ელენა ისინბაევა და სერენა უილიამსი რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლას გეგმავენ

AutoSharing Option
ლეგენდარულმა რუსმა მძლეოსანმა ელენა ისინბაევამ ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ ლონდონის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ რუსი ჭოკით ხტომაში ზედიზედ მესამე ოლიმპიადას მოიგებდა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში ელენას მხოლოდ ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილება მოუწია. ამიტომაც რუსს მცირე პაუზა აქვს დაგეგმილი კარიერაში და 2013 წელს ისევ დაბრუნდება ტურნირებზე. მისი თქმით, ის აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც გაისად მოსკოვში გაიმართება.

"მოსკოვის ჩემპიონატამდე დავრჩები. სიმართლე გითხრათ, ცოტა ხნის წინ საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ აღარ მინდოდა ტურნირებში მონაწილეობა, დავიღალე; მაგრამ ახლა ვფიქრობ:
ვინ, თუ არა მე? უფრო მეტიც, მოსკოვში ოქროს მედლის აღებას ვაპირებ", - ამბობს ისინბაევა.

ამასთან, ელენამ არ გამორიცხა სპორტში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადამდე დარჩენა. "დღეს კარიერის 2016 წლამდე გაგრძელებასაც ვფიქრობ. თუმცა მანამდე მინდა, ბავშვი გავაჩინო და ოჯახურ ცხოვრებას მივხედო. ასე შორსმიმავალი გეგმების დაწყობა რთულია", - აღნიშნა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

მანვე ისიც დაამატა, რომ ლონდონში მეტოქეებს, უბრალოდ, გაუმართლათ და რადგან მისი ოლიმპიური და მსოფლიოს რეკორდები არ დაემხო, ე. ი. ის კვლავ საუკეთესოა ჭოკით ხტომაში.

* * *
ლონდონის ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზეც აპირებს გამოსვლას, რომელიც 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. ამის შესახებ 30 წლის ჩოგბურთელმა ტელეარხი Eurosport-ის ეთერში გამოაცხადა.

"რიო-დე-ჟანეირო შედის ჩემს გეგმებში. თუ ღმერთის ნება იქნება, იქ აუცილებლად წავალ. მზად ვიყავი წარმატებისთვის. ოქრო - ჩემი საყვარელი ფერია და სხვაზე არც მიფიქრია. დაჯილდოების ცერემონიის დროს ვფიქრობდი ჩემს მედლებზე, რომლებიც კარგი თამაშის წყალობით დავიმსახურე", - თქვა სერენამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული