ლონდონი 2012-ის გახსნაზე გლოვა არ იქნება

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ უარყო პოლიტიკოსთა მოწოდებები იმის თაობაზე, რომ ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი 1972 წლის თამაშებზე დაღუპული ისრაელელი სპორტსმენების ხსოვნისთვის.

შეგახსენებთ, რომ იმ ოლიმპიადაზე პალესტინელმა ბოევიკებმა ტერაქტი მოაწყვეს, რომლის მსხვერპლი გახდა ისრაელის დელეგაციის 11 წევრი და ერთი გერმანელი პოლიციელი. ეს 1972 წლის 5 სექტემბერს მოხდა. ამ ტრაგედიის 40 წლისთავზე აშშ-ის, ისრაელისა და გერმანიის პოლიტიკოსებმა მოუწოდეს ოლიმპიურ კომიტეტს, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ დაღუპულთა ხსოვნისთვის.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ თამაშების გახსნის ატმოსფერო სრულიად არ არის შესაფერისი
იმისთვის, რომ ეს ტრაგიკული მომენტი გავიხსენოთ", - განაცხადა როგემ.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მონაწილეობას მიიღებს ცერემონიაში, რომელიც სექტემბერში გერმანიაში გაიმართება და ის 1972 წლის მოვლენებს მიეძღვნება. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ლონდონის თამაშების დროსაც აპირებს სპეციალური მიღების ორგანიზებას.

* * *
თავის ინტერვიუში როგემ საკუთარი ორგანიზაციის წარმატებად მიიჩნია ის, რომ ყველა ქვეყნის ოლიმპიურ ნაკრებში ქალი სპორტსმენი ირიცხება.

"თანასწორუფლებიანობა - უმნიშვნელოვანესი ასპექტია ჩვენს მოძრაობაში, - ამბობს როგე. - მოხარული ვარ, რომ ქალებს ყველა გუნდში ვხედავთ, რომლებიც ლონდონში ჩამოვიდნენ. მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ამ მიმართულებით. შემდგომშიც განვავითარებთ თანაბარ შესაძლებლობებს ორივე სქესისთვის".

პრეზიდენტმა ადეკვატური უწოდა ლონდონის ქუჩებში მიღებულ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს.

"იმას, რომ ლონდონის ქუჩებში ბევრ ჯარისკაცს ვხედავთ, აბსოლუტურად ნორმალურია, - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის შეფმა. - უსაფრთხოება - თამაშების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ასეთია რეალობა და ჩვენ მას უნდა შევეგუოთ. ჩემი აზრით, ეს ზომები არანაირ დისკომფორტს არ უქმნის სტუმრებსა და სპორტსმენებს".

რაც შეეხება ლონდონის მზადყოფნას თამაშებისთვის, როგე ჯერ თავს იკავებს შეფასებისგან:

"ბრიტანეთმა უდიდესი სამუშაო გასწია, მაგრამ არ მინდა ვიჩქარო შეფასებებში. ჩემი აზრით, ჯერჯერობით ყველაფერი სწორედ ისე მიდის, როგორც საჭიროა.

სხვანაირად არც უნდა ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ინგლისელებმა მოიგონეს სპორტი იმ სახით, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. მოხარული ვარ, რომ თამაშები სწორედ აქ ტარდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული