვნა და სტიმულიც მომემატა. ამას რეგიონული შეჯიბრებები, საქართველოს პირველობა და სხვა ტურნირები მოჰყვა, სადაც წარმატებით ვჭიდაობდი. ასე თანდათან გამიჯდა სპორტის ამ სახეობის სიყვარული და შემოვრჩი კიდეც, რასაც ოდნავადაც არ ვნანობ.

ვფიქრობ, რასაც მივაღწიე - ნებისყოფის ხარჯზე. თან გვერდში ისეთი ხალხი აღმოჩნდა, რომელთა ღალატიც არაფრით არ შეიძლებოდა. უპირველესად - კრავეიშვილი და მისი მეუღლე, რომლებიც ყველანაირად მეხმარებოდნენ.

მათი დახმარება რომ არა, იქნებ თავიც დამენებებინა. ეს საკითხი ისე რეალურად არ დამდგარა, მაგრამ დამხმარე ბევრს ნიშნავს. ოჯახი კი მეხმარებოდა, რაც შეეძლო, მაგრამ დიდ სპორტს სხვანაირი თანადგომა სჭირდება.

კრავეიშვილის ოჯახი სწორედ ამ გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში მეხმარებოდა - ფინანსურად იქნებოდა თუ სხვა კუთხით.

მაშველი რგოლი ხობიდან
- ხობის რაიონმა დიდი როლი შეასრულა ჩემს კარიერაში - მათი დახმარება რომ არა, იქნებ ნაკრებში ჩემი დებიუტი კიდევ კარგა ხნით გადადებულიყო. ამაში გადამწყვეტი ხობის ფინანსური დახმარება აღმოჩნდა 2009 წელს, როცა მათი ხელშეწყობით უნგრეთში წავედი "დიდ პრიზზე".

იმხანად კარიერა არცთუ მთლად სასურველად მიდიოდა - საქართველოს პირველობის სამი ფინალი მქონდა წაგებული, ჩემპიონობას ვერაფრით ვახერხებდი და ჯერ კიდევ ბევრი მქონდა დასამტკიცებელი. უნგრეთში წასვლამდე პირველი ნომერი არ ვიყავი და ვერც ფედერაციის დაფინანსებულთა სიაში მოვხვდი.

სამაგიეროდ, ხობის გამგეობამ მომცა იქ წასასვლელი ფული, რაშიც ძალიან დიდი როლი ითამაშეს კრავეიშვილმა და ყორშიამ. ის ტურნირი მოვიგე, კონკურენტებსაც ვაჯობე და ნაკრების ხელმძღვანელობამ ევროპის ჩემპიონატზე წამიყვანა, სადაც ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე.

შემაფერხებელი... სიჩქარე
- ალბათ, ყველაზე ცუდი, რაც საჭიდაო თვალსაზრისით გამაჩნია, ესაა სიჩქარე. ვიცი, რომ ამაზე მსაყვედურობენ და ვიღებ ამ შენიშვნას. სამწუხაროდ, ხშირად მართლაც ზედმეტს ვინდომებ ხოლმე, რასაც ხშირად წაგება მოსდევს.

თუნდაც ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალი გავიხსენოთ, სადაც 12 წამით ადრე დავმარცხდი ჩემივე შეცდომის ხარჯზე. უკვე სამი დიდი შეჯიბრების ფინალი წავაგე და იქნებ ვინმემ თქვას, სხვანაირი - წაგებულის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდაო, მაგრამ არაა ასე. უბრალოდ, ზედმეტი თავდაჯერებით ვაგებ, რასაც ეს სიფიცხე და აზარტიც ემატება.

ამ სამი წაგებული ფინალიდან გული ყველაზე მეტად წლევანდელზე მწყდება, ევროპის პირველობაზე. იქნებ 2009 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხი გამახსენოთ აზერბაიჯანელ მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ფარიდ მანსუროვთან, როცა კვარცხლბეკზე ცრემლებს ვერ ვიკავებდი.

თუმცა იქ მსაჯმა წამართვა გამარჯვება, თორემ მე მოსაგებად თითქმის ყველაფერი გავაკეთე, აქ კი რუს რომან ვლასოვთან ჩემივე შეცდომებით წავაგე. ამ მარცხში მსაჯებს ვერ დავადანაშაულებ.

შარშან სტამბულში მსოფლიოს პირველობის ფინალში ირანელ საეიდ მოურად აბდვალისთან წაგება დასანანი კი იყო, მაგრამ იმაზე იმდენად არ მწყდება გული - მეტოქე ჩემზე ძლიერი იყო და ალალად მომიგო, ვერაფერს ვიზამდი. ვლასოვთან შეხვედრა კი ყველაზე დასანანია.

არ მინდა, იგივე შეცდომები განმეორდეს და მსურს, ეს ჭკუის სასწავლებელი იყოს. მით უფრო, ოლიმპიადა მოდის...

სამი წაგებული ფინალი
- ძალიან ძნელია ამდენი წაგებული ფინალის მოგონება. სხვას იქით დავარიგებდი ჭკუას, ამდენი მარცხი არ გეპატიება, ერთი მაინც უნდა მოგეგო-მეთქი. სამი წაგებული ფინალი მართლაც მეტისმეტია, არავის ვუსურვებ ამის განცდას. ღამეები არ მიძინია ამაზე ფიქრში.

საკუთარ თავთან მარტო როცა ვრჩები, ძალიან მენანება ეს ყველაფერი. შედეგზე უფრო მეტად ის მენანება, ამდენი შრომის შემდეგ ერთი ნაბიჯი რომ გაკლდება მიზნამდე. ძალიან მწყდება გული, რომ საქართველოს ჰიმნი ვერ ავაჟღერე, ჩვენი დროშა ვერ ავაფრიალე. არადა, ამ ოცნებასთან სამჯერ ვიყავი ახლოს.

ოლიმპიადა - მთავარი სამიზნე
- ოლიმპიადისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიდის - აქედანვე დავიწყე წონის დაკლება, რაც ყოველთვის სერიოზულ პრობლემად მედგა.

ეტაპობრივად დავიკლებ, რათა ორგანიზმი შეეგუოს და ოლიმპიადას უფრო ენერგიულად შევხვდე. მზადების პროცესში ყურადღება მაინც უფრო ფიზიკურ მომზადებაზე უნდა გავამახვილოთ, მაგრამ თან ძალებიც უნდა გადავანაწილოთ, რომ ოლიმპიადას ფორმის პიკში შევხვდე.

შარშან სტამბულში სწორედ ამის გამო წავაგე - ფინალამდე კარგად ვიჭიდავე, მაგრამ ფინალში ძალა არ მქონდა. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა - კრავეიშვილიც, ნაკრების თავკაცი ბეგი დარჩიაც და ნაკრების სხვა მწვრთნელებიც.

ამბობენ, რომ ოლიმპიადა სულ სხვა ტურნირიაო და ალბათ, ასეცაა. ოლიმპიადა ისაა, რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძვი, საბოლოო შედეგის მისაღწევად კი მობილიზება აუცილებელია.

წინასწარ ძნელია პროგნოზების გაკეთება, მაგრამ კარიერაში უკვე საკმარისი შეცდომები დავუშვი, რაც დასკვნების გამოსატანად კმარა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებას ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც მომზადებული, სრულ სპორტულ ფორმაში შევხვდე.

ვერცხლის კაცი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოლიმპიური ოქროთი დააგვირგვინებ შენს მონდომებას....
zaza sigu
13:33 01-06-2012
0
იქნებ ჯაბიძის ინტერვიუც დაბეჭტოთ
lasha
12:09 01-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული