ლონდონი 2012-ს ქართველი ტექნიკური დელეგატი ეყოლება

AutoSharing Option
ლევან ახვლედიანი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ტექნიკურ დელეგატად დაინიშნა.

საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ახვლედიანი საერთაშორისო ფედერაციაში სპორტის ამ სახეობის განვითარების კომისიის წევრია 2002 წლიდან.

20 ივნისს ის იყო "ლელოს" სტუმარი ახალი რუბრიკისთვის "ჩვენები საერთაშორისო სპორტულ სტრუქტურებში". მისი გვარიც მოვინიშნეთ სარედაქციო გეგმაში, რომ ლოზანადან (შვეიცარია), სადაც ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციაა განთავსებული, სასიხარულო ცნობა მივიღეთ - ლევან ახვლედიანი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ტექნიკურ დელეგატად დაინიშნა.

20 ივნისს ლევანს ტელეფონით შევეხმიანეთ: "მოხარული ვარ, რომ ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ჩემზე შეაჩერა არჩევანი და მეტად საპასუხისმგებლო მისია დამაკისრა.

ისევე, როგორც სპორტსმენისათვის, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა საამაყო წარმატებაა სპორტის ჩინოვნიკისათვის და ამ დიდ ფორუმში მონაწილეობა მის კარიერაში მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება.

ჩემთან ერთად იმუშავებენ წარმომადგენლები ისეთი დიდი საფრენბურთო ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ბრაზილია, აშშ, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია. როგორც ვიცი, პირველი ქართველი ვარ, რომელსაც საერთაშორისო ფედერაციამ ანდო სპორტის კონკრეტულ სახეობაში ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე კონტროლი.

ასე რომ, ორმაგად გახარებული ვარ - ერთი მხრივ, ჩემს პატარა ქვეყანას წარმოვადგენ და მეორე მხრივ იმით, რომ აქამდე ამ რანგში ქართველს არ უმუშავია სპორტის არცერთ ოლიმპიურ სახეობაში" - გვითხრა საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ახვლედიანმა.

ვულოცავთ!
თენგიზ თომაშვილი

პირველი საქართველოდან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული