ედიშერ მაჩაიძე - ერთადერთი ქართველი მსაჯი ლონდონის ოლიმპიადაზე

AutoSharing Option
ედიშერ მაჩაიძე ერთადერთი ქართველი მსაჯია, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე იმსაჯებს - ის მოჭიდავეთა ტურნირს მოემსახურება.

ყოველი თამაშების წინ დიდი ინტერესით ვითვლით ლიცენზიებს, ოლიმპიელთა რაოდენობას და სულ ვცდილობთ, წინაზე უკეთესი მაჩვენებელი გვქონდეს, რასაც ვაღწევთ კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, მსაჯთა კორპუსი გეომეტრიულ რეგრესს განიცდის - ათენში თუ 4 მსაჯი გვყავდა, პეკინში მათი რაოდენობა განახევრდა, ახლა კი ერთზე ჩამოვედით... გულს იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ მაჩაიძე ლონდონში რიგითი არბიტრი არ იქნება - ლეიბის ხელმძღვანელად 12 რჩეულთა შორისაა.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია უხარისხო მსაჯობით გამოირჩევა და
ამდენად, მაჩაიძესთან სასაუბროდ უამრავი თემა გამოიკვეთა, რაზეც ჩვენმა რესპონდენტმა საინტერესოდ ილაპარაკა.

-ბუნებრივია შეკითხვა, რა კრიტერიუმებით არჩევენ მსაჯებს ოლიმპიადისთვის, რა გზა უნდა გაიარონ მათ თამაშებზე მოსახვედრად?
- შერჩევისას გადამწყვეტია ოთხწლიანი ოლიმპიური ციკლის ბოლო ორი სეზონის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები.

სწორედ აქ ყალიბდება კანდიდატთა ძირითადი ბირთვი, დაახლოებით 70-75 მსაჯი, თუმცა შარშან 67 ვიყავით. როგორც წესი, ეს რიცხვი ოლიმპიური წლის ევროპის ჩემპიონატზე 60-მდე დადის. თან წლეულს იმ ტურნირებს 3 სალიცენზიო შეჯიბრებაც დაემატა, რომელთაგანაც 1-ში უნდა მიგეღო მონაწილეობა, მაგრამ მე გუნდის ინტერესებისთვის მეტში გამოვედი.

ცხადია, ეს ზედმეტი რისკი იყო, რადგან როცა მოხვედრილი ხარ ოლიმპიადაზე, არ უნდა გარისკო, თორემ შეიძლება, რაღაც შარში გაეხვე და დაკარგო ადგილი, რაც რამდენიმე მსაჯს დაემართა კიდეც.

მაგალითად, ჩემს მეგობარს, ძალიან კარგ იტალიელ მსაჯ ქალბატონ ედიტა დოჩის, რომლის მეუღლე იტალიური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ჩემი ძალიან ახლობელია - ის სიიდან ბოლო სალიცენზიოზე ამოვარდა ჰელსინკში.

ფინეთშივე დაკარგეს ადგილი უკრაინელმა კოლენკოვმა, რომელმაც წინა თამაშებზეც იმსაჯა და კიდევ ორმა ინსტრუქტორმა, რომლებიც ლონდონში კი იმსაჯებენ, მაგრამ ჩამოაქვეითეს - მხოლოდ რიგითი არბიტრები თუ იქნებიან, ლეიბის ხელმძღვანელები კი - ვერანაირად.

საბოლოოდ 57 დავრჩით. ოლიმპიადაზე ოთხი ლეიბი იქნება და მე იმ 12 კაცში ვარ, რომლებიც ერთ-ერთ ლეიბს უხელმძღვანელებენ.

- ფინეთის ტურნირმა რატომ შეიწირა ამდენი მსაჯ-ინსტრუქტორი, ნუთუ მხოლოდ ისაა მიზეზი, რომ ბოლო სალიცენზიო შეჯიბრება იყო? ან არბიტრები რატომ მიდიან ასეთ რისკზე?
- ალბათ, მართლაც ესაა მიზეზი - ცოტა დაინტერესება, იქ ცალკეული ქვეყნების სურვილი, აიღონ ლიცენზია... თუმცა ძლიერი თუ ხარ, ვერავინ დაგჩაგრავს.

დაჩაგვრა მაშინ ხდება, როცა ძალთა ბალანსი 50/50-ზეა. ბუნებრივია, მსაჯთა სიმპათია ყოველთვისაა და მეტსაც გეტყვით - საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი არასოდეს მალავს სიმპათიებს თანამემამულე შვეიცარიელებისადმი, ღიად ქომაგობს მათ. მაგრამ როცა მეტოქეს აშკარად აჯობებ, ვერავინ წაგართმევს მოგებას. თუ ძალები თანაბარია, მაშინ მსაჯსაც შეუძლია, თავისი სურვილისამებრ მოიქცეს.

ცხადია, არბიტრთა ისეთი კატეგორიაც არსებობს, რომელსაც სინდის-ნამუსი არ აწუხებს და ჰგონია, რადგან მსაჯია, ყველაფრის უფლება აქვს, მაგრამ მასეთები 2-3 წელიწადი კი ასრულებენ ვიღაცის დაკვეთას და მერე უკვალოდ ქრებიან.

თუმცა ვართ კატეგორია, დაახლოებით 15-20 კაცი, რომლებიც საერთაშორისო ფედერაციის - FILA-ს სინდის-ნამუსი ვართ. თუ რამეა, FILA მუდამ ჩვენ გვიყენებს მაგალითად, აი, როგორი მსაჯები მყავსო. ჩვენს გადაწყვეტილებებს არ ასაჩივრებენ, რადგან გვენდობიან. მათ შორის - იმ თანაბრობის დროსაც, როცა ჩვენც საკუთარი შეხედულებით ვმოქმედებთ, მაგრამ იციან, ობიექტურ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

- ძალიან კარგი, მაგრამ გავიხსენოთ, როგორ წააგებინეს მანუჩარ ცხადაიას 2009 წელს მსოფლიოს პირველობის ფინალი აზერბაიჯანელ ფარიდ მანსუროვთან, ან - დავით მარსაგიშვილს ევროპის შარშანდელი ფინალი რუს ანზორ ურიშევთან. არადა, მაშინ ყველაფრიდან ეტყობოდა, რომ მსაჯი ჩემპიონად ჩვენებურ გამოსაცხადებლად ემზადებოდა, მაგრამ ლეიბის ხელმძღვანელმა სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ მსაჯის გაკვირვებული სახეც კარგად ჩანდა...
- სწორედ ამიტომ მაგ შეხვედრის მსაჯები - ვენესუელელი გონსალესი, რომელიც ცხადაიასთან იყო და გერმანელი ებერჰარტი, რომელმაც მარსაგიშვილის ფინალი იმსაჯა, აღარ არიან ოლიმპიურ კატეგორიაში და არც ლონდონში იქნებიან.

არადა, იმ დროს ორივე ვარსკვლავი იყო და ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრებიც იმსაჯეს. ცხადია, მათ მაშინ ბინძური შეკვეთა შეასრულეს, რასაც მოგვიანებით სხვა შეცდომებიც დაემატა და დღეს ისინი ოლიმპიადაზე არ არიან. ებერჰარტი ძალიან კარგი არბიტრია, ერთ-ერთი ავტორიტეტული, რომელმაც წინა წელს "ოქროს სასტვენი" მიიღო.

არ შეიძლებოდა, მას ასეთი შეცდომა მოსვლოდა, მაგრამ ალბათ, ესეც ვიღაცის გავლენით დაუშვა. მათ კატეგორია ჩამოაკლდათ - I-მდე ჩამოაქვეითეს და არათუ ოლიმპიადას, უკვე ევროპა-მსოფლიოსაც ვერ იმსაჯებენ. ახლა მათ თავიდან უნდა გაიარონ იგივე გზა და ხელახლა მოიპოვონ ოლიმპიური კატეგორია.

- მაშინ რატომაა გარიგებები ასეთი ხშირი, რაზეც ჩვენი მწვრთნელები ლამის მუდმივად ლაპარაკობენ?
- ძლიერ ფალავანთან რომ ვერაფერს ჩააწყობენ, ეს უკვე გითხარით, მაგრამ გაიხსენებთ ისეთ შემთხვევას, როცა მოიგეს და თქვეს, რომ მსაჯები მიეხმარნენ? ერთ მაგალითსაც თუ გამახსენებთ, ბოდიშს მოვუხდი ყველას.

სამაგიეროდ, ყველა წაგებაზე მსაჯები არიან დამნაშავენი. მე სულ ვთავაზობდი მათ და ახლაც ვთავაზობ - ნებისმიერი ტურნირის ვიდეოჩანაწერებს გადავხედოთ და ვნახოთ, რამდენჯერ მიეხმარნენ არბიტრები ჩვენს ფალავნებს, რამდენჯერ შეიძლებოდა ქულის მეტოქისთვის მიცემა და ასე შემდეგ...

10 შემთხვევიდან თუ 9-ჯერ ჩვენებს მიეხმარნენ, მაგრამ მაინც ის ერთი შემთხვევა ხდება სალაპარაკო, რა გაეწყობა... მე მუდამ შეჯიბრების კომპლექსურად, ანუ მთლიანობაში განხილვის მომხრე ვიყავი და არა ცალკეული შეხვედრებისა.

- ამბობენ, რომ გარიგებები მსაჯებისა და FILA-ს გვერდის ავლითაც ხდება, საკუთრივ გუნდებს შორის. ასეთი შემთხვევები ხშირია?
- გუნდებს შორის რა ხდება, ამის გაკონტროლება მართლაც ძნელია. ნაკრებების თუ ფედერაციების ხელმძღვანელობა 20-30 წელიწადია, ერთმანეთს იცნობს და ძნელია, განჭვრიტო, რას იზამენ ერთმანეთში.

ამას ისიც ემატება, რომ ბოლო წლებში ჩრდილოკავკასიელები მთელ მსოფლიოს მოედვნენ, ანუ სანაცნობო წრე გაფართოვდა. სპორტსმენებიც მეგობრობენ ერთმანეთში. ერთადერთი, რაც მართლაც "აქილევსის ქუსლია" FILA-ში, ესაა კუბელთა პრობლემა.

ისინი მართლაც ძლიერები არიან, მაგრამ დიდი ეჭვია, რომ უმეტესობა ყიდის შეხვედრებს. ყოველ შემთხვევაში, როცა ყველამ იცის, რომ მათ უნდა მოიგონ, იქ აგებენ. არადა, სადაც მოინდომებენ შედეგს, იქ დადებენ - ოლიმპიადა იქნება თუ მსოფლიოს პირველობა. თუ მიიჩნიეს, რომ სჭირდებათ მოგება, იგებენ კიდეც.

შეიძლება, უბრალოდ, გარიგებას ვერ უმტკიცებ მათ. ვერ გეტყვი, რატომ ყიდიან შეხვედრებს. შეიძლება იმიტომ, რომ კუბაში ბევრს არ უხდიან. ამ დროს კი იაფი ქვეყანაა, ცოტა დოლარიც კი დიდ ფულად ითვლება.

- ძიუდოში იგეგმება ეგრეთ წოდებულ ელიტარულ მსაჯთა გამოყოფა საერთო რეიტინგიდან, რომლებიც უმაღლესი რანგის ტურნირებზე ხელფასის სახით სოლიდურ ფულად ანაზღაურებას მიიღებენ. FILA-ც ხომ არ აპირებს ანალოგიურს? ეს მსაჯთა გარიგებებსაც შეამცირებდა, რადგან ხელფასს მოუფრთხილდებოდნენ...
- ასე კონკრეტულად ეს საკითხი არ დგას, მაგრამ ეგ აზრი ჩვენთანაც მუსირებს. მაგალითად, მე მსოფლიოსა და ევროპაზე საქართველოს ფედერაცია მაფინანსებს, ეს კი რაღაც დოზით ნეიტრალურობას გამორიცხავს. არადა, ეს ჩვენი უპირველესი მოვალეობაა.

არ იქნები ობიექტური და შენი ფედერაცია არ დაგაფინანსებს მომდევნო შეჯიბრებაზე. აი, სწორედ ამას ვეუბნებით FILA-ს და არის იდეა, ეს 60-70 არბიტრი 40-45-მდე შეზღუდონ და რაღაც მაგგვარი ფორმატით აუნაზღაურონ, მაგრამ ეგ ოლიმპიადის მერე თუ იქნება.

- წესებში ხომ არ იგეგმება ცვლილებები?
- ბოლო ორი წელიწადია, FILA გამოსავალს ეძებდა - წესებიც დაეხვეწა და ჭიდაობაც სანახაობრივი გამხდარიყო. დროის შემცირებამ ილეთის გაკეთების ალბათობაც შეამცირა, რადგან მეტი ტექნიკის საჩვენებლად მეტი დრო გჭირდება, როგორც ტაქტიკისთვის. ვითომ დაიღალა, ვითომ პასიურობს, ხელით იჭერს, მაგრამ ამ დროს ფალავანი ილეთს ამზადებს, მაგრამ დრო არ ჰყოფნის.

რასაც ადრე 5 წუთში აკეთებდა, ახლა 2-ში უნდა ჩაატაროს. ამიტომ FILA გამოსავალს ეძებდა. ორი წლის წინ მოსკოვში გამართულ მსოფლიოს პირველობას სოკ-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც FILA-ს ხელმძღვანელებთან ერთად განიხილავდნენ, რამდენად სანახაობრივი იყო ახალი წესები, მაყურებლისთვის რამდენად მიმზიდველია და ასე შემდეგ.

წესები, პრაქტიკულად, საბოლოოდ ლონდონში დაიხვეწა ტესტებზე, სადაც ყველა ვმონაწილეობდით. უკმაყოფილო არავინ დარჩენილა.

- კვალიფიკაციის მიხედვით რამდენ ჯგუფად იყოფიან მსაჯები და მსურველებმა ოლიმპიური კატეგორიის მოსაპოვებლად რა გზა უნდა გაიარონ?
- ოლიმპიადიდან ერთ თვეში ტაილანდში მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობაა, სადაც I კატეგორიის არბიტრებს შეუძლიათ კვალიფიკაციის ამაღლება. წლის განმავლობაში 3-4 ასეთი ტურნირია, სადაც მათ შანსი აქვთ.

კატეგორიებში უმაღლესია ოლიმპიური, რომელსაც რანგის მიხედვით მოსდევს I, II და III. ამჟამად საქართველოში I კატეგორიის 4 არბიტრი გვყავს - თემურ ყაზარაშვილი, მალხაზ ჯორბენაძე, ზაზა ჯიბლაძე და გელა ჯანელიძე.

II კატეგორიის იყო ვაჟა გოგიაშვილი, რომელიც გარდაიცვალა; III-ში კი გია კოტიშაძე და კიდევ ორი ახალგაზრდა გვყავს, რომლებმაც იმდენად ახლახან მიიღეს ეს კატეგორია, რომ ჯერ ოფიციალურად არც დამტკიცებულა.

ამდენად, რაოდენობას თანდათან ვზრდით და არც ხარისხი დაიწუნება - I კატეგორიის 4 მსაჯი ცოტა ნამდვილად არაა. ამათგან ყველას შეუძლია ოლიმპიურის რანგში ასვლა, თუმცა ეს ლიმიტირებულია - ქვეყანას 3-ზე მეტს არ აძლევენ ამ კატეგორიას და ვერც ოლიმპიადაზე იმსაჯებს ქვეყნიდან სამზე მეტი. მსოფლიოზე რამდენი ლეიბიცაა, იმდენი არბიტრის წაყვანა შეგიძლია, თუმცა იქაც, ძირითადად, სამი ხალიჩაა.

- დაბოლოს, თქვენი პროგნოზი ლონდონის ოლიმპიადასთან დაკავშირებით...
- ოლიმპიადა ისეთი რამეა, ბევრი გვახსოვს მსოფლიოს 4-5-გზის ჩემპიონები, რომლებიც 2-3 ოლიმპიადაზე გამოსულან და მედალიც ვერ აუღიათ, ან, მაქსიმუმ, ბრინჯაო. ეს არაორდინალური ღონისძიებაა, რომელიც არამარტო შეჯიბრებაა, არამედ - დიდი ემოციაცაა.

ამიტომ შეიძლება, ვისგანაც მედალს ველოდებით, იმან ვერაფერი იხეიროს და სრულიად მოულოდნელმა წარმომადგენელმა მოიპოვოს. ჩვენს ნაკრებებზე ლოგიკურად რომ ვთქვათ, ორივე გუნდი იმდენად ძლიერია, რომ მედლები უნდა მოიპოვონ.

ჩემი აზრით, შედარებით უფრო ძლიერი "თავისუფალთა" ნაკრებია, სადაც ახალგაზრდები არიან და ოლიმპიადის დატვირთვამ თუ არ დააბნია... მათ წინ კიდევ ელოდებათ ანალოგიური თამაშები, რადგან ასაკი ხელს უწყობთ.

ოღონდ წარმატებისთვის აუცილებელია, რომ თავად მოჭიდავეები ახალი ტექნიკური მარაგით ჩავიდნენ ლონდონში, თორემ რასაც აქამდე აკეთებდნენ, ეს უკვე ყველამ იცის. ბერძნულ-რომაულში უფრო დაღვინებული ფალავნებია, საჩემპიონო და საპრიზიორო ხალხი კი ორივეს ჰყავს. თუმცა აქ ბევრი რამეა დამოკიდებული წილისყრაზეც და სხვაზეც.

აქვე ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილზეც უნდა ვთქვა, რომელმაც ახლო საქმიანი ურთიერთობა დაამყარა მარტინეტისთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფედერაციის პრეზიდენტის გარდა, საერთაშორისო ფედერაციასთან სეოკ-ის პრეზიდენტსაც ასე ახლო ურთიერთობა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული