აჟიოტაჟი ადრე მეტი იყო. ის კი არა, სპორტულ ბილბორდებსაც ვერსად მოვკარით თვალი. რჩება შთაბეჭდილება, რომ დიდი ქვეყნისა და ამჟამად ოლიმპიადის დედაქალაქი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ოლიმპიადა კიდევ თავისით.
ქუჩაში გამვლელებს მხოლოდ ერთადერთი რამ მიგვანიშნებს, რომ ლონდონში ოლიმპიადა ტარდება - მეტროს ზოგიერთ, ძირითადად, ოლიმპიური პარკის
კოლექციონერებს პირდაპირ ქვაფენილზე აქვთ "დახლი" გაშლილი. შეარჩიე, რაც გინდა. ადრე დიდი მოთხოვნა იყო ოლიმპიური მოძრაობის ახალი წევრი ქვეყნების ოლიმპიურ ატრიბუტიკაზე. ახლა კოლექციონერებს მრავლად აქვთ ეს სიმბოლიკები.
ბევრგან ვნახეთ ჩვენი ოლიმპიური სამკერდე ნიშნები, მათ შორის, თბილისში სხვადასხვა დროს გამართული საერთაშორისო ტურნირებისაც...
ექიმის კომენტარი
რა სჭირდა ჭრიკიშვილს?
იქ, სადაც სპორტსმენების, მწვრთნელების და ექიმების ზონაა, ჟურნალისტებს შესვლა კატეგორიულად ეკრძალებათ. ამაში გასაკვირი არაფერია. შეჯიბრებების შემდეგ ტარდება პრესკონფერენცია და აი, იქ არის ჟურნალისტთა სამფლობელო. მაგრამ, ცხადია, ეს იმ შემთხვევაში, თუ შენიანმა მიაღწია წარმატებას და ინტერესი გაქვს.
ამას ახლა იმიტომ ვამბობთ, რომ ძალიან გვინდოდა, ჩვენი ოლიმპიელების ნაკრების მთავარ ექიმს ზურამ კახაბრიშვილს მეორე შეხვედრაში ავთანდილ ჭრიკიშვილის ამერიკელთან დამარცხებისთანავე გავსაუბრებოდით.
ზონას როგორღაც მივუახლოვდით და ზურაბთან ბარიერს მიღმა მოკლე გასაუბრება მაინც მოვახერხეთ.
მისგან შევიტყვეთ, რომ ქვედა ტუჩისა და ნიკაპის არეში ავთანდილს ტრავმა ადრე მიუღია. ახლა ასპარეზობისას ჭრილობა გაეხსნა. ჩვენმა ექიმმა ყველაფერი იღონა, რომ სპოტსმენს შეხვედრა გაეგრძელებინა, მაგრამ... ყველამ ნახეთ, რაც მოხდა.
"აქედან დაუყოვნებლივ პირდაპირ ქირურგთან წავალთ, ნაკერია დასადები", - გვითხრა ექიმმა.
კითხვაზე კი, თუ რა მდგომარეობაა ჯანმრთელობის მხრივ, საერთოდ, სპორტსმენთა შორის, გვიპასუხა, რომ სერიოზული არავის არაფერი სჭირს.
გულშემატკივრები
ქომაგთა ნაკრები მოწოდების სიმაღლეზეა
საქართველოდან ლონდონში ჩარტერული რეისით 25 ივლისს გამომგზავრებულ ოლიმპიურ დელეგაციას ქომაგთა ნაკრებიც გამოჰყვა ლონდონში.
ოლიმპიადაზე მათ დიდ ბრიტანეთში თუ სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანამემამულეებიც შეუერთდნენ და ნამდვილად გამოირჩევიან ქომაგობით, იმდენადაც, რომ ლაშა შავდათუაშვილი როცა ოლიმპიადის მასპინძელთა წარმომადგენელს ხვდებოდა, ქართველთა ენერგიულმა ქომაგობამ გადაფარა ტრიბუნები.
თუმცა მეტი წილი დამსახურება ამაში თვით ჩვენს გმირს, დღეს უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს მიუძღვის.
31 აგვისტოს მოგვეცა შესაძლებლობა, გულშემატკივართა ნაკრების კაპიტანს, ცნობილ მომღერალ გიო ხუციშვილს გავსაუბრებოდით.
”უდიდესი ბედნიერებაა, ესწრებოდე ოლიმპიურ თამაშებს, მაგრამ ვინ არ დამეთანხმება, რომ ენითაუწერელ სიხარულსა და სიამაყეს განიცდი, როცა შენი ქვეყნის ოლიმპიელი ხდება ჩემპიონი და ფეხზე წამომდგარი მთელი დარბაზის მზერა, ცხადია, მსოფლიოსიც, ჰიმნის ფონზე შენი ეროვნული დროშისკენაა მიპყრობილი.
არა, ამას ნამდვილად არაფერი შეედრება!
საერთოდ, მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით და ემოციებით ვართ დატვირთულები. გვჯერა, რომ წინ კიდევ გველის არაერთი სიხარული.
დღე და ღამე ამაზე ვფიქრობთ ყველა. უნდა გავიხაროთ!" - თქვა გიო ხუციშვილმა.
ოფიციოზი
ლაშამ დიდი სტიმული მოგვცა
დროდადრო შევეცდებით, "ლელოს" მკითხველებს ლონდონში ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის წევრების, მათ შორის, ქართული სპორტის მესაჭეთა მოსაზრებები და შთაბეჭდილებები გაგაცნოთ აქ მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით.
დღეს გვესაუბრება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური. აი, რა გვითხრა მან:
"სენსაცია დაფიქსირდა ქართული სპორტის ისტორიაში. 20 წლის ბიჭმა ბრწყინვალედ გაიარა სულ რაღაც რვა თვეში გზა მოსამზადებელი ეტაპიდან ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე. თანაც, როგორც იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით.
ჯერ არცერთ ძიუდოისტს არ მოუპოვებია მის ასაკში ოლიმპიური ჩემპიონის მარადიული ტიტული. თანაც, ეს ბედნიერება გვეწვია ოლიმპიადის დაწყების მეორე დღესვე, რაც აქამდე არ მომხდარა ქართული სპორტის ისტორიაში.
ეს მიღწევა ნამდვილად დიდი სტიმულია, საერთოდ, ჩვენი ოლიმპიური დელეგაციისთვის.
იმ მომენტიდან, როცა ამ თამაშებში ჩვენს პირველ ჩემპიონს ოლიმპიურ სოფელში საზეიმო შეხვედრა მოვუწყვეთ, საერთოდ, ჩვენს დელეგაციაში მომავალი წარმატებების რწმენის უფრო ამაღლებულმა განწყობამ და ატმოსფერომ დაისადგურა.
ძიუდოში კი ჯერ ისევ წინაა დაძაბული შეჯიბრებები. მაღალ წონებშიც გვაქვს წარმატების მოლოდინი".
თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: რა მოჩანს ოლიმპიური პრესის სარკეში
თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: პირველი დღეების გამოძახილი
თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: დღეიდან მსოფლიო ოლიმპიურ ენაზე ალაპარაკდება