ქართველი გოგონა აშშ-ის პარაოლიმპიელი ვარსკვლავია [VIDEO]

AutoSharing Option
ელიზაბეთ სტოუნი, რომელიც მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე დაიბადა, მსოფლიო კლასის მოცურავეა.

წლევანდელ პარაოლიმპიურ თამაშებზე, სადაც სტოუნი აშშ-ის სახელით ასპარეზობდა, მან რამდენიმე მედალი მოიპოვა. ელიზაბეთ სტოუნი წარმოშობით საქართველოდან არის. იგი ქუთაისის ბავშვთა თავშესაფარში იზრდებოდა.

31 აგვისტო ლონდონის პარაოლიმპიური ასპარეზობის ერთ-ერთი დაძაბული დღე იყო. ქალებს შორის 100 მეტრზე ზურგზე ცურვაში ოქროს მედალი თამაშდებოდა. 22 წლის სტოუნმა ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა (იხილეთ ვიდეო).

მან დისტანცია 1 წუთსა და 12 წამში დაფარა და ფინიშთან მესამემ მიცურა. თუმცა, 2008 წელს პეკინის პარაოლიმპიურ ასპარეზობაზე მას
უკეთესი შედეგი ჰქონდა. ამერიკელმა სპორტსმენმა მაშინ ვერცხლის მედალი მოუტანა თავის გუნდს. ორივე შემთხვევაში, ელიზაბეთ სტოუნმა ეს შედეგი მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილის გარეშე აჩვენა.

"ფინიშთან ბოლოდან მეორე ვიყავი, მაგრამ ვიღაცა მაინც დავამარცხე და, ცხადია, ერთი ადამიანის დამარცხებაც კი საკმარისი იყო ჩემთვის, რომ ავნთებულიყავი", - ამბობს ელიზაბეთ სტოუნი.

დაავადებით, რომელიც მედიცინაში თეძოს ძვლის პროქსიმალური კერის დეფიციტის სახელითაა ცნობილი, ელიზაბეთ სტოუნი 22 წლის წინ ქალაქ ქუთაისში დაიბადა. ლონდონის ოლიმპიური სოფლიდან ჩვენს კორესპონდენტ რიჩარდ სოლაშთან საუბარში სტოუნმა ქუთაისის ბავშვთა თავშესაფარში გატარებული მძიმე ბავშვობა ასე გაიხსენა:

"ქუთაისის ბავშვთა თავშესაფარში ვცხოვრობდი. იმ დროის ამბები კარგად არ მახსოვს, მაგრამ ცოტათი მახსოვს უდედმამოთა თავშესაფარი, მე ვიტყოდი, შიმშილი - თავშესაფარი ძალიან ღარიბი იყო. მახსოვს საშხაპე - ერთი ოთახი წითელი ვედროთი."

ელიზაბეთ სტოუნი, იგივე ქეთევან ხურციძე, შეზღუდული შესაძლებლობით დაიბადა - მას მარჯვენა ფეხის ქვედა ნაწილი აკლდა. ელიზაბეთ სტოუნი ფიქრობს, რომ სწორედ ამ თანდაყოლილი ფიზიკური დეფექტის გამო თქვეს მასზე უარი მშობლებმა და ბავშვთა თავშესაფარში ჩააბარეს, სადაც იგი მიჩიგანელმა ფსიქოთერაპევტმა ლინდა სტოუნმა ნახა, იშვილა და აშშ-ში ჩაიყვანა. რამდენიმე თვეში ოთხი წლის ელიზაბეთ სტოუნს კიდურის პირველი პროთეზი გაუკეთეს, რომელსაც იგი, ქართული "ფეხის" გავლენით, დღემდე "ბეკის" უწოდებს:

"როდესაც პირველად ჩავედი აშშ-ში, ქართულად ვლაპარაკობდი. შემდეგ, როდესაც პროთეზი გამიკეთეს, მას ყოველთვის ქართულად ვეძახდი "ფეხს". მაშინ საკმაო ენობრივი ბარიერი იყო ჩემსა და დედაჩემს შორის და ამიტომ "ფეხი" "ბეკიდ" იქცა. ახლაც ჩემს ფეხს, ქართულ ყაიდაზე, "ბეკის" ვეძახი", - ამბობს ელიზაბეთი.

მაგრამ როდესაც ცურავს, ელიზაბეთ სტოუნი "ბეკის", ანუ პროთეზს იხსნის. ამიტომ ის ასპარეზობის დროს, 31 აგვისტოს, აუზთან ეტლით მივიდა. ზუსტად ასე მოიქცა იგი რამდენიმე წლის წინ, როდესაც ცურვაში ჯანსაღ ათლეტებს შეეჯიბრა. ის შედეგი დღემდე ცოცხლობს ელიზაბეთ სტოუნის ხსოვნაში.

ამერიკელი პარაოლიმპიელი ფასდაუდებელს უწოდებს იმ დახმარებას, რაზეც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აშშ-ში მიუწვდებათ ხელი. კვირაში ექვსდღიანმა ვარჯიშებმა კი სპორტსმენ გოგონას ლონდონში მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა. 7 სექტემბერს ელიზაბეთ სტოუნმა მეორე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა ბატერფლაის სტილით ცურვაში.

ქეთევან ხურციძე გაშვილების შემდეგ სამშობლოში აღარ ჩამოსულა. როგორც მან ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, რიჩარდ სოლაშს უთხრა, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ესტუმრება საქართველოს და, შესაძლოა, თავისი ბიოლოგიური მშობლებიც მოძებნოს.

კობა ლიკლიკაძე
რადიო "თავისუფლება"

ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
მშობელმა რომ თავის შვილი ჩააბაროს ეს ......... არანაირ მორალში არ ჯდება ... მაგრამ მორალის კითხვას არ ვიწყებთ ახლა ჩემი შვილი 2წლის არის და როცა პატარას ვხედავ ტირლი მინდება სიყვარულით და გული მეკუმშება .... არა და ჩცემ პატარას სულ ერთი საათია როცა დავშორდი რამოდენიმე საათით .... ვისაც დედაობრივი ან მამობრივი გრძნობა დაკარგული აქვს ის როგორ იძინებს ვერ წარმომიდგენია ........
nika5657
05:11 11-09-2012
0
მე ვიცი ვინც არის ამ გოგონას ბიოლოგიური მშობლები...საქმე ცოტა სხვაგვარადაა და მაინც მიტევება ხო დიდი ნიჭია???
jorik
23:11 13-09-2012
0

სიახლეები პოპულარული