ბოლტი vs ბლეიკი
მძლეოსნობა, 100 მეტრი, მამაკაცები
ორი-სამი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უსაინ ბოლტს სარბენ ბილიკზე კონკურენტი ეყოლებოდა, მაგრამ დღეს უცნაურ სიტუაციასთან გვაქვს ადგილი: ამ სეზონში უსაინი აღარ მიიჩნევა პლანეტის უსწრაფეს ადამიანად. ბოლტს წაგებების სერია დაუგროვდა - შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე და წელს ორჯერ - იამაიკის პირველობაზე. სამივე შემთხვევაში უსაინის დამარცხება ვარჯიშებზე
ის, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში ტაისონ გაიმ და ასაფა პაუელმა ვერ შეძლეს, ამ “თავხედმა” იამაიკელმა ბიჭმა გააკეთა - მან გამოწვევა ესროლა ბოლტს და სწორედ ის მიიჩნევა ლონდონის მთავარ ფავორიტად. ბლეიკის წყალობით, 10 წამი სარბენ ბილიკზე ყველაზე საინტერესო გახდება ამ ოლიმპიადაზე.
ფელპსი vs ლოხტე
ცურვა. მამაკაცები
როცა ეს ორი მოცურავეა აუზში, სხვებს იქ არაფერი ესაქმებათ. ფელპსსა და ლოხტეს ჯამში 17 ოლიმპიური ოქრო აქვთ მოგებული და მსოფლიოს 11 მოქმედი რეკორდის ავტორები არიან. მათი რვაწლიანი კონკურენცია სწორედ ლონდონში მიაღწევს კულმინაციას.
ფელპსი ისევ აპირებს ერთ ოლიმპიადაზე რვა ოქროს მოგებას, მაგრამ ლოხტე ორ დისტანციაზე ეცდება მისთვის ხელის შეშლას - 200 და 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში. სწორედ ამ დისციპლინებში გადაიკვეთება მათი გზები ლონდონის აუზში.
თან ამ დაპირისპირებას ინტრიგას ისიც მატებს, რომ თავად ლოხტესაც აქვს დაგეგმილი რვა ოქროს მოგება და ფელპსის ლეგენდარული რეკორდის გამეორება.
ფელიქსი vs კემპბელ-ბრაუნი
მძლეოსნობა, 200 მეტრი, ქალები
მათი დაპირისპირებაც ასევე რვა წელია გრძელდება. 200 მეტრზე ფელიქსი მუდმივად ამარცხებს კემპბელ-ბრაუნს მსოფლიოს ჩემპიონატებზე, სამაგიეროდ, იამაიკელმა ათენისა და პეკინის ოლიმპიადაზე დაამარცხა ამერიკელი “გრძელ სპრინტში”.
ფელიქსს ამ ორი მარცხისთვის რევანშის აღება აქვს დაგეგმილი და ამისთვის მან 400 მეტრზე გამოსვლაზეც კი თქვა უარი. მაგრამ კემპბელ-ბრაუნიც კარგ ფორმაშია და ის აპირებს გახდეს პირველი ქალი მორბენალი ისტორიაში, ვინც ზედიზედ სამ ოლიმპიადაწე მოიგებს 200 მეტრს.
აშშ vs ჩინეთი
სპორტული ტანვარჯიში, ქალები
ეს დუელი პეკინის ოლიმპიადაზე დაიწყო. ოთხი წლის წინ, ჩინეთმა მოუგო გუნდურ პირველობაზე ამერიკას, თუმცა ცალკეულ დისციპლინებში ამერიკელებმა დაამარცხეს მასპინძლები. ახლა მათი დაპირისპირება ლონდონში გაგრძელდება.
გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობა ამერიკელებს ექნებათ, რადგან შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე ისინი ჩემპიონები გახდნენ, ჩინეთი კი მესამეზე გავიდა. ბუნებრივია, აზიელები რევანშს უმიზნებენ.
ტომ დეილი vs კიუ ბო
წყალში ხტომა, 10 მ. კაცები
ორი თინეიჯერი კარიერაში თავის პირველ ოლიმპიურ ოქროს უმიზნებს. ბრიტანელ ტომ დეილის ჩინელზე ერთადერთი უპირატესობა აქვს – მას საკუთარი პუბლიკა დაეხმარება.
დეილიმ 2009 წელს, რომში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფურორი მოახდინა, როცა 16 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მაგრამ 2011 წელს, ასევე პლანეტის პირველობაზე მეხუთე ადგილზე გავიდა და ტიტული ბოს დაუთმო.
19 წლის ჩინელმა უკვე ორჯერ მოასწრო მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება და ეს ფაქტორი მას ფავორიტად აქცევს. არადა, ბოს მწვერვალამდე რთული გზა ჰქონდა. მის სკოლაში აუზი არ იყო და ჩინელი ნახტომებს ბალიშების გროვაში ასრულებდა.
პეკინში ჩინეთის ნაკრებმა წყალში ხტომაში რვიდან რვა ოქრო აიღო და შესაბამისად, გულშემატკივრები იგივე შედეგის გამეორებას ითხოვენ, ამიტომაც ბოზე გარკვეული ზეწოლა იქნება, თუმცა ის მაინც ფავორიტია დეილისთან დაპირისპირებაში.
ენისი vs ჩერნოვა
შვიდჭიდი, ქალები
კიდევ ერთი ბრიტანელი სპორტსმენის გამოსვლას ელიან დიდი იმედით. ლონდონში გაგრძელდება ჯესიკა ენისისა და რუსი ტატიანა ჩერნოვას დუელი. მსოფლიოს ბოლო ორ ჩემპიონატზე მათ დიდი ბრძოლა ჰქონდათ და ოქროს მედლები გაიყვეს.
შარშანდელი ჩემპიონატი ენისმა მოიგო, ასევე მისი გამარჯვებით დასრულდა მათი ბოლო ბრძოლა მაისში - ავსტრიის ტურნირზე. იქ ენისმა პირადი რეკორდები დაამყარა შუბის ტყორცნაში, სიგრძეზე ხტომასა და 200 მეტრზე სირბილში.
პენდლტონი vs მეარსი
ველოსპორტი, ქალები
ეს იქნება ამ ოლიმპიადის ერთ-ერთი უდიდესი დაპირისპირება: ინგლისი ავსტრალიის წინააღმდეგ. მოქმედ ველომრბოლებს შორის ისინი ყველაზე ტიტულოვანი ქალები არიან ველოსპორტში: ანა მეარსს ერთი ოლიმპიური ოქრო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ათი გამარჯვება აქვს, ვიქტორია პენდლტონს - ერთი ოლიმპიური და მსოფლიოს პირველობის ცხრა ოქრო.
მათი გზები ლონდონში სამჯერ გადაიკვეთება - სპრინტში, გუნდურ სპრინტსა და კეირინში. მათ ბოლო დაპირისპირებებს თუ გავიხსენებთ, ამ ოლიმპიადაზე ნამდვილი ფეიერვერკი გველის. ამ წლის დასაწყისში, მელბურნში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სპრინტის ნახევარფინალში პენდლტონი დაეცა და მხარი დაიზიანა, მაგრამ იქვე მოასწრო აღდგენა და ოქროს მედლის მოპოვება. სხვათა შორის ამ მოგებით ბრიტანელმა შეწვიტა მეარსის ორწლიანი მოგებათა სერია ველოტრეკზე.
ალისტერ ბრაუნლი vs ჯონი ბრაუნლი
ტრიატლონი, მამაკაცები
ეს არის თამაშების ისტორიაში უნიკალური დაპირისპირება - ერთმანეთის წინააღმდეგ ბრიტანელი ძმები წარსდგებიან.
ორივე ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია, ორივეს უმაღლესი მიზნები აქვს და ორივეს შეუძლია ოქროს მედლის მოგება, მაგრამ ერთ-ერთი ვერცხლით უნდა დაკმაყოფილდეს.
24 წლის ალისტერი მსოფლიოს ექვსგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონია, იმ დროს, როცა 22 წლის ჯონი მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია, აგრეთვე იუნიორებს შორის იყო პლანეტისა და კონტინენტის ჩემპიონი. 2011 წელს ძმებს შორის პირველი დუელი შედგა უმაღლეს დონეზე - მსოფლიოს ჩემპიონატზე ალისტერმა დაამარცხა უმცროსი ძმა - მათ პირველი ორი ადგილი დაიკავეს.
ტიმო ბოლი vs ჯაიკ ჟანგი
მაგიდის ჩოგბურთი, მამაკაცები
ჟანგი მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიოს თასის მფლობელი და რეიტინგის ახალი პირველი ნომერია და ოლიმპიადის მოგება სჭირდება “დიდი სლემის” ასაღებად. ამით ის გახდება მეოთხე ჩინელი ისტორიაში, ვინც ამგვარ შედეგს მიაღწევს. ის ჩინური სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია, რომელიც დომინირებს საერთაშორისო არენაზე.
ტიმო ბოლი კი შეიძლება ის ადამიანი იყოს, ვინც ჟანგის დამარცხებას შეძლებს. ის ახლა რეიტინგის მეშვიდე ნომერია, თუმცა ერთხელ იყო კლასიფიკაციის სათავეში და პეკინში გუნდური პირველობის ვერცხლისმედალოსანიცაა. საყოველთაო შეფასებით, მხოლოდ მას შეუძლია ჩინელების დომინირების დარღვევა.
ლინ დანი vs ჩონ-ვეი ლი
ბადმინტონი, მამაკაცები
ლეგენდარული დაპირისპირება ბადმინტონშიც არსებობს, რომელიც პეკინის ოლიმპიადიდან იღებს სათავეს. ოთხი წლის წინ, ფინალში ჩინელმა დანმა 21:12, 21:8 მოუგო მალაიზიელ ლის.
აქედან მოყოლებული, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები სხვადასხვა ტურნირის 11 ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს: შვიდჯერ ლინ დანმა მოიგო, ოთხჯერ - ჩონ-ვეი ლიმ. მალაიზიელმა განაცხადა, რომ ლონდონის შემდეგ დიდი სპორტიდან წასვლას აპირებს, ამიტომაც ეს თამაშები მისთვის პეკინის მარცხისთვის რევანშის აღების ბოლო შანსი იქნება.
ისინი ბოლოს სწორედ ლონდონში, მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ლინ დანმა გაჭირვებით მოიგო - 20:22, 21:14, 23:21.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"