ელგუჯა ბერიშვილი: იმედია, 29 ივლისის სიხარული განმეორდება

AutoSharing Option
ლონდონში ოლიმპიურ თამაშებზე მთელი მსოფლიოდან აკრედიტებულ ჟურნალისტთა მრავალათასიან ამქარში საქართველოდან ერთ ათეულზე მეტი წარმომადგენელიც ვართ. ჩვენ შორის არიან ვეტერანებიც და ახალბედებიც.

ვფიქრობთ, "ლელოს" მკითხველისთვის საინტერესო იქნება გაეცნონ, როგორც მრავლისმნახველი, ისე ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ახალი თაობის ოლიმპიურ შთაბეჭდილებებს, დააფიქსირონ თავიანთი აზრი ლონდონში მიმდინარე თამაშებთან დაკავშირებით.

მაშ ასე, პირველი თქვენს წინაშე წარსდგება საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

იმედია, 29 ივლისის სიხარული განმეორდება
მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ოლიმპიადაზე ვარ ნამყოფი, ყოველ ახალ თამაშებს განსაკუთრებული ემოცია ახლავს და ეს ბუნებრივიც არის -
ოლიმპიადა ხომ ოთხწლეულის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებაა და 16 დღის განმავლობაში ისტორიული ამბების თვითმხილველი ხდები.

ჩემი დაკვირვებით, ცალკეული ოლიმპიადის მიმართ დამოკიდებულებას, უპირველესად, შენი ქვეყნის სპორტსმენების გამოსვლა განაპირობებს. თუ საქმე კარგად მიგვდის, განწყობაც, ბუნებრივია, დადებითია. ამ დროს გავიწყდება ყოფითი თუ ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები - მაგალითად, ის, რომ ოლიმპიადის დღეებში დღე-ღამეში სამი-ოთხი საათი თუ გძინავს, შეჯიბრებიდან შეჯიბრებაზე გარბიხარ და მუდმივ ცაიტნოტში ხარ.

მაგრამ, ამის მიუხედავად, ვალდებული ხარ, ყველგან მიასწრო და ყველაფრის საქმის კურსში იყო, რათა სპორტის გულშემატკივრების ინტერესები მაქსიმალურად დააკმაყოფილო.

მართალია, ლონდონის თამაშების სტარტი ჩვენთვის უიღბლო გამოდგა, მოკრივის აწონვასთან დაკავშირებით დასანანი გაუგებრობაც მოხდა, მაგრამ ლაშა შავდათუაშვილის ტრიუმფმა ყველაფერი გადაფარა. 29 ივლისი მართლაც დიდი დღე იყო ქართული სპორტისთვის.

იმედი მაქვს, სხვა ასეთი დღეებიც გვექნება. მაშასადამე, ჩვენ, ყველანი ერთად, ვინც აქ, ლონდონში ვიმყოფებით, ვიქნებით არა მხოლოდ დიდი სპორტული ზეიმის მონაწილეები, არამედ ამაყები იმის გამო, რომ წარმოვადგენთ ანგარიშგასაწევ სპორტულ ქვეყანას - საქართველოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული