ვაკუუმი ლონდონი 2012-ის ტრიბუნებზე

AutoSharing Option
რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ოლიმპიურ ობიექტებზე მაყურებელთა საუკეთესო ადგილები ცარიელია.

გაზეთი The Guardian წერს, რომ ცარიელი ტრიბუნების შესავსებად თამაშების ორგანიზატორებს ჯარისკაცების მიწვევა მოუწიათ.

კერძოდ, 29 ივლისს, ტანვარჯიშის შეჯიბრის დროს, VIP-ადგილებზე დაახლოებით 100 სამხედრო იჯდა.

ანალოგიური სურათი შეინიშნებოდა საკალათბურთო მატჩების დროს.

CNN ლონდონის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საპატიო სტუმრებისთვის აკრედიტაციით გამოყოფილ ცარიელ ადგილებზე ჯარისკაცებს სვამენ. ამ დროს ისინი ოლიმპიადის უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ, მათ კი მორიგეობიდან ხსნიან და საინტერესო სტარტების ცქერის საშუალებას აძლევენ.

შეუვსებელმა ტრიბუნებმა გულშემატკივართა სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია: ბევრი
ვერ ახერხებს ტურნირების ცოცხლად ხილვას ბილეთების დეფიციტის გამო.

იტყობინებიან, რომ ყველაზე ცუდად VIP-ადგილები ტანვარჯიშის, ცურვის, ჩოგბურთის, ფრენბურთისა და ცხენოსნობის ტურნირებზე ივსება - აქ ათეულობით სავარძელი რჩება ცარიელი. ამასთან, სალაროები ოფიციალურად იტყობინებიან, რომ ამ ტურნირებზე ყველა ბილეთი გაყიდულია.

"ორგანიზატორები ამ პრობლემის სწრაფად მოგვარებას აპირებენ", - წერს The Times. უკვე მოფიქრებულია რამდენიმე სქემა. მაგალითად, თავისუფალ ადგილებზე ლონდონელი სტუდენტების მიწვევა; მეორე ვარიანტით, ჩვეულებრივ სექტორებში ბილეთის მფლობელებს დამატებით საფასურად VIP-ტრიბუნებზე გადასვამენ.

შეძლებისდაგვარად, შეეცდებიან VIP-ადგილებზე ბილეთების თავისუფალ გაყიდვაში გატანას.

* * *
ცურვაში ავსტრალიის ნაკრების წარმომადგენლებიც უკმაყოფილონი დარჩნენ იმით, რომ ფინალური გაცურვების დროს "აკვატიკ-ცენტრის" ტრიბუნებზე ბევრი ცარიელი ადგილია.

და ეს იმ დროს, როცა მედლებისთვის ბრძოლის ხილვა ბევრ გულშემატკივარს სურს, მაგრამ ბილეთს ვერ შოულობს. 4x100 მეტრზე ესტაფეტის ჩემპიონს კეიტ კემპბელს, მაგალითად, საკუთარი მამა მოჰყავს, რომელსაც ორგანიზატორებმა დიდი გაჭირვებით უშოვნეს "ზედმეტი" ბილეთი.

სანამ ორგანიზატორები არკვევენ, რაში მდგომარეობს ამგვარი დასწრების მიზეზი, ავსტრალიის ნაკრები გაზეთ The Age-ის მეშვეობით გამოდის წინადადებით - უფრო მეტი ბილეთი დაურიგონ სპორტსმენებს მათი მეგობრებისა და ნათესავებისთვის, რომლებიც სრული შემადგენლობით ვერ ხვდებიან "აკვატიკ-ცენტრის" ტრიბუნებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული