ბურგასის ტერაქტმა ლონდონში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები ისედაც აღელვებდათ ორგანიზატორებს - კერძო სტრუქტურას, რომელიც პასუხისმგებელია თამაშების მონაწილეთა დაცვაზე, დამატებით 3.5 ათასი სამხედრო შეაშველეს.
გარდა ამისა, 13.5 ათასი ბრიტანელი ჯარისკაცი იმუშავებს ამ მიმართულებით ოლიმპიადის დღეებში.
კონტრაქტი, რომელიც 2012 წლის თამაშების ორგანიზატორებმა დაცვის ფირმა G4S-თან გააფორმეს, მკაცრად გააკრიტიკა ბრიტანეთის ოპოზიციამ. პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა G4S-ს ოლიმპიადის პირველი
G4S-თვის განკუთვნილმა ჰონორარმა 84 მილიონ ფუნტს მიაღწია.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ედ მილიბენდმა მოუწოდა მთავრობას შეამოწმოს G4S-ის მხრიდან კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. გაუგებარია სიტუაცია, რომლის დროსაც ფირმას, რომელიც თამაშების უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს, ასეთი საკადრო დეფიციტი შეექმნა და საჭირო გახდა სამხედროების მიწვევა.
როგორც გაზეთი The Guardian წერს, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიებას აპირებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ლონდონში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული - ამისთვის 24 ათასი ადამიანია მობილიზებული.
როგორც ვთქვით, ყველაზე დიდ შეშფოთებას ლონდონელი ებრაელები გამოთქვამენ, რომელთა რაოდენობა 200 ათასს აღწევს. ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში ორგანიზაციაც კი შეიქმნა სახელწოდებით - "ებრაელთა ოლიმპიური საორგანიზაციო კომიტეტი-2012". ის ბევრ საკითხს კურირებს, მათ შორის სამგლოვიარო ღონისძიებას, რომელიც მიუნხენის ტრაგედიის 40 წლისთავს მიეძღვნება.
მაშინ, 1972 წლის ოლიმპიადაზე ისრაელის ნაკრების 11 სპორტსმენი დაიღუპა. ისინი ოლიმპიურ სოფელში მძევლად აიყვანეს "შავი სექტემბერის" ორგანიზაციის წევრებმა. ამ ინციდენტის შემდეგ, მომავალ ოლიმპიადებზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდა, თუმცა ტრაგიკული შემთხვევები მოგვიანებითაც იყო. მაგალითად, 1996 წელს, ატლანტას თამაშების დროს, ოლიმპიური პარკში ბომბი აფეთქდა, რომელმაც რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა.
შემდეგ სამ ოლიმპიადაზე მოახერხეს ასპროცენტიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სიდნეიში ტერორისტებისთვის უბრალოდ შეუძლებელი იყო შეღწევა, პეკინში ამაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. ათენის ოლიმპიადის კულუარებში მოისმენდით ლაპარაკს იმის შესახებ, რომ ბერძნებმა, უბრალოდ, ტერორისტთა ლიდერებთან მოლაპარაკება მოახერხეს.
2001 წლის 11 სექტემბერის ტრაგედიის შემდეგ, სოლტ-ლეიკ-სიტის ზამთრის თამაშებზე უმკაცრესი ზომები მიიღეს. ამერიკელი მცველები უცერემონიოდ ამოწმებდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებს - მათ ქამრებს ხსნიდნენ და ბუტერბროდებს პირიდან აცლიდნენ.
ჯერჯერობით არ დგას დღის წესრიგში ისრაელის ნაკრების წევრების განსაკუთრებულად დაცვა ოლიმპიურ სოფელში.
"ჩვენ ვაფასებთ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დიდ ფინანსურ დანახარჯებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამბობს ისრაელის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ეფრაიმ ზინგერი. - ჩვენ ვენდობით ბრიტანელ პროფესიონალებს, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან თავიანთ სამუშაოზე".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"