ვანო გრიქუროვი: ჩვენი ბიჭებისგან ნამდვილად მეტს მოველოდი

AutoSharing Option
ტექსტი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვანო გრიქუროვთან ოლიმპიურ სოფელში სტუმრობისას ჩავიწერეთ.

- პირდაპირ გეტყვით, ირაკლი თურმანიძის გამოსვლამდე ჩვენი ძალოსნების შედეგებით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი.

ფაქტობრივად, მწვრთნელთა მიერ გაწეული შრომა და ამდენი წვალება წყალში ჩაიყარა. ამას განსაკუთრებით მაჭავარიანზე ვამბობ.

იმდენად სურდა მიზნის მიღწევა, ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო, გადაიწვა - კრიტიკულ მომენტში ნერვებმა უმტყუნა. ოლიმპიადამდეც ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ ბიჭებს მაქსიმუმი გამოევლინათ. ამისთვის მზადაც იყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ოლიმპიურ ფიცარნაგზე მათ ეს ვერ მოახერხეს.

ყველა მიზეზი აბსურდულია. მე ჩემი შეგირდების გმირობას
და სპორტულ თავდადებას ვარ მიჩვეული, ისეთს, როგორზეც ეს თავის დროზე გამოავლინეს ოლიმპიურ სარბიელზე კახი კახიაშვილმა და გიორგი ასანიძემ. მაგრამ რა გაეწყობა, ყველა არ არის გმირად დაბადებული. ხომ გაგიგიათ, წაგება ობოლია, მოგებას ათასი მამა ჰყავსო - მიხვდებით, რასაც ვამბობ. თავს ნამდვილად არ ვიმართლებ.

ირაკლი თურმანიძის ასპარეზობით უკმაყოფილო არ ვარ. მას ჰქონდა ოქროს მედლისთვის ბრძოლის კარგი შანსი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ირაკლი უჩვეულოდ მიზანსწრაფული, გაწონასწორებული, მუდამ ღიმილიანი, მტკიცე ნერვების სპორტსმენი და, საერთოდ, შესანიშნავი პიროვნებაა.

ეს ყველაფერი ჩანდა ფიცარნაგზე, განსაკუთრებით, კრიტიკულ მომენტებში. მოკლედ, ჩვენი ბიჭებისგან ნამდვილად მეტს მოველოდი.

ოლიმპიადა და მედიცინა - კარგია, როცა ყველაფერი გაქვს...
ლონდონის ოლიმპიადაზე, შეიძლება თამამად ითქვას, ჯერ არნახულ დონეზეა აყვანილი დოპინგკონტროლი და იმ ნორმების დაცვა, რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო მოთხოვნებით. ეს ეხება სანიტარულ გარემოსაც.

ოლიმპიურ სოფელში ყველა დელეგაციას აქვს საკუთარი სამედიცინო პუნქტი, თითოეულ მათგანს კი კოორდინაციას და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს. სოფელშივე განთავსებულია მთავარი სამედიცინო ცენტრი და ოლიმპიური კლინიკა.

- ჩვენი სამედიცინო პუნქტი ამ ტერიტორიაზე ყველაზე მოსახერხებელ ადგილზეა, ფართიც სათავსოებით და საჭირო ინვენტარით საკმაოა. წამოღებული გვაქვს 400-მდე დასახელების მედიკამენტი.

წესია, წამლების ჩამონათვალი უნდა წარადგინო პირადი პასუხისმგებლობით, რომ რაიმე გაუგებრობა არ მოხდეს, ნუსხაში აკრძალული პრეპარატი არ აღმოჩნდეს. გაოცებულები დარჩნენ ჩვენი მედიკამენტების სიმრავლით და მრავალფეროვნებით. თქვეს, ამდენი ნამდვილად არავის აქვსო - გვითხრა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, პროფესორმა ზურაბ კახაბრიშვილმა.

- რატომ ამდენი?
- რა იცი, რა დაგჭირდება, სხვაგან ხომ არ ირბენ სამათხოვროდ? ჩვენთან კი მოდიან და ჩვენც ხელს ვუმართავთ. ასე სჯობს.

- ჩვენები ხშირად გაკითხავენ დასახმარებლად?
- გვაკითხავენ და ჩვენი მხრიდანაც გვაქვს მუდმივი კონტაქტი.

- რაიმე კრიტიკული შემთხვევა ხომ არ ყოფილა?
- იყო, როგორ არა. ჩვენი პოლონელი მძლეოსანი მასიეჟ როსიევიჩი ოლიმპიურ სოფელში საკვებით მოიწამლა. საქმე სერიოზულად იყო - გადასხმები დასჭირდა.

- მუშაობის როგორი რეჟიმი გაქვთ?
- იქ, სადაც ჩვენები გამოდიან, მორიგეობით დავდივართ შეჯიბრებებზე. სამედიცინო პუნქტშიც მუდამაა მორიგე ექიმი.

- სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების კოლეგებს თუ გაქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა?
- სისტემატურად ვხვდებით ერთმანეთს, ვუზიარებთ გამოცდილებას, ვიღებთ რჩევებს. ჩამოსულები არიან ცნობილი ქირურგები, ტრავმების სპეციალისტები, ისინიც, ვისაც ჩვენი ბიჭებისთვის ოპერაცია ჩაუტარებიათ. ახლაც გასინჯეს და კონსულტაცია გაგვიწიეს. ურთიერთობები გაგრძელდება ოლიმპიადის შემდეგაც.

გამორჩეული პატივი ოლიმპიზმის სამშობლოს
ლონდონში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებში ბევრი რამ არის დასამახსოვრებელი და, რაც მთავარია, ორიგინალური.

ოლიმპიურ სოფელში თითქმის ყველა საცხოვრებელი კორპუსი ერთმანეთისგან რიღაცით მაინც განსხვავებულია. თუმცა ერთი მათგანის არქიტექტურა და გარე ხედი მაინც უაღრესად შთამბეჭდავი და განსაკუთრებულია.

ეს არის სპეციალურად საბერძნეთის ოლიმპიური დელეგაციისთვის აგებული კორპუსი, რომლის ყველა სართულის ყველა კედელზე მოჩანს ანტიკური საბერძნეთის დროიდან შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობა, ორნამენტების ასლები, რაც ოლიმპიზმთან ან საერთოდ, ადამიანის სხეულისა და სულის ერთიანობის ჰარმონიულობას უკავშირდება.

- ეს განსაკუთრებული პატივია და ამას სავსებით იმსახურებს ქვეყანა, რომლის გენიამ მრავალმხრივ წარუშლელი კვალი დატოვა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში.

ამ ქვეყანაში ანტიკურ ეპოქაში იშვა ოლიმპიური თამაშები, რომელიც აღორძინდა და დღეს მთელ მსოფლიოს აერთიანებს.

ლონდონი ერთადერთი ქალაქია, უკვე მესამედ რომ მასპინძლობს თანამედროვეობის თამაშებს, რაც დღემდე არავის რგებია წილად - გვითხრა ლონდონის ოლიმპიადის ოლიმპიური სოფლის თანამშრომელმა, ჯეიმს ტამბერმა.

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული