ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე მავანი სპორტსმენი, ალბათ, თავს არ დაზოგავს, ოლიმპიური მედალი რომ ხვდეს წილად, ხოლო ამ თამაშების დამსწრე აღტკინებული მავანი გულშემატკივარი გულს ამოიგლეჯს სიხარულით, ოღონდ თავისი რჩეული ათლეტის გამარჯვების მოწმე გახდეს.
გარედან რომ დააკვირდე, მედლისთვის ბრძოლის მთელი პროცესი და ბოლოს, დაჯილდოების ცერემონიალი, განსაკუთრებით, ოქროს მედლისთვის ომი და მისი კისერზე დაკიდება, ისე გამოიყურება, როგორც დამსწრე ზღვა ხალხის და მათ საყვარელ მოასპარეზეთა ერთობლივი ბავშვური ღელვა.
მათი მღელვარება გამოხატულია ხოლმე ალალი
აი, მედლის აღების შემდგომ პერიოდში, ანუ გამარჯვებულის მომდევნო რეალურ ცხოვრებაში მედალი იწყებს "მუშაობას" წარმოუდგენელი ეფექტურობით და სრულიად კონკრეტულ გავლენას ახდენს ოლიმპიური მედლით წარჩინებულ ადამიანთა ცხოვრების პერსპექტიულ განვითარებაზე.
ოლიმპიურ მედალს (ის მკაცრად საზღვრული იერარქიით მოქმედებს შესაბამისად - ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) აქვს მკაფიოდ გამოხატული თვისება, რომ დღეს საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ქალი ან კაცი ელვისებური სისწრაფით აქციოს პოპულარულ ვარსკვლავად, თანაც, მოკლე ვადით კი არა, არამედ მთელი მისი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე და მერეც.
ვერავითარი ულტრაიისფერი ეფექტი ვერ შეედრება პოპულარობის იმ საამო სიმხურვალეს, რომელიც ათბობს ოლიმპიური მედლის მფლობელს იმ ბედნიერი შემთხვევიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე. მედლის მოპოვება ნიშნავს იმას, რომ მისი მფლობელის სახელი სამუდამოდ ამოიკვეთება ქვაში მომცრო, საშუალო ან დიდი ასოებით (მედლის ხარისხის მიხედვით, ცხადია), რაც უცილობლად ნიშნავს ისტორიაში ამაყად შესვლას.
ოლიმპიური მედალი არის განუხრელი დიდების სიმბოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საკუთარ სამშობლოში ერის უსაყვარლეს გმირად ქცევის უტყუარი საშუალება. მედალი შეიძლება კარგ სამუშაო ადგილსაც ნიშნავდეს და, რა თქმა უნდა, მფლობელის ფინანსური პოტენციის გარდუვალ სრულყოფას.
ხუმრობა იქით იყოს და, მედალს ისიც ძალუძს, რომ წარმატებული ქორწინების დიდი შანსი მისცეს მის ბედნიერ პატრონს. ოლიმპიური მედალი გულებს იპყრობს და მეგობრების წრეს ზრდის უკიდეგანოდ.
მედალი ჩაკეტილ კარებს ხსნის და წარმატებისკენ მიმავალ გზებს კირწყლავს. ერთი სიტყვით, ოლიმპიური მედალი ჭეშმარიტად აკეთებს თავის დიდ საქმეს, თან ძალიან კარგად. გაძლებითაც დიდხანს ძლებს - არ იჟანგება არასდროს.
ოლიმპიური მედალი არა უბრალოდ წარმოაჩენს ადამიანს, არამედ მას გადააქცევს შვილიშვილებისთვის შესანიშნავი ამბების მისაბაძ მთხრობელად. მედალი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას ნიშნავს, სადაც მისი მფლობელი სამუდამოდ დაიდებს ხოლმე ბინას.
მოკლედ რომ ვთქვათ, ოლიმპიური მედალი ახდენილი (ან აუხდენელი... გააჩნია!) და ფრთაშესხმული ოცნებაა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ცვლის ხოლმე ასობით მომლოდინე სპორტსმენთა ცხოვრებას მთელ მსოფლიოში, რომელთა ნერვიული სისტემა დაძაბულობის გამო წკიპზეა ხოლმე მისული თამაშების დროს, თუმცა გაწონასწორებულია მათი ფიზიკური ძალითა და შინაგანი სიმტკიცით, რომელიც სრულიად საკმარისია, რომ გაუძლონ მოსალოდნელ შეჯიბრებათა სიმძიმეს.
ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ოლიმპიურ მედალს მეორე მხარეც აქვს. მედალი ტონობით ოფლის ღვრასაც ნიშნავს და დიდ ტკივილსაც, როგორც ფიზიკურს, ისე სულიერს; პირად ცხოვრებასა და ჩვეულებრივ ადამიანურ სიამოვნებაზე უარის თქმას ხშირად, თავის უარყოფას და სპორტსმენის ნებისყოფის გამარჯვებას ჩვეულ ადამიანურ სისუსტეებზე.
ამის გარეშე მედალზე ოცნებას ძირი ეთხრება და წინასწარაა განწირული დასაღუპად. მედალი მხოლოდ ღვთითბოძებული ნიჭის და ფიზიკური ძალის შედეგი არაა.
ის თავდაუზოგავი ძალისხმევა უფროა და დაჟინებული სწრაფვა მიზნისკენ; გაუთავებელი მძიმე შრომაა, ფოლადის ნერვი და რკინის ნებისყოფაა; ის მზადყოფნაა თავგანწირვისთვის, ბრძოლის დაუოკებელი სურვილია; მოწინააღმდეგის დაძლევისკენ შეუჩერებელი ლტოლვაა, ფიზიკური გვემისთვის გააზრებული მზადყოფნა სამშობლოს სადიდებლად.
არ ვიცი, თუ რამდენად სწორად და ლოგიკურად ჟღერს ეს ნათქვამი, მაგრამ მე მაინც უნდა დავსვა ერთი შეკითხვა ბოლოს - არა ახირებული რიტორიკით აღსავსე, არამედ სრულიად გააზრებული და დამაფიქრებელი: რამდენი ქართველი სპორტსმენი წავიდა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე წელს სწორედ ასეთი განწყობით, მზაობით, ფიქრებითა და შემართებით?
ნუგზარ ბ. რუხაძე
თარგმნილია და გადმობეჭდილი ყოველკვირეული ინგლისურენოვანი გაზეთიდან Georgian journal - N 32 (255), 2012 წლის 16-22 აგვისტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"