Time Line: რატომ გარბიან ვაჟები კისრისტეხით, როცა არავინ მისდევთ?!

AutoSharing Option
ზუსტად ერთი კვირის უკან ანტიკური ოლიმპიადების დედაქალაქ ოლიმპიაში ვიმოგზაურეთ, დავათვალიერეთ ყველა ძირითადი სპორტული არენა (ჩეხი მეცნიერის, ვოიცეხ ზამაროვსკის დახმარებით).

დღეს გავარკვიოთ, რა სახის შეჯიბრებები ტარდებოდა ოლიმპიაში, რაშიც კვლავ მისი წიგნი "ოლიმპიადის აღდგინება" დაგვეხმარება.

"სპორტული შეჯიბრებები ბერძნების მოგონილი როდია. შუმერის ქალაქ ნინთუში (თანამედროვე ბაღდადთან, ერაყში) აღმოჩენილია ბრინჯაოს ფიგურა, რომელიც ორ მუხლმოხრილ მოჭიდავეს წარმოგვიდგენს. ისინი ერთმანეთს ქამრებზე ეკიდებიან. ეს ნივთი, არც მეტი, არც ნაკლები, 4500 წლისაა.

ზუსტად ამავე პერიოდისაა ეგვიპტეში, პტახოტეპის სამარხის კედელზე ამოკვეთილი ჭიდაობის ეპიზოდების ამსახველი რამდენიმე ფრესკა. ერთში მხარზე წამოკიდებული
მოჭიდავეა გამოსახული. თანამედროვე ძიუდოს ილეთს მოგაგონებთ.

3900 წლის წინანდელ ეგვიპტურ სამარხში (ამენემხეტს ეკუთვნის) საინტერესო სცენას ვხვდებით: ერთ სპორტსმენს მეორე კისერზე აზის და ბურთით ეთამაშება ასეთსავე ამხედრებულ მეტოქეს.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე XIV საუკუნისაა ხეთური "დოქტრინა" ცხენების წვრთნის შესახებ, რომელშიც მითითებულია: როცა ცხენი ყველა შეჯიბრებას წარმატებით დაძლევს, მისი საბრძოლო შენაერთში გადაყვანაც შეიძლება.

ბერძნები პირველები არ იყვნენ, რომლებიც სპორტული შეჯიბრებებით დაინტერესდნენ, მაგრამ ისინი პირველად მიუდგნენ სპორტს, როგორც მეცნიერებას - ცდილობდნენ მიღებული შედეგები თეორიულად განემარტათ და დაეფიქსირებინათ. მათთვის მთავარი იყო სხეული სულთან ერთად ჰარმონიულად განვითარებულიყო. სწორედ ამ იდეალებს ემსახურებოდა ოლიმპიადაც.

ეს ზოგიერთი სხვა ქვეყნისთვის გაუგებარი იყო. მაგალითად, სკვითების მმართველ ანახარსს, ბერძენმა ბრძენმა სოლონმა სპორტული დაწესებულება გიმნასიუმი რომ უჩვენა, სტუმარმა გაიკვირვა: ვერ ვხვდები, რატომ გარბიან ვაჟები კისრისტეხით, როცა არავინ მისდევთ, ან დისკოს უაზროდ გადაგდებაზე ენერგიას რატომ ხარჯავენო...

სოლონმა განუმარტა:
- სიტყვით ვერ აღგიწერ, რაოდენ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სპორტსმენისთვის ოლიმპიადაზე გამარჯვება. გულშემატკივრის ტრიბუნიდან რომ ნახო სპორტსმენთა სხეულის სრულყოფილება, მათი თავდადება, შენც მოგინდება ხოტბის შესხმა და აღარ გაგიკვირდება, რატომ ვარჯიშობენ ასე თავგამოდებით.

ბერძნებში ყველაზე ძველი ფრესკა (3500 წლის წინანდელი), რომელიც სპორტს ეძღვნება, კრეტაზე, კნოსის სასახლეშია აღმოჩენილი - ახალგაზრდა ათლეტი ხარს რქებზე სწვდება, რათა ზედ გადაევლოს და ცხოველს ზურგსუკან მოექცეს. კონტინენტური ელადის მცხოვრებთათვის კი ყველაზე საყვარელი სახეობანი კრივი და ჭიდაობა იყო, რასაც შემდეგ სირბილი და ეტლებით რბოლა დაემატა.

ძველთაგანვე დიდი როლი ენიჭებოდათ მწვრთნელებს: 127-ე ოლიმპიადის (272 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე) გამარჯვებულ ვინმე კრატინს უთხოვია: ჩემს გვერდით მთავარ მოედანზე მწვრთნელის ფიგურაც დადგითო...

84-ე ოლიმპიადაზე (ძვ. წ. 444 წელი) ხუთჭიდის ჩემპიონ ტარენტელ ფილოსოფოს იკოსს მიაკუთვნებენ შეჯიბრებების წინ კვების მკაცრი რეჟიმის შემოღებას.

მოკლე მანძილზე, ერთ სტადიონზე სირბილი (192.27 მ) ოლიმპიადის პირველი, შემდგომში კი მთავარი დისციპლინა იყო, რაც თანამედროვე სპრინტს მოგაგონებდათ. მე-14 ოლიმპიადაზე (ძვ. წ. 724 წელს) "ორმაგი სირბილი" დაემატა, ხოლო მეთხუთმეტედან - დიდ მანძილზე სირბილი. დისტანცია ხშირად იცვლებოდა, 1356-დან 4615 მეტრამდე მერყეობდა.

მთავარი იყო, ათლეტს წელში გამართულს, მკერდამოზნექილს ერბინა, რათა მაყურებელს ესთეტიკური სიამოვნება მიეღო. სპორტის ამ დისციპლინაში დრო არ ინიშნებოდა. გაიმარჯვებდა ის, ვინც პირველი მივიდოდა დანიშნულების ადგილას. დარბოდნენ მუზარადებითა და სრული საბრძოლო არჭურვილობითაც.

ბერძნული მითების მიხედვით, ღმერთებიც ჭიდაობდნენ. მაგალითად, ზევსმა მამამისი კრონოსი სწორედ ოლიმპიაში დაამარცხა.

ჭიდაობის ყველაზე ძველი, დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი ჰომეროსის "ილიადაში" გვხვდება:

ოდისევსი ეანტს დაეჭიდა და შერკინება ყაიმით დასრულდა. ჭიდაობის ორი სახეობა იყო: "ორტოპალე" და "კატოპალე". პირველის დროს გამარჯვებულად ცხადდებოდა სპორტსმენი, რომლის მეტოქე მიწას თუნდაც მუხლს შეახებდა. მეორე სახეობაში ბრძოლა მიმდინარეობდა მანამ, სანამ მიწაზე დაცემული მოჭიდავე დანებების ნიშნად საჩვენებელ თითს არ ასწევდა.

ყველა სპორტსმენი სხვადასხვა ხერხით ჭიდაობდა. მაგალითად, სპარტელი კაცის საფლავზე ასეთ წარწერას ვხვდებით: "შესაძლოა, ზოგიერთი გამარჯვებას მოტყუებით ცდილობს. მე ძალის გამოყენებით ვამარცხებ ყველას, ისე, როგორც სპარტელს შეშვენის."

ჭიდაობა პირველად მე-18 ოლიმპიადაზე (ძვ. წ. 708 წელს) გამოჩნდა. ოლიმპიაზე მხოლოდ "ორტოპალეს" სტილში იბრძოდნენ.

23-ე ოლიმპიადაზე უკვე კრივი გამოჩნდა. ამ სახეობაში წესების მოგონებას ჰერაკლეს მიაწერენ, თუმცა წესები პირველმა ჩემპიონმა ონომასტმა ჩაწერა. თანამედროვესთან შედარებით, ანტიკური კრივი დაუნდობელი იყო:

ხელებზე ზონრებს იხვევდნენ და ბრძოლა გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ-ერთი ქვიშაზე არ დაეცემოდა და წამოდგომის ძალა აღარ შერჩებოდა. ძველად წელქვემოთ დარტყმის უფლებაც ჰქონდათ.

თუ შეტაკება დიდხანს გრძელდებოდა და გამარჯვებული არ ვლინდებოდა, მსაჯები, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, თერთმეტმეტრიანებს ნიშნავდნენ: წილისყრის შედეგად ირკვეოდა ის ბედნიერი, რომელსაც პირველს ეძლეოდა დარტყმის უფლება.

მეტოქეს უფლება არ ჰქონდა, ხელი სახეზე აეფარებინა. თუ პირველი დარტყმა არ გაჭრიდა, მაშინ თავად დამრტყმელი მიუშვერდა სახეს. ასე გრძელდებოდა, ვიდრე რომელიმე ქვიშნარზე არ აღმოჩნდებოდა.

კრივისა და ჭიდაობის ნაზავი, პანკრატიონი, პირველად 33-ე ოლიმპიადის (ძველი წელთაღრიცხვის 648 წელს) პროგრამაში შეიტანეს. სპორტის ამ სახეობასაც ჰქონდა აკრძალვები, არ შეიძლებოდა კბენა და კაწვრა. პლუტარქესთან ვკითხულობთ: "პანკრატიონზე ალკივიადმა მეტოქეს უკბინა. მოწინააღმდეგემ მიაძახა - ქალივით იკბინები! ალკივიადმა უპასუხა: ქალივით არა, ლომივით!"

ლეგენდის მიხედვით, ხუთჭიდს საფუძველი იაზონმა ჩაუყარა. მან კოლხეთში ნარჩევი სპორტსმენები იახლა, თუმცა მათგან საუკეთესო ხუთი იყო, რომლებიც სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში გამოდიოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იაზონმა ჩაატარა შეჯიბრება, რომელიც ხუთ სხვადასხვა სახეობას აერთიანებდა, რათა გამარჯვება რომელიმე მის მეგობარს დარჩენოდა. მოიგო პელევსმა, აქილევსის მამამ.

ხუთჭიდი ოლიმპიადებზე ძველი წელთაღრიცხვის 708 წელს გაჩნდა. იგი შეიცავდა სირბილს, სიგრძეზე ხტომას, შუბის ტყორცნას, დისკოს ტყორცნასა და ჭიდაობას. გამარჯვებულად ცხადდებოდა ის, ვინც სამ დისციპლინას მოიგებდა.

დისკო ხან ქვისგან მზადდებოდა, ხან - რკინისგან. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილთაგან ყველაზე მსუბუქია 1.86-კილოგრამიანი, ყველაზე მძიმე - 5.7-კილოგრამიანი.

ანტიკურ ოლიმპიადებზე გამოიყენებოდა შუბები, რომლებსაც პატარა ბორცვი ჰქონდათ (იქ, სადაც მსროლელებს საჩვენებელი თითი უნდა მოეკიდათ). ეს მცირე ელემენტი შუბის შორ მანძილზე ტყორცნას განაპირობებდა. თანამედროვეებმა ჩაატარეს ცდა - შუბოსანს ასროლინეს ბორცვიანი შუბი. მან თითქმის ორჯერ გააუმჯობესა თანამედროვე შუბით ნაჩვენები შედეგი.

სიგრძეზე მხტომელებს ხელში ტელეფონის ყურმილის ფორმის "ალტერები" ეპყრათ. დახტომისას მათ უკან ისროდნენ, რაც ნახტომის სიგრძეს აუმჯობესებდა. თუმცა "ალტერების" გამოყენება ნებაყოფლობითი იყო. ასევე ნებაყოფლობითი იყო მუსიკოსების (ფლეიტაზე დამკვრელების) მიწვევა. ზოგ სპორტსმენს ისინი რიტმულ მოქმედებაში ეხმარებოდნენ.

ოლიმპიადების დაარსებიდან ასი წელი იყო გასული, როცა პროგრამაში ეტლებით რბოლა შეიტანეს. თავიდან ოთხი ცხენი იყო შებმული, შემდეგ მათი რაოდენობა განახევრდა. ეტლებით მრბოლელნი სხვებისგან ერთი ნიუანსით გამოირჩეოდნენ - ოლიმპიადებზე სპორტსმენთა შორის მხოლოდ მათ ჰქონდათ ტანისამოსის ტარების უფლება.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი მზისა და ზღვის ქვეყანაა, საწყლოსნო დისციპლინები ოლიმპიადებზე არ იყო. ცხადია, ვერც სპორტის ზამთრის სახეობები იარსებებდა. ბერძნები დახელოვნებული მშვილდოსნები იყვნენ, მაგრამ არც მშვილდის ტყორცნა იყო ოლიმპიურ პროგრამაში, ისევე, როგორც ძალოსნობა.

თუმცა ოლიმპიის მუზეუმში ინახება ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნით დათარიღებული 143.5-კილოგრამიანი ქვა, რომელსაც აწერია: ბიბონმა თავზემოთ ერთი ხელით გადააგდო."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესო სტატიაა
glebi
06:35 28-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული