ბრიტანელებმა ოლიმპიადასთან გამოსამშვიდობებლად ქვეყნის პოპმუსიკის საუკეთესო წარმომადგენლების მიწვევა გადაწყვიტეს. ჯგუფები - Take That, The Queen, Pet Shop Boys, Kaiser Chiefs, Elbow, One Direction, Oasis - ეს არის შემსრულებელთა არასრული სია.
როგორც "ტელეგრაფი" წერს, სპეციალურად დახურვის ცერემონიისთვის ერთი დღით აღდგება ჯგუფი Spice Girls. სხვათა შორის,
როგორც ცნობილია, ვიქტორიას მეუღლე - დევიდ ბექჰემი არ შეიყვანეს ბრიტანეთის საფეხბურთო ნაკრებში.
როგორც უკვე ვწერდით, არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, გახსნის ცერემონიაზე დევიდი დაანთებს მთავარ ოლიმპიურ ცეცხლს, მაგრამ თავად ფეხბურთელი ამაზე კატეგორიულ უარს ამბობს - მისი თქმით, ეს მისია ოლიმპიურ ჩემპიონს უნდა დაეკისროს.
შოუს ბოლო ნომერი იქნება ჯგუფ The Who-ს გამოსვლა, რომლის კომპოზიციის ფონზე იცეკვებს ბალერინა დარსი ბასელი და თან ოლიმპიური ცეცხლი ნელ-ნელა ჩაქრება.
ასევე, გაიჟღერებს Queen-ის ლეგენდარული სიმღერა - Bohemian Rhapsody. გარდა ამისა, პატივს მიაგებენ ლეგენდარული ჯონ ლენონის ხსოვნას. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანელი სუპერმოდელები კეიტ მოსი, ნაომი კემპბელი, ლილი კოული და ჯორჯია მეი ჯეგერი - ისინი პოდიუმზე დევიდ ბოუის ჰიტების - Fashion-ისა და Rebel Rebel-ის ფონზე ჩაივლიან.
იმ დროს, როცა 10 ათასი სპორტსმენი სარბენ ბილიკზე ჩაივლის, დიდ ეკრანებზე გეგმავენ ოლიმპიადის საუკეთესო მომენტების ჩვენებას. ამასთან, სრულ პროგრამას ორგანიზატორები არ ამხელენ.
"გვინდა რამდენიმე სიურპრიზი საიდუმლოდ დავტოვოთ", - განაცხადა ღონისძიების კრეატიულმა დირექტორმა კიმ გავენმა. მან დაამატა, რომ ცერემონიის ყველა მონაწილე, ჰონორარის სახით, სიმბოლურ ერთ ფუნტს მიიღებს.
ოლიმპიურ ესტაფეტას ბრაზილიელი სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო გადაიბარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"