პატარა ჩინეთი და დიდი ამერიკა

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიადაზე ყველაზე წარმომადგენლობითი ნაკრები ამერიკას ეყოლება - ეს ქვეყანა ზაფხულის თამაშებზე 530 სპორტსმენს მიავლენს. საინტერესოა, რომ გუნდში ქალი სპორტსმენი უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცი: 269 261-ის წინააღმდეგ.

"ისინი დიადი ათლეტები არიან, რომლებიც გამოხატავენ, თუ რას ნიშნავს, იყო ამერიკელი, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ ბლეკმენმა. - ასევე ვამაყობ იმით, რომ პირველად ისტორიაში გუნდში უფრო მეტი ქალია, ვიდრე მამაკაცი".

ნაკრების ნახევარზე მეტი ოლიმპიადის დებიუტანტია, შვიდი სპორტსმენი მეხუთედ გამოვა თამაშებზე. ყველაზე გამოცდილი ოლიმპიელია 54 წლის კარენ ო’კონორი (ცხენოსნობა), ყველაზე
ახალგაზრდა - 15 წლის მოცურავე კეტი ლედეცკი.

ამერიკის ნაკრებში 76 ოლიმპიური ჩემპიონია, 124-ს სხვა სინჯის მედალი აქვს მოგებული.

* * *
"მოკრძალებულია" ჩინეთის ნაკრების შემადგენლობა - ამ გუნდში 396 სპორტსმენია, ანუ ჩინეთს ლონდონში 240-ით ნაკლები სპორტსმენი ეყოლება, ვიდრე პეკინის ოლიმპიადაზე. რაოდენობით ეს არის მესამე ნაკრები ჩინეთის ისტორიაში.

პეკინში ჩინელებმა 51 ოქროს მედლით პირველი ადგილი დაიკავეს. დღეს მათ გუნდში 29 ოლიმპიური ჩემპიონია.

სპორტსმენების რიცხვით ჩინეთს აღემატება ავსტრალია, რომელიც 410 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. თუმცა ეს ყველაზე პატარა დელეგაციაა გუნდისთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში.

სერიოზული მიზნები აქვს კორეის ნაკრებს, რომელიც 245 სპორტსმენისგან შედგება. ამ ქვეყნის ოლიმპიური ხელმძღვანელობა მინიმუმ 10 ოქროს გეგმავს და ამით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ათეულში მოხვედრის იმედი აქვს. კორეელებმა ამგვარ შედეგს ბოლო ექვსი ოლიმპიადიდან ხუთჯერ მიაღწიეს.

კორეა 26 სახეობიდან 22-ში მიიღებს მონაწილეობას. გამონაკლისია კალათბურთი, ჩოგბურთი, ცხენოსნობა და ნიჩბოსნობა. ნაკრების მედროშე იქნება 39 წლის ხელბურთელი იუნ კენ სინი, რომლისთვისაც ლონდონის ოლიმპიადა მეხუთე იქნება კარიერაში.

პეკინის ოლიმპიადაზე კორეელებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეშვიდე ადგილი დაიკავეს - მათ ანგარიშზე 13 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული