Time Line: ოლიმპიადა მოგვიახლოვდა, მოვიმარჯოვოთ წერაქვი

AutoSharing Option
გასულ შაბათს ძველი თაროები გადავქექე და ჟურნალი "მეცნიერება და ცხოვრებას" (наука и жизнь) რამდენიმე ნომერი ავარჩიე.

1979 წლის აგვისტოს ნომრით დავიწყე და ახლაც მაგიდაზე გადაშლილი მიდევს (წებოს ყავლი აქვს გასული და ფურცლები სანახევროდაა ამოვარდნილი).

მაინცდამაინც ის ნომერი შემხვდა, რომელშიც ოლიმპიადების ისტორიაზე ვრცელი სტატია ეწერა - ამოკრებილი იყო რამდენიმე საინტერესო ამბავი ჩეხი მეცნიერისა და მოგზაურის, ვოიცეხ ზამაროვსკის წიგნიდან "ოლიმპიის აღდგინება".

აქამდეც წამიკითხავს ოლიმპიადების ისტორიის შესახებ, მაგრამ პუბლიკაციის ბოლო სიტყვასთან წერტილს რომ გავცდი, მივხვდი:

არ არის სწორი - მომდევნო კვირას ლონდონში XXX
ოლიმპიადა დაიწყება.
სწორია - მომდევნო კვირას ლონდონში 223-ე ოლიმპიადა დაიწყება.

დიახ, ოლიმპიადების დაარსების ისტორიაში ლონდონის თამაშები რიგით 223-ე იქნება. რატომღაც ათვლას 1896 წლიდან საბერძნეთში გამართული პირველი თანამედროვე ოლიმპიადით ვიწყებთ, ის კი გვავიწყდება, რომ მანამდე ძველ ელადაზე 293-ჯერ აენთო ოლიმპიური ჩირაღდანი (ეს მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურებული რიცხვია).

თამაშები სხვადასხვა ისტორიული მოვლენის გამო არაერთხელ შეწყდა, თუმცა ძველი წელთაღრიცხვის 776 წელს შეჯიბრებებმა რეგულარული სახე მიიღო და მას მერე ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა. სწორედ 776 წელი ითვლება ოლიმიადების დაბადების თარიღად.

დაბადების ადგილი კი ბავშვმაც იცის - ოლიმპია. იგი მდებარეობს პელოპონესის ნახევარკუნძულის დასავლეთში, კრონოსის გორისა და მდინარე ალთეას შორის. მართალია, სადღეისოდ იქ 1000 კაცზე ნაკლები ცხოვრობს, მაგრამ საბერძნეთის ნებისმიერი მასშტაბის რუკაზეა დატანებული.

როგორი იყო პირველი სტადიონი, რატომ გადაწყდა ოლიმპიადების ჩატარება და საერთოდ, როგორ გამოიყურება ოლიმპიადების დაბადების ადგილი, ამაზე ვიოცეხ ზამაროვსკი მოგვითხრობს. იგი ძველი ოლიმპიადების ჟამთააღმწერელი (ჩვენებურად ჟურნალისტი) რომ იყოს, წერის სტილიც რეპორტაჟული იქნებოდა, მაგრამ იგი მსჯელობს სპორტისთვის ყველაზე ღირებულ ისტორიულ ძეგლზე, რომლის გათხრებზე არაერთხელაა ნამყოფი.

"ევროპელებმა ამერიკა აღმოაჩინეს, ჩავიდნენ ავსტრალიაში, ანტარქტიდაზე, ამოთხარეს დაკარგული ნინევია და ბაბილონი, ოლიმპიაზე კი მხოლოდ წერილობითი ცნობები არსებობდა. პირველად ანტიკური ოლიმპიური თამაშების ჩატარების ადგილი მე-19 საუკუნის ბოლოს გაითხარა, რამაც ხელი შეუწყო თანამედროვე ოლიმპიადების ჩასახვას.

საუკუნეების მტვერიდან გასუფთავებულმა ნაგებობებმა დაადასტურა წერილობითი ცნობები, რომ ოლიმპია ბერძნებისთვის წმინდა ადგილი იყო. იქ ათიათასობით ადამიანი იკრიბებოდა სპორტსმენთა სრულყოფილების სანახავად.

ფილოსოფოსები და პოლიტიკოსები საკუთარი შეხედულებების გასავრცელებლად ჩადიოდნენ, მხატვრები და მოქანდაკეები - შემოქმედების სახალხოდ გამოტანისთვის.

ოლიმპია ზევსის სამფლობელოდ ითვლებოდა. სწორე მისი ტაძარი იდგა ცენტრალურ ადგილას. იქაურობას ელინური ღმერთებისა და ოლიმპიური ჩემპიონების ძეგლები ამშვენებდნენ. თუნდაც ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რამდენედ ღირებული იყო ოლიმპიადაზე გამარჯვება.

რომაელები წერდნენ: მას, ვინც ზეთისხილის რტოს ატარებდა, ისეთივე ტრიუმფალურად ხვდებოდნენ, როგორც მეფეებსა და იმპერატორებს ომში გამარჯვების შემდეგ.

ალთიის წმინდა წრის (სადაც ზევსის ტაძარი მდებარეობდა) გარეთ სპორტული დაწესებულებები იყო: სტადიონი, იპოდრომი, გიმნასტების მოედანი, აუზები. ასევე ორგანიზატორთა საცხოვრებლები, სასტუმროსმაგვარი შენობა, მოქანდაკე ფიდიასის სახელოსნო და საპატიო სტუმართა "ლოჟები" იყო გამართული. იქვე ცხოვრობდნენ რელიგიური მსახურები და მოქანდაკეები, რომლებიც ჩემპიონების ფიგურებზე წლობით მუშაობდნენ. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ოლიმპია კარვებით ივსებოდა.

1952-61 წლებში არქეოლოგებმა ოლიმპიური სტადიონი მიწისაგან გაწმინდეს და მივიღეთ სწორედ ისეთი სახით, როგორიც 2200 წლის წინათ იყო. თუმცა უფრო ძველ ფენებში კიდევ ორი სტადიონი აღმოჩნდა. შესასვლელი ორიგინალური ჰქონდა: სპორტსმენებს არკაში უხდებოდათ გავლა, რომელიც გვირაბს უფრო მოგაგონებდათ, რადგან 30 მეტრი სიგრძისა იყო.

2200 წლის წინანდელი სტადიონი 212.5 მეტრი სიგრძისა და 31 მეტრი სიგანის სარგენი ბილიკი იყო. თუმცა ოლიმპიაში მთლად სწორკუთხა არ იყო, რასაც ოპტიკური გამართლება აქვს: სწორედ "დეფექტების" გამო შესასვლელიდან სპორტსმენის წინაშე პერსპექტივაში სწორკუთხად მოჩანდა.

სტადიონის გარშემო ოთხი გორა იყო (სამი ხელოვნურად აღმართული), რომლებიც 40-45 ათას მაყურებელს იტევდა. სხვათა შორის, ათენის სტადიონი 60-ათასიანი იყო, ხოლო ეფესისა - 70-ათასიანი. პერგამონის სპორტულ მოედანს სულაც სპეციალური გადახურვა ჰქონდა.

ოლიმპიაში სტადიონის სამხრეთით იპოდრომი მდებარეობდა (ბერძნულად: "ჰიპოს" - ცხენი, "დრომოს" - გზა, სირბილი). რა სახის შეჯიბრება ტარდებოდა, ამას თავადაც ხდებით, ერთს დავძენთ - სპორტსმენები საბრძოლო ეტლებზე ამხედრებულები ეჯიბრებოდნენ.

ცნობილია, რომ ეტლებით რბოლაში რომის იმპერატორი ნერონიც მონაწილეობდა. გაიმარჯვა კიდეც. თუმცა, იმასაც წერენ, კონკურენტებმა გასწრება ვერ გაბედესო.

მსაჯებისა თუ მეტოქეების მოსყიდვა ძველი ოლიმპიადებისთვის უცხო არ იყო. ოლიმპიას სტადიონის გვირაბიდან დაბრუნების შემდეგ 16 ლოდს შენიშნავთ, რომლებზეც ერთ დროს ბრინჯაოს ქანდაკებები იდგა.

პავსანიუსის ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ბრინჯაოს ფიგურები ჯარიმებიდან შესული ფულითა მზადდებოდა.

თითოეული ფიგურის პოსტამენტს ეწერა: "ოლიმპიური გამარჯვების მოპოვება არა ოქროთი და ვერცხლით, არამედ ფეხის სისწრაფითა და სხეულის სრულყოფილებით შეიძლება".

დადასტურებულია მორბენალთა მოსყიდვის სამი შემთხვევა; წინასწარი შეთანხმება კრივისას; ერთი შემთხვევა ვარჯიშზე დაგვიანების მიზეზების ახსნისას სიცრუის გამოყენებისა; სილაჩრის გამოვლენა, როცა სპორტსმნი მოედნიდან გაიქცა. ვინ იცის კიდევ რამდენი შემთხვევა დარჩა გაუხმაურებელი...

ოლიმპიაში კოლონებით დამშვენებული ერთ-ერთი შენობა გიმნასიუმი იყო, სადაც სწავლა-აღზრდის პროცესი მიმდინარეობდა.

თავიდან იგი მხოლოდ სპორტული აღზრდისთვის იყო. ამას სახელიც ადასრტუებს - "გიმნოს" ბერძნულად ფეხს ნიშნავს. ვარჯიშობდნენ სირბილში, მშვილდისა და დისკოს ტყორცნაში, ჭიდაობაში, ტანვარჯიშსა და კრივში. მოგვიანებით ამ დისციპლინებს ფილოსოფია, რიტორიკა და ხელოვნების ისტორია მიემატა...

დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში იზიდავდა ოლიმპია ელადის საუკეთესო სპორტსმენებს. მისდამი პატივისცემას რომაელი იმპერატორებიც იჩენდნენ, თუმცა თეოდოს I-მა ოლიმპიური თამაშები ისტორიას ჩააბარა - აკრძალა, როგორც წარმართული ღონისძიება.

426 წელს იმპერატორი თეოდოსი II-ის ბრძანებით ოლიმპია მიწასთან გასწორდა. რაც რომაელმა მმართველებმა დააკლეს, ორმა დამანგრეველმა მიწისძვრამ დაასრულა - 522 და 551 წლებში.

...ასე გაქრა ისტორიულ წიაღში ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიება. ათასი წელი უცდიდა ოლიმპია მტვრისგან გაწმენდას, ხოლო ოლიმპიური თამაშები - აღდგენას."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული