ერიჰაა!
30 ივლისს, დილით ადრე, როგორც კი შინიდან გამოვედით და ნუგზარ ტატალაშვილის ჭიდაობის სანახავად მიგვეჩქარებოდა, გზადაგზა მეტროს ორი სადგურის გამოცვლა და მერე ავტობუსით მგზავრობა მოგვიწია. მთელი ორი საათი ვათვალიერებდით პრესას და გაოცებულები დავრჩით - არსად არაფერი ეწერა წინა დღით გამართულ ძიუდოისტთა ოლიმპიურ ტურნირზე.
არადა, მრავლად იყო ინფორმაციები სხვა ასპარეზობის შედეგებზე შთამბეჭდავად დიდი მასშტაბის ფოტოებითურთ. ცხადია, ვეძებდით ძიუდოს, შავდათუაშვილის ფოტოს, კვარცხლბეკს, მაგრამ ამაოდ.
ყველაზე უფრო იმან გაგვაოცა, რომ მრავალგვერდიან,
მხოლოდ ოლიმპიურ ტექნიკურ შედეგებში თუ ამოიკითხავთ ძიუდოში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონის და პრიზიორთა გვარებს. ესაა და ეს.
ჩემპიონი ქართულ სახლში დალოცეს
ალბათ, განგებამ ინება, ერთმანეთს დამთხვეოდა ლონდონის ოლიმპიადაზე ქართული სახლის გახსნა და ამ თამაშებში პირველი ქართველი სპორტსმენის, საერთო ჯამში, 1952 წლიდან მოყოლებული, საქართველოს 34-ე ოლიმპიელის გაჩემპიონება. მართლაც რომ დიდი ზეიმი შედგა.
ლაშა შავდათუაშვილისთვის ოლიმპიური ოქროს მედლის გადაცემის შემდეგ ქართული სახლის საზეიმოდ ოფიციალურად გახსნამდე საათნახევარი რჩებოდა. ეს დრო საკმარისზე ცოტა მეტიც იქნებოდა ქართულ სახლამდე მისასვლელად, მაგრამ წინ კიდევ იყო ორი პროცედურა გასავლელი - სავალდებულო პრესკონფერენცია და ასევე სავალდებულო დოპინგკონტროლი.
ოლიმპიური იდეალებისა და სიწმინდის წარმომადგენელი ოფიცერი თავზე გვადგა პრესკონფერენციაზე და მორჩა თუ არა კითხვა-პასუხი, ჩვენი ნაკრების ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის თანხლებით, ლაშა უმალვე გააქანეს შემოწმებაზე. ამიტომ იყო, რომ ჩემპიონს ქართულ სახლში ჩვენ მივასწარით.
ზეიმი თითქმის გახურებული იყო, როცა ნუგზარ რუხაძემ ინგლისურ ენაზე აუწყა დარბაზს ჩემპიონის მობრძანება. უმალვე გაკეთდა დერეფანი, მაგრამ ახალ ოლიმპიურ გვირგვინოსანს სულაც არ გაუვლია თანამემამულეთა და სტუმართა შორის მედიდურად. ლაშა ისევე უბრალო და თავმდაბალი იყო, როგორც პრესკონფერენციაზე, სადაც მან მადლობა გადაუხადა გორელ და ნაკრების მწვრთნელებს, ყველას, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა მის ესოდენ მაღალ წარმატებაში.
პირველი სადღეგრძელო ქართულ სახლში სწორედ ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვებისა შეისვა.
სახლის საზეიმო გახსნაზე კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა სიტყვა გადასცა საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერს გიორგი ბარამიძეს.
პირველ დღეს სახლს უცხოეთის რვა ქვეყნის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომელთა შორის იყო ისრაელის დელეგაცია. სტუმრებმა დააგემოვნეს ხაჭაპური, მაყალზე შემწვარი მწვადი, ტყემლის საწებელი, ჩურჩხელა, ქართული სამარკო ღვინოები, მინერალური წყლები და საფირმო ლიმონათები; საჩუქრად მიიღეს საგანგებოდ ამ ოლიმპიადისთვის სეოკ-ის მიერ დამზადებული სამკერდე ნიშნები.
დარბაზში გამოფენილია საქართველოს ისტორიული მუზეუმის უძველესი ექსპონატები და ფიროსმანის ნახატის ორიგინალი.
"კონკრეტულ პროგრამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, დახვეწის პროცესშია. ისე, პროგრამა უთუოდ მრავალფეროვანი იქნება. გვესტუმრებიან უცხოეთის სპორტული დელეგაციები, ბრიტანეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, იგეგმება ოფიციალური შეხვედრები", - გვითხრა ჩვენმა სახელოვანმა მოჭადრაკემ ნანა ალექსანდრიამ, რომელიც უკვე მეოთხე ოლიმპიადაზე დიასახლისობს ქართულ სახლს.
ჯუმბერიც ლონდონშია
ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი მსოფლიო ველომოგზაური, თბილისელი ჯუმბერ ლეჟავა ლონდონში ჩავიდა.
გინესის წიგნის მრავალგზის რეკორდსმენმა ევროპის ქვეყნების შემოვლით ოლიმპიადის დედაქალაქში ჩასვლა XXX საიუბილეო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მიუძღვნა.
73 წლის მოგზაურს ლონდონში ქართულ სახლის საზეიმო გახსნაზე შევხვდით. აი, რა გვითხრა მან:
"ევროპის ქვეყნებში, სადაც ეს შესაძლებელი იყო, მხოლოდ მთაგორიანი ადგილებით შევდიოდი, რათა მარშრუტში სიახლე შემეტანა. ყველგან კარგად მხვდებოდნენ, მაგრამ გამორჩეული ინტერესი მაინც საფრანგეთმა გამოიჩინა.
იყო საინტერესო შეხვედრები, მიწვევები სატელევიზიო გადაცემებში, საზეიმო მიღება-გაცილება. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ აჟიოტაჟმა მოლოდინს გადააჭარბა.
ახლა აგერ, თქვენთან ერთად ვუქომაგებ ჩვენს ოლიმპიელებს და იმდენჯერ ბედნიერი ვიქნებით ყველა, რამდენჯერაც განმეორდება ის სახარული, რაც გორელმა ყმაწვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა მთელ საქართველოს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: პირველი დღეების გამოძახილი
თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: დღეიდან მსოფლიო ოლიმპიურ ენაზე ალაპარაკდება