ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ [+VIDEO]

AutoSharing Option
13 აგვისტოს კიდევ ერთხელ შეიკრიბა ქართული სპორტის უამრავი ქომაგი თბილისის აეროპორტში საპატიო მიზეზით - ლონდონიდან დაბრუნებულ საქართველოს დელეგაციას ხვდებოდნენ (იხილეთ ვიდეო).

სხვებთან ერთად, მედლებით დაბრუნებულ მამებს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ დავით მოძმანაშვილის და ბრინჯაოსმედალოსან გიორგი გოგშელიძის შვილებიც ხვდებოდნენ, რომლებიც, ვინ იცის, წლების შემდეგ მშობლებზე უკეთესი ხარისხის ჯილდოებით დაბრუნდნენ ამ აეროპორტში.

აქვე იყო, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მშობელი, ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის მამა, რომელიც ნერვიულობისგან ცუდად გახდა; მოგვიანებით კი, როცა ლაშა გარეთ გამოვიდა, ბედნიერებისგან ტიროდა...

მთავარ დარბაზში გამოსვლა კი ოლიმპიელებს გვარიანად შეაგვიანდათ
- საათზე ცოტა მეტი. რატომღაც ბოლო წლებში ტრადიციად დამკვიდრდა, დიდი ტურნირებიდან დაბრუნებული მედალოსნების ერთად გამოყვანა, თითქოს აღლუმზე გაჰყავთ. ჟურნალისტებს კი ის დრო გვერჩივნა, როცა ყველა სათითაოდ გამოდიოდა - ცალ-ცალკე მათი მოხელთება ბევრად იოლი იყო, ანუ მუშაობაში ხელი არ გვეშლებოდა. ახლა კი ისეთი დომხალია, დედა შვილს არც მოიკითხავს, არათუ ხელში აიყვანს...

სამწუხაროდ, 13 აგვისტოს საღამოსაც ასე იყო - აეროპორტის მოსაცდელში პირველები ოლიმპიადის გორელი გმირები - შავდათუაშვილი და თავისუფალ ჭიდაობაში ვერცხლისმედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მომავალი ოლიმპიადის ორი სავარაუდო ფავორიტი გამოვიდნენ.

Sportall.Geშავდათუაშვილი გამოსვლისთანავე სავსებით დამსახურებულად შეისვეს მხრებზე და პირდაპირ მიკროავტობუსში გააქანეს გორში წასასვლელად. მისი კომენტარის ძირითადი ნაწილიც ტრანსპორტში ჩავწერეთ, როცა სხვებს ელოდებოდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი დახვედრით, იმით, რომ ამდენი ხალხის გახარება შევძელი. მქონდა საკუთარი თავის იმედი და სულ იმაში ვარწმუნებდი თავს, ჩემს ჭიდაობას თუ ვიჭიდავებდი, წარმატებაც მოვიდოდა.

ყოველი შეხვედრის შემდეგ ამას ვფიქრობდი - მომდევნო ორთაბრძოლაშიც ბოლომდე გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები. მჯეროდა, ამას თუ შევძლებდი, მოვიგებდი. საბედნიეროდ, ეს მართლაც მოვახერხე და გავიმარჯვე".


ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი კმაყოფილი იყო გუნდის გამოსვლით:

Sportall.Ge"მგონი, წარუმატებელი გამოსვლა არაა. რომ არა მსაჯთა მიკერძოება ჭიდაობაში, უკეთესი შედეგიც იქნებოდა.

აქ არ ვგულისხმობ ხინჩეგაშვილის ფინალს - მართალია, იქაც არასწორად განსაჯეს, მაგრამ რომც მიეცათ ის ქულა, მესამე პერიოდში მოგება გარანტირებული არ გვქონდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ გეგეშიძეს ნახევარფინალში წააგებინეს, რითაც კიდევ ერთი მედალი დავკარგეთ.

მიმაჩნია, რომ ეს გუნდი 4 წლის შემდეგ, რიოში, ბევრად უკეთეს წარმატებას მიაღწევს. ამ ახალგაზრდებმა საკუთარი თავისაც ირწმუნეს და ისიც დაინახეს, რომ შრომაა საჭირო.

მჯერა, ისინი ზოგიერთი ახლანდელი ლიდერის მაგალითსაც გაითვალისწინებენ და მომდევნო ოლიმპიადისთვის მზადებისას მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს აღარ გაიმეორებენ, ოღონდ ახლა გვარებს არ დავასახელებ, რომელ ლიდერებს ვგულისხმობ".

ამასობაში სხვა მედალოსნებიც ნელ-ნელა გამოვიდნენ. მოძმანაშვილმა ჯერ შვილი აიტაცა, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ქომაგებს მიესალმა, მერე კი ფინალური შეხვედრით უკმაყოფილება არ დამალა:

"ფინალში უფრო მეტად უნდა მომენდომებინა. ცხადია, გული მწყდება ასეთ დასასრულზე და არც საბოლოო შედეგით ვარ დიდად კმაყოფილი".

Sportall.Ge
უკმაყოფილო არ ჩანდა ბრინჯაოთი დაბრუნებული მანუჩარ ცხადაია.

კაცმა რომ თქვას, არც გაემტყუნება - მართალია, მინიმუმ, ფინალში გასვლის ურეალურესი შანსი დაკარგა, მაგრამ მისთვის პირველი ოლიმპიადაა და შედეგი აქვს!

"მოხარული ვარ ამ მედლის მოპოვებით. უკეთესის შანსი ნამდვილად იყო, მაგრამ ამჯერად თუ არა, მომავალში იქნება".

ბერძენ-რომაელთა ვიცე-ჩემპიონ რევაზ ლაშხსაც საკმაო ქომაგი დახვდა, მათ შორის - ბორჯომიდან ჩამოსული დედა და ოჯახის წევრები.

"ვერ ვიტყვი, რომ ფინალში ირანელ ომიდ ნოროოზთან შანსი არ მქონდა. მით უფრო, რომ ადრე მასთან მონაგები მქონდა.

სამწუხაროდ, წავაგე, მაგრამ ურიგო შედეგი მაინც არაა"
- გვითხრა მან.

Sportall.Geოლიმპიადის აწ უკვე ორგზის მესამე პრიზიორი გიორგი გოგშელიძე ერთ-ერთი ყველაზე ბოლო გამოვიდა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ცხადია, გული მწყდება, ოქროს მედალი რომ ვერ მოვიპოვე, მაგრამ რამდენი კარგი ფალავანია, ოლიმპიური ბრინჯაოც რომ არ მოუპოვებია. აქედან გამომდინარე, ლონდონში მიღწეული მაინც კარგი შედეგია".

გოგშელიძეს ისიც ვკითხეთ, სპორტიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა თუ ოლიმპიადაზე გაკეთებული განცხადება ცხელ გულზე ნათქვამი იყო. ამაზე გვიპასუხა, რომ წასვლა საბოლოოდ ჯერ არაა გადაწყვეტილი.

შესაგულიანებლად გაისად თბილისში გასამართი ევროპის პირველობა გავახსენეთ და პასუხად მოგვიგო, სწორედ ეგ ტურნირი იწვევს ყოყმანსო...

ხინჩეგაშვილმა ახლაც გაგვიმეორა, რომ მსაჯებზე არ სურს საუბარი, თუმცა ისიც და მარსაგიშვილიც, მთლიანობაში, მედლის მოპოვებით კმაყოფილები ჩანდნენ.

თუმცა ყველაზე საინტერესოდ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ალექსიძის პასუხი მოგვეჩვენა, როცა მას ნაკრების შეფასება ვთხოვეთ და მთავარი მწვრთნელის ბედზეც დავეკითხეთ. პასუხად, აი, ეს მივიღეთ:

"გუნდის გამოსვლას მე ვერ შევაფასებ, ეს მწვრთნელის კომპეტენციაა, რადგან აქ ინდივიდუალური მიდგომაა - ვინ როგორ შეასრულა მისი დავალებები. ამ ეტაპზე ვერც მწვრთნელის შეცვლის თაობაზე გიპასუხებთ. კონტრაქტი მას ოლიმპიადამდე ჰქონდა, მაგრამ გაგრძელებაზე ან შეწყვეტაზე ახლა ვერ ვილაპარაკებ".

მართალია, ალექსიძემ პირდაპირ პასუხს დიპლომატიურად აარიდა თავი, მაგრამ კულუარებში ვრცელდება ხმები და ამაზე 13 აგვისტოს აეროპორტში ძიუდოს სამყაროს წარმომადგენლებიც ლაპარაკობდნენ, რომ სპორტის მმართველნი ავსტრიელ პეტერ ზაიზენბახერთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებენ.

პრინციპში, პირადად ჩემთვის ეს მოულოდნელი არცაა, თუმცა ზაიზენბახერი რომ 13 აგვისტოს აეროპორტში იყო, ეს კი გამიკვირდა - ეს კაცი გაგანია სანაკრებო მზადების დროს არ ჩამოდიოდა თბილისში, ახლა კი არათუ გვიკადრა, რამდენიმე დღე აქაა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართველი მოჭიდავეები ოლიმპიადაზე: წაგებული ფინალები და ფავორიტები
წაგებულის შემობრუნება - როგორ უნდა მოვემზადოთ შეჯიბრებისთვის
წარუმატებელ ძიუდოისტთა ნაკრების გაურკვეველი ბედი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ ბიჭებო მარა მე ჩემ აზრს ვიტყვი შოთა ხაბარელი რო ყოფილიყო ნაკკრების მწვრთნელი უფრო მეტი მედლის წამოღებაც შეილებოდა ჩემი აზრი ასეტია
tijana513
22:04 14-08-2012
0
ყველაზე საპატივსაცემო ხალხი!........
ვასკულატ
19:31 14-08-2012
0

სიახლეები პოპულარული