ერთ-ერთია 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში პეკინის ჩემპიონი, იტალიელი ალექს შვარცერი. მას უკვე დაატოვებინეს ლონდონი.
დადებითი შედეგი აჩვენა დოპინგ-სინჯმა, რომელიც 27 წლის შვარცერს საწვრთნელ ბანაკში აუღეს. მძლეოსნის სინჯში აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატი - ერითროპოეტინი.
იტალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა აღიარა, რომ ერთ-ერთი სპორტსმენი დოპინგზე ჩავარდა და იძულებული გახდა, დაეტოვებინა ლონდონი, თუმცა დამნაშავის გვარი არ დაუსახელებია.
შვარცერი 2005 და 2007 წლების მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 2008 წელს კი ოლიმპიადის ოქრო აიღო.
იტალიელმა აღიარა დანაშაული.
* * *
მეორე სპორტსმენი, რომელმაც მსოფლიოს ანტი-სადოპინგო კანონი დაარღვია, ამერიკელი ძიუდოისტი ნიკოლას დელპოპოლოა, რომელიც ლონდონში 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა. მის ორგანიზმში მარიხუანას კვალი აღმოაჩინეს.
"ჩემი დოპინგ-სინჯის დადებითი შედეგი მხოლოდ საკვებით შემიძლია ავხსნა, რომელსაც ლონდონში ჩასვლამდე მივირთმევდი, - ამბობს დელპოპოლო. - არ ვიცოდი, თუ ის ამგვარ ნივთიერებას შეიცავდა. ახლა მხოლოდ საკუთარ მომავალზე ვფიქრობ და იმედია, შევძლებ ამერიკის ეროვნულ გუნდში გამოსვლას".
დელპოპოლომ ოლიმპიადაზე გამოსვლა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა, რომელშიც კორეელ ჩუნ-ვონ კისთან დამარცხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"