თბილისი - 2015. ოლიმპიური ფესტივალი

AutoSharing Option
6 ივნისს ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დაამთავრა ევროპის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთა ოთხკაციანმა დელეგაციამ, რომელიც "თბილისი-2015"-ის მზადებას გაეცნო.

თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის სლოვაკი თავმჯდომარე იოზეფ ლიბა და ამავე კომისიის წევრები, ჩეხი კატერინა ნიცოვა, სერბი ჯორჯ ვისაცკი და ბერძენი სტრატოს კარეტოსი იმყოფებოდნენ. ლიბა ადრეც იყო ჩამოსული ასევე საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად.

სტუმრებმა დაათვალიერეს მომავალი ფესტივალის ჩასატარებლად შეგულებული სავარაუდო ბაზები, რომელთაგანაც ზოგიერთის მასპინძლობა გადაწყვეტილია, ზოგის საკითხი კი ჯერაც გაურკვეველია - სპორტის სასახლე, ვერის ბაღი, ეროვნული სტადიონი, სპორტკომპლექსები "ქარიშხალა", "არენა", სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროს დარბაზი, ხელბურთის სკოლა გლდანში, ძიუდოს აკადემია დიღომში. მოინახულეს თბილისის ზღვის ის ნაწილი, სადაც განზრახულია ოლიმპიური სოფლის გაშენება, გაეცნენ სოფლის მაკეტს, შეხვდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ვლადიმერ ვარძელაშვილს. 6 ივნისს კი, შუადღისას, შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს ფესტივალის პროგრამაში შეტანილი ცხრა სახეობის (კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ცურვა, ველოსპორტი, ტანვარჯიში, ძიუდო) ფედერაციების პრეზიდენტებთან.

ევროპელებმა, ძირითადად, დადებითად შეაფასეს აქაური სპორტული ბაზების ამჟამინდელი მდგომარეობა, თუმცა შენიშვნებიც გამოითქვა.

ფესტივალის სპორტულმა დირექტორმა, სპორტის სამინისტროს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ირაკლი სამყურაშვილმა მკაფიოდ განმარტა, რომ კონკრეტულ სახეობაში შეჯიბრების ჩატარების მთელი სიმძიმე, საორგანიზაციო საკითხები სრულად გადადის ფედერაციების მხრებზე.

ხელმძღვანელი სტრუქტურები მხოლოდ დაეხმარებიან ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებაში, თუმცა შეჯიბრებათა ღირსეულად ჩატარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ფედერაციებს ეკისრებათ და ამიტომ მათ სრული მობილიზება სთხოვა.

სწორედ ეს ფაქტორი - ქართული ფედერაციების გამოუცდელობა იქცა შეხვედრის ერთ-ერთ საკვანძო თემად. დაასახელეს სამი ფედერაცია, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაში - ცურვა, ველოსპორტი და სპორტული ტანვარჯიში.

აუცილებელია, მათ ფესტივალამდე გარკვეული, თუნდაც რეგიონული მასშტაბის საერთაშორისო რანგის შეჯიბრებები გამართონ და მიიღონ ორგანიზების გამოცდილება.

ითქვა, რომ ამ მხრივ ჩვენებს ძალიან გამოადგებათ გაისად ჰოლანდიურ უტრეხტში გასამართი ანალოგიური ფესტივალი.

ლიბამ ურჩია ქართულ მხარეს, გააგზავნონ იქ წარმომადგენლები, ოღონდ იქვე მიუთითა, ისეთები გაუშვით, რომლებიც 2015 წლამდე იმუშავებენ ფედერაციებში და ჰოლანდიაში მიღებულ გამოცდილებას კოლეგებს გადასცემენო. ანუ ლიბამ ლამის პირდაპირ გვითხრა, ტურისტებს ნუ გააგზავნით, პროფესიონალები შეარჩიეთო.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ კაკაბაძემ საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებაში დახმარება ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ნადირაძე დაინტერესდა, მოიწონეს თუ არა სტუმრებმა ველოტრასების სავარაუდო მარშრუტი. აღმოჩნდა, რომ თურმე მოიწონეს და იქ შეჯიბრების გამართვა დასაშვებად მიიჩნიეს.

სიმძიმე - ფედერაციებზე! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული