დოპინგში მხილებულ სპორტსმენს ოლიმპიადას არ აღირსებენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) კიდევ ერთხელ გაახმოვანა ინიციატივა იმის შესახებ, რომ ანტისადოპინგო წესების სერიოზულმა დამრღვევებმა უნდა დაკარგონ ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება იმ შემთხვევაშიც, თუ დისკვალიფიკაციის ვადა თამაშების დაწყებამდე იქნება გასული.

ანტისადოპინგო კოდექსში მსგავსი ცვლილება იმით არის გამოწვეული, რომ აპრილის ბოლოს სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ გააუქმა წესი, რომელსაც ბრიტანეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იყენებდა: მისი მიხედვით, დოპინგის მიღებაში გამოჭერილ ბრიტანელ სპორტსმენს სამუდამოდ ეკრძალებოდა ოლიმპიადაზე გამოსვლა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში საარბიტრაჟო სასამართლომ ასევე გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც, ნახევარ წელზე მეტით დასჯილ სპორტსმენს მომდევნო ოლიმპიადაზე
გამოსვლის უფლება არ ჰქონდა.

WADA-ს ახალ კოდექსს სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში შეისწავლიან და შეიძლება 2013 წელს დაამტკიცონ.

ტიტანიკის ნაკვალევზე
ბელფასტში დაიწყო ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ჩრდილოირლანდიური ნაწილი, რომელიც ამ ქვეყანაში ხუთდღიან ტურს ითვალისწინებს.

ესტაფეტა დაიწყო იმ დოკებიდან, რომლებშიც თავის დროზე ლეგენდარული ლაინერი "ტიტანიკი" აიგო.

მოგვიანებით ჩირაღდანმა პატარა დაბა ჰოლივუდში გაიარა, საიდანაც არის წარმოშობით თანამედროვე გოლფის ვარსკვლავი რორი მაკილროი.

ჯერჯერობით ესტაფეტა ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა პოლიცია სრულ მზადყოფნაშია. საქმე ისაა, რომ ირლანდიის რესპუბლიკური არმიის აქტივისტებმა გამოაცხადეს, რომ ესტაფეტის ჩაშლა აქვთ გადაწყვეტილი. მოგვიანებით ოლიმპიური ჩირაღდანი დუბლინში გადაინაცვლებს.

20 წლის ჩემპიონი წავიდა
სპორტულ ტანვარჯიშში 20 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა შონ ჯონსონმა საბოლოოდ გადაწყვიტა კარიერის დასრულება.

ასეთი გადაწყვეტილება მარცხენა მუხლის ტრავმით არის გამოწვეული, რომელიც სპორტსმენმა 2010 წელს თხილამურებით სრიალისას მიიღო.

ჯონსონის თქმით, მას ძალიან უნდოდა, ლონდონის ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრებს დახმარებოდა, მაგრამ ვარჯიშების დროს ტკივილს ვეღარ გაუმკლავდა. ჩემპიონი უახლოეს მომავალში გააგრძელებს კოლეჯში სწავლას, აგრეთვე საქველმოქმედო მოღვაწეობასაც დაიწყებს.

"დღემდე ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ არ შემიძლია ლონდონში ჩემი გუნდის დახმარება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი მუხლი ვერ უძლებს ტკივილებს. ერთადერთი, რაც შემიძლია გულშემატკივრისთვის გავაკეთო, ეს არის სპორტიდან ლამაზად წასვლა", - განაცხადა ჯონსონმა.

ბუდაპეშტიდან ლონდონამდე
25 წლის უნგრელი ნორმან ვარგა აპირებს, 50 დღეში გაირბინოს დაახლოებით 2000 კილომეტრი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტიდან ლონდონამდე, რაც 50 მარათონულ დისტანციას უდრის. მოხალისე მორბენალი ბრიტანეთის დედაქალაქში ჩასვლას 27 ივლისს აპირებს – სწორედ ამ დღეს იხსნება ლონდონში ოლიმპიური თამაშები.

ამ აქციით ვარგას სურს, მეტი ყურადღება დაეთმოს ახალგაზრდების პრობლემებს მთელ მსოფლიოში. 16 წლის ასაკში უნგრელი ტრამვაის ქვეშ მოხვდა და მარცხენა ხელის მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა ექიმებმა შეძლეს მისი სიცოცხლისუნარიანობის აღდგენა.

ვარგა ასევე მონაწილეობდა შერეულ ორთაბრძოლებში. თავისი გარბენის დროს უნგრელი გაივლის სლოვაკეთის, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, ბელგიისა და ჰოლანდიის ტერიტორიებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული