ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შეჯამება: ფაქტები და ანალიზი

AutoSharing Option
7 მედალი და 39-ე ადგილი მსოფლიოს 119 ქვეყანას შორის - ასე დავასრულეთ ზაფხულის XXX ოლიმპიადა ლონდონში.

ამ 7-დან 1 ოქროა და 3-3 - ვერცხლ-ბრინჯაო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური სამყარო 20 წლის კარალეთელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (66) გააოცა, რომელმაც 5-დან ოთხი შეხვედრა წმინდად მოიგო (მათ შორის, იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ მასაში ებინუმასთან) და მსოფლიოს უპრესტიჟულეს ტურნირში ქულის დაუკარგავად გაიმარჯვა.

ვერცხლის მედლებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბორჯომელი რევაზ ლაშხი (60) და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, გორელი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და თბილისელი დავით მოძმანაშვილი (120) დაეუფლნენ,
ბრინჯაო კი ბერძენ-რომაელთაგან მანუჩარ ცხადაიამ (66), ხოლო "თავისუფალთაგან" დავით მარსაგიშვილმა (84) და გიორგი გოგშელიძემ (96) მოიპოვეს.

აქ რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ბერძნულ-რომაულში ვლადიმერ გეგეშიძისთვის (84) წართმეულ ბრინჯაოზე, სამწუხაროდ, ახლა ამით არაფერი შეიცვლება.

არადა, მსაჯებს ნამუსზე ხელი რომ არ აეღოთ, რაოდენობრივად შედეგი უფრო უკეთესი გვექნებოდა. თუმცა, თუ არბიტრთა კეთილსინდისიერებაზე ვსაუბრობთ, მაშინ ისიც უნდა ითქვას, გეგეშიძე ნახევარფინალშიც რომ არ დაეჩაგრათ რუსთა მომავალ ჩემპიონ ალან ხუგაევთან, ხარისხობრივადაც უკეთესი მაჩვენებელი გვექნებოდა.

თუმცა ახლა ეს მკითხაობა არაფერს გვარგებს - ფაქტია, რომ ჩვენი მონაგარი 7 მედალია. როგორი მაჩვენებელია ეს, როგორ უნდა შეფასდეს ჩვენი გუნდის გამოსვლა ოლიმპიადაზე? იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი მედალი თამაშებზე ჯერ არ გვქონია, ძნელია, წარუმატებელი უწოდო, თუმცა არის უკუსვლა მთელი რიგ ასპექტებში, რაც აღმატებულ ხარისხში შეფასების საშუალებას არ გვაძლევს.

მაგალითად, წინა ოლიმპიადასთან შედარებით, როცა ბევრად ნაკლები დაფინანსებით, ისევ 35 სპორტსმენით, ოღონდ - 33 საგზურით (მაშინ პლაჟბურთში 4 კაცზე 2 საგზური მოდიოდა) სამი ოქრო გვქონდა, ამჯერად ხარისხობრივად უარესი მაჩვენებელია.

თავის მხრივ, ამან გუნდურ ჩათვლაზეც იქონია გავლენა და პეკინში 27-ეზე ვიყავით, ამჯერად მექსიკასთან ერთად 39-ე ადგილს ვიყოფთ. თუმცა ისევ სტატისტიკისკენ გაგვექცა ფიქრი და მხოლოდ ციფრებში რომ იყოს უკუსვლა, კიდევ ავიტანდით, მაგრამ თამაშებიდან თამაშებამდე თანდათან ვიწროვდება მედლების გეოგრაფია სახეობების მიხედვით - ამჯერად მხოლოდ საჭიდაო სახეობებზე მოდის, სპორტი კი ჭიდაობაზე ბევრად ფართო ცნებაა.

იქნებ საწყლოსნო სახეობებში, ცურვასა და მძლეოსნობაში, სადაც მედლების უდიდესი ნაწილი თამაშდება, ძლიერები არც ადრე ვყოფილვართ, მაგრამ სადღაა ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, რომლებშიც ბოლო წლებში ოლიმპიადებზე მედლები გვქონდა!

ძალოსნობა და ტყვიის სროლა თამაშებზე სტაბილურად დაახლოებით თანაბარი რაოდენობის სპორტსმენებით თუ მაინც გადიან, კრივში ამ მხრივაც გეომეტრიული რეგრესია და ამჯერად მხოლოდ ერთი კაცით წარვსდექით.

რეგრესი ასე თუ გაგრძელდა, რიო დე ჟანეიროს თამაშებისთვის რა პერსპექტივა გველოდება, უთქმელადაც მიხვდებით.

უკუსვლაა მშვილდოსნობაშიც, რომელიც ის ბედნიერი გამონაკლისია, სადაც ოლიმპიადაზე გუნდურ სახეობაში გამოვედით.

სამწუხაროდ, ამჯერად წინა თამაშების მაჩვენებელი გაუარესდა და ორის ნაცვლად, ბრიტანეთში ერთი სპორტსმენით წავედით, თუმცა ამაში მშვილდოსნებზე მეტად... ისევ მსაჯები არიან დამნაშავენი.

მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე ქალთა ტურნირში მასპინძელ იტალიასთან მოგებული შეხვედრის გადათამაშება და ისე წაგება კარგად მოგეხსენებათ და ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, თუმცა ვიტყვით, რომ კრივისგან განსხვავებით, აქ არ ვხედავთ იმის საშიშროებას, რიოში ეს ერთი საგზურიც სანატრელი გაგვიხდეს.

მეტიც - ბრაზილიაში ქალებთან ერთად ვაჟ ოლიმპიელებსაც ველოდებით. ამ ოპტიმიზმს კი ჩვენი ახალგაზრდების წარმატება გვიძლიერებს.

ნამდვილად საგანგაშოა, რომ ლიცენზიების რაოდენობის თვალსაზრისით, სპორტის ბევრ სახეობაში დიდი აღმასვლა არ შეინიშნება.

ოღონდ ამ კუთხით პოსტლონდონურმა პერიოდმა რამდენიმე კარგი ტენდენციაც დაგვანახვა - ცურვაში პირველად მოვიპოვეთ ლიცენზია და მისმა ავტორმა ირაკლი ბოლქვაძემ არც ოლიმპიადაზე შეგვარცხვინა;

მძლეოსნებმა ამჯერად ყველაზე მეტი - 4 საგზური მოიპოვეს (თუმცა ამაში გაქართველებული პოლონელი მაჩეი როჩევიჩიც წაგვეხმარა)... მართალია, მათი შედეგები ჯერჯერობით ბევრად ჩამორჩება თანამედროვე სტანდარტებს, მაგრამ ამ ეტაპზე რაოდენობაც საქმეა - ეს სამომავლოდ შედეგების ასამაღლებლად საჭირო ბალანსს ქმნის, ოღონდ საამისოდ აუცილებელია, ამ ფედერაციების განვითარება სწორი გზით წარიმართოს.

მათ ბრაზილიაში ჩასვლა შედეგისთვის თუ უნდათ და არა მხოლოდ მონაწილეობისთვის, ძალიან დიდი მუშაობა მართებთ, როგორც სხვა ფედერაციებს.

რიოს მომავალი ოლიმპიადა ვახსენეთ და ზემოხსენებულ სახეობებთან ერთად დიდი შანსია, იქ ქართული ოლიმპიური რეალობისთვის ეგზოტიკური სახეობებიც ვიხილოთ. მაგალითად, ფარიკაობა და მხატვრული ტანვარჯიში, სადაც ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა მოდის.

მათ თავიანთ ასაკში უკვე წარმატებების მოპოვებაც მოასწრეს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე, თუმცა აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ბევრი სახეობა ვერც რიოში მოხვდება. მაგალითად, ცხენოსნობასა და თანამედროვე ხუთჭიდში ნაკლები პერსპექტივაა.

იმავეს ვიტყვით სროლის სახეობებზეც, განსაკუთრებით - სასტენდოზე, სადაც ვითარების რადიკალურ გამოსწორებას არა და არ ადგება საშველი.

დაგვეთანხმებით - ქართველებისთვის იარაღი, ნადირობა, მიზანში სროლა ისეთივე ტრადიციულია, როგორც - ცხენით ჯირითი...

ასევე ბუნდოვანია ბრაზილიაში გუნდურ სახეობებში მოხვედრის პერსპექტივა. აქ შედარებით კარგი პერსპექტივა წყალბურთს აქვს - მათ ამჯერადაც ცოტა დააკლდათ. მერე კი მოდის კალათბურთი და ფეხბურთი.

ოღონდ კიდევ ერთხელ ვიტყვით - საამისოდ სწორი მართვაა საჭირო, თორემ მარტო ნიჭიერი თაობა ან ფული საქმეს არ შველის.

სამწუხაროდ, ფრენბურთისა და ხელბურთის შანსები ძალზე მცირეა...ერთი სიტყვით, მდგომარეობა ნამდვილად არაა იმდენად კარგი, გული დავიმშვიდოთ და კმაყოფილებისგან ხელები ვიფშვნიტოთ.

სამუშაო კვლავაც ბევრია, თუ წარმატება გვინდა. ოქრო კარგია, მაგრამ მისმა ბრწყინვალებამ ნაკლოვანებები არ უნდა გადაფაროს. არადა, წარმოვიდგინოთ - რა იქნებოდა ჩვენი გამოსვლა, ეს ოქროც რომ არ ყოფილიყო! ამაზე ფიქრისას ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს ოქროც იმან მოიპოვა, ვისგანაც ამას სხვაზე ნაკლებად ველოდით მისი ახალგაზრდული ასაკისა და გამოუცდელობის გამო...

სარეიტინგო ვნებები
ერთი შეხედვით, უცნაურია, რომ უკეთესი დაფინანსების პირობებში შედეგი არაა წინაზე ყოველმხრივ უკეთესი.

პირიქით, როგორც ზემოთ დავწერეთ, ხარისხობრივად უარესიცაა. არადა, გუნდურ ადგილებს სწორედ ოქროების მიხედვით ითვლიან და არა მედლების საერთო რაოდენობით - ასე რომ იყოს, კიდევ 7 ადგილით წავიწევდით წინ. შედარებისთვის - მე-20-ეზე მყოფმა ჩრდილო კორეამ მხოლოდ 6 მედალი მოიპოვა, მაგრამ 4 ოქრო აქვს და იმიტომაა ცხრილში ასე მაღლა.

რაოდენობით რომ ითვლიდნენ, კორეელთა გარდა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, ნორვეგიას, თურქეთს, ხორვატიას, შვეიცარიას და ლიტვას გავუსწრებდით.

თავის მხრივ, ამ მაჩვენებლით ჩვენს მეზობლად მყოფი 18-მედლიანი კანადაც ბევრად წინ იქნებოდა ცხრილში.

გორის ფენომენი
გორმა ამჯერადაც გაამართლა საჭიდაო ცენტრის რეპუტაცია და მის მიერ მოპოვებული ჯილდოები ცალკე რომ დავაჯამოთ, მსოფლიოს ბარე ბევრ ქვეყანას ჩამოიტოვებდა უკან.

ძიუდოისტთა ნაკრებში ორი გორელი შედიოდა, რომელთაგანაც შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა.

ტრადიციულად, "თავისუფალთა" გუნდის ლამის ნახევარი გორიდანაა - 7-დან 3 ფალავანი. იმათგან ხინჩეგაშვილმა ვერცხლი, გოგშელიძემ კი ბრინჯაო მოიპოვეს.

ასევე ტრადიციულად ბერძნულ-რომაულში წარმომადგენელი არ ჰყოლიათ, თუმცა უამისოდაც მშვენიერი შედეგით დაუბრუნდნენ მშობლიურ რაიონს - სამივე სინჯის თითო მედლით.

ლონდონის ოლიმპიადაზე ასეთი შედეგით გამოსვლა მხოლოდ ტუნისმა დაასრულა, რომელიც 45-ეა. ამ სამი მედლით პატარა გორი ისეთ დიდ ქვეყნებს გაუსწრებდა, როგორებიც საბერძნეთი (2 ბრინჯაო), პორტუგალია, ჩერნოგორია (ორივე - თითო ვერცხლი), ბულგარეთი, ესტონეთი, ინდონეზია (სამივეს - თითო ვერცხლ-ბრინჯაო), ეგვიპტე (2 ვერცხლი) და კიდევ არაერთია.

3 მედალი მოიპოვეს, მაგალითად, სომხეთმა, ბელგიამ და ფინეთმა, თუმცა მათ ოქრო არ აქვთ. გორს მედლებით აჯობეს, მაგრამ ოქროს გარეშე დარჩნენ სლოვაკეთი, მონღოლეთი, ინდოეთი, რომლებსაც ასევე გაუსწრებდნენ ცხრილში. არაფერს ვამბობთ საერთოდ უმედლოდ დარჩენილ ისეთ განვითარებულ ქვეყნებზე, როგორებიც ავსტრია, ისრაელი და სხვებია.

ერთი სიტყვით, გორმა უნდა იამაყოს თავისი ფალავნებით. მით უფრო, 40 წლის თავზე ისევ დაიბრუნა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული - შოთა ჩოჩიშვილის შემდეგ ეს უმაღლესი რანგის ტიტული ისევ ძიუდოისტმა შავდათუაშვილმა დააბრუნა გორში.

მწვრთნელთა შეფასებები
ლონდონში მედლები მხოლოდ საჭიდაო სახეობებში მოვიპოვეთ, თუმცა მათი უმეტესობა "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულზე მოდის.

საინტერესოა, რას ფიქრობენ მათი მწვრთნელები შეგირდთა გამოსვლაზე, როგორ აფასებენ ოლიმპიადას? ამ მიზნით ზაზა თურმანიძეს და ბეგი დარჩიას დავეკითხეთ. რაც შეეხება ძიუდოისტთა დამრიგებელ პეტერ ზაიზენბახერს, ის უკვე ჩავლილია, საქართველოდანაც წავიდა და მის კომენტარს ვერ შემოგთავაზებთ.

ზაზა თურმანიძე (თავისუფალი ჭიდაობა): "ყველა სპორტსმენს მადლობა ეკუთვნის. შედეგი ძალიან კარგია, თუმცა ოქროს ბრწყინვალება აკლია. მაგრამ სპორტი ასეთია - აქ წარმატებისა თუ წარუმატებლობის ბევრი განმსაზღვრელი ფაქტორია.

სტაბილური გუნდია, რასაც ისიც ადასტურებს, რომ გუნდურ ჩათვლა
ში რუსებთან ერთად გავიმარჯვეთ 40 ქულით.

ბუნებრივია, უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ ღირს. ოლიმპიადა ლაშა შავდათუაშვილის მსგავსი უცნობი ხალხისაა.

აქედან გამომდინარე, ცუდია, ოქრო რომ არაა, მაგრამ მე მადლობას ვეტყვი იმავე გოგშელიძეს, მარსაგიშვილს და უოქროოდ დარჩენილ სხვა ლიდერებს, რომ ოლიმპიური მედლებ
ი მოგვიტანეს.

მარსაგიშვილისგან მეტ ბრძოლისუნარიანობას, მეტ სითამამეს კი ველოდი, მაგრამ ალბათ, ფსიქოლოგიურმა მომენტმა, ახალგაზრდობამ იმოქმედა.

ხინჩეგაშვილი ამ წონაში ლიდერი კი არის, მაგრამ მას რეკომენდაციას მივცემ წონის შესაცვლელად, აქ არ უნდა დარჩეს. მარსაგიშვილთან წონის შეცვლის საჭიროებას ვერ ვხედავ, ხინჩეგაშვილს კი უჭირს წონის დაკლება".


ბეგი დარჩია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა): "გუნდურ ჩათვლაში სამეულში მოვხვდით რუსეთისა და ირანის შემდეგ, რაც ურიგო შედეგი არაა.

მით უფრო, ოლიმპიადაზე ლიდერ გუნდად არ მივიჩნეოდით. ამის მიუხედავად, ორი მედალი მაინც მოვიპოვეთ, თუმცა მეტიც შეგვეძლო.

ძალიან მწყდება გული ვლადიმერ გეგეშიძეზე, რომელიც არა მხოლოდ ყაზახ დანიალ გაჯიევთან დაჩაგრეს, არამედ ნახევარფინალშიც - ალან ხუგაევთან.

ყაზახთან იმ საკამათო გდებისას ნამდვილად დაუხურა გდება, რის გამოც ორ ქულას იმსახურებდა. ყაზახეთი ჩვენს სახეობაში უმედლოდ რჩებოდა და ეს ამიტომ მოხდა. სხვა შემთხვევებზე ვერ ვიტყვი, რომ დაგვჩაგრეს.

არადა, ტურნირის მსვლელობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩემპიონობის ყველაზე მეტი შანსი გეგეშიძეს ჰქონდა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პეტერ ზაიზენბახერი და გიორგი ალექსიძე თანამდებობებიდან მიდიან [+VIDEO]
მიხეილ სააკაშვილი: ლაშა შავდათუაშვილი გოლიათი მეგონა [+VIDEO]
წარუმატებელ ძიუდოისტთა ნაკრების გაურკვეველი ბედი
წაგებულის შემობრუნება - როგორ უნდა მოვემზადოთ შეჯიბრებისთვის

ქართველი მოჭიდავეები ოლიმპიადაზე: წაგებული ფინალები და ფავორიტები

"ლელოს" სტუმარი დავით მოძმანაშვილი - მან საკუთარ თავს აჯობა
ოლიმპიელთა კომენტარები - მოძღვრის რჩევა და დავით მოძმანაშვილის რაინდობა
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეგრესი ცალსახაა - ამის არდანახვა სიბრმავეა. ცალკეული სპორტსმენის დაჩაგვრა-არდაჩაგვრა სხვა ქვეყნებსაც ეხება. ცხადია ჩვენი ტრადიციულად ძლიერი მხარეა ჭიდაობები, მაგრამ გავიხსენოთ რამდენი არამოჭიდავე ოლიმპიური ჩემპიონი გვყავდა. სანეევის აღმზრდელი ქვეყანა მძლეოსნობაში ასეთ დღეში უნდა იყოს ? ბოლოს როდის გვყავდა ქალი-ჩემპიონი ? ქვეყანას მოდებულმა უდარდელობის და სხვა სახის სიმსივნემ (მარტო ხელისუფლებას არ ვგულისხმობ) სპორტსაც შეუტია. ფეხბურთზე ლაპარაკიც არ ღირს, სადაც ვართ. გამოსავალი - ერთ-ერთი უმთავრესი - უაღრესად არაკომპეტენტური ხალხის სპორტიდან ჩამოშორება. აქ მარტო ვარძელაშვილზე, ნამგალაურზე და მათ ზონდერებზე არ არის ლაპარაკი. სპორტის საქმეებს უნდა განაგებდნენ (ისევე როგორც სხვას) მცოდნეები და პირველ რიგში თვითონ სპორტსმენები - ვეტერანებიც და მოქმედებიც. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სპორტული მედიცინა, რომელიც მოწინავე ქვეყნებში მეცნიერების დონეზეა აყვანილი, ჩვენთან ფაქტიურად არ არსებობს. ამიტომ ფინანსებთან ერთად უპირველესი ადამიანური ფაქტორია და სანამ ჩვენს სპორტში XXI საუკუნის აზროვნება არ შემოვა, ახლანდელსაც დავკარგავთ...
zura
14:07 20-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული