პრესკონფერენციას საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური კოორდინატორი რევაზ ჩომახიძე, პროექტის კოორდინატორი გიორგი ხაჩიძე და სპორტული კოორდინატორი ირაკლი სამყურაშვილი უძღვებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისს კომისიის სლოვაკი თავმჯდომარე იოზეფ ლიბა, წევრები - ჩეხი კატერინა ნიცოვა, სერბი ჯორჯ ვისაცკი და ბერძენი სტრატოს კარეტოსი სტუმრობდნენ, რომლებმაც ფესტივალის სამასპინძლოდ შეგულებული ობიექტები დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ კალათბურთს სპორტის სასახლე
ცხადია, ეს ბაზები ჯერ არაა მზად, მაგრამ, როგორც ხაჩიძემ გვითხრა, მათი დღევანდელი მდგომარეობით სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ და არსებითი ხასიათის შენიშვნები არ გამოუთქვამთ. ხაჩიძემ ისიც დასძინა, ამ ბაზებიდან ზოგიერთს რეორგანიზაცია სჭირდება, მაგრამ ეს დროის საკითხია და არა გადაუჭრელიო.
მაგალითად, კორტებს ტრიბუნები დაემატება. ბევრგან სათადარიგო დარბაზები არაა, მაგრამ სტუმრებთან შეთანხმდნენ, რომ საამისოდ ახლომდებარე შესაბამის ცენტრალურ ან უმაღლესი სასწავლებლების ბაზებს გამოიყენებენ, სათადარიგო მარტივი კონსტრუქციის აუზს კი "ოლიმპიკზე" ააგებენ.
სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ თბილისის ზღვაზე ასაშენებელი ოლიმპიური სოფლის პროექტით და ისიც უთქვამთ, ფესტივალების ისტორიაში საუკეთესო სოფელი იქნებაო.
სამყურაშვილმა დაადასტურა, რომ სტუმრები თბილისიდან კმაყოფილები წავიდნენ. თავის მხრივ კი, ყურადღება კვლავ რიგი ფედერაციების საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის გამოუცდელობაზე (ველოსპორტი, ცურვა, ტანვარჯიში) და გაისად ჰოლანდიურ უტრეხტში გასამართ ანალოგიურ ფესტივალზე ფედერაციების წარმომადგენელთა გაგზავნაზე გაამახვილა.
მან სიამოვნებით აღნიშნა, რომ ფესტივალის გამო ბავშვთა ასაკში ახლა ისეთ სახეობებში ტარდება ეროვნული ჩემპიონატები, ადრე ლაპარაკიც რომ არ იყო, ანუ გამოცოცხლდა ბავშვთა სპორტი. ეს ყველაფერი კი ქართულ სპორტს წაადგება.
ჩომახიძემ სამომავლო ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი დეკემბერში ისრაელში ჩასატარებელი ევროპის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთა გენერალური ასამბლეა იქნება, სადაც კონკრეტულად განიხილავენ ყველა მასპინძელ ბაზას. ამასთან, რიგითი სამუშაო შეხვედრებიც ბლომად გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"