რანგით პრეზიდენტი, ხელფასით მოხალისე - ინტერვიუ გია ნაცვლიშვილთან

AutoSharing Option
ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილთან.

- ბატონო გია, 23 სექტემბერს ამიწურა სეოკ-ის პრეზიდენტობაზე კანდოდატთა წარდგენის ვადა. თქვენ უკონკურენტოდ დარჩით. რით ახსნით ამ შემთხვევას და რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა თქვენთვის ეს ცნობილი გახდა?
- წინასაარჩევნი პერიოდი წესდების შესაბამისად წარიმართა. ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ოთხი წლის წინანდელ არჩევნებში ორი კონკურენტი იყო. არჩევნებმა მაშინ ძალიან კორექტულად ჩაიარა. სიმართლე გითხრათ, ველოდი ახლაც გამოჩნდებოდა ვინმე.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოჩნდა მსურველი. იქნებ იმიტომ, რომ ქართულმა სპორტულმა სამყარომ თქვენ მიგიღოთ ისეთ ხელმძღვანელად,
როგორიც შეეფერება ჩვენ ეროვნულ სპორტულ მოძრაობას, კონკურენტები იქნებ სწორედ ამ კონტექსში "თამასის სიმაღლემ" დააფრთხო.
- საკუთარ თავზე ვერაფერს ვიტყვი. თუ ეს კარგად მუშაობის შედეგია, მადლობის მეტი რა მეთქმის მთელი ჩვენი კომიტეტის სახელით. ჩემი და სეოკ-ის თანამშრომლების ამოცანაა სპორტსმენებს შევუქმნათ ოლიმპიური თამაშებისთვის უკეთ მომზადება-მონაწილეობის აუცილებელი პირობები.

სხვაგვარად პასუხს შედეგებზე ვერავის მოსთხოვ. ხომ გეტყვიან, რა გაგვიკეთე, რას გვთხოვო. სპორტსმენებს, მწვრთნელებს თუ ფედერაციას შედეგებზე პასუხი რომ მოსთხოვო, საამისოდ მორალური უფლებაც უნდა გქონდეს.

- წესდების შესაბამისად სესიამ უნდა აირჩიოს პრზიდენტი და მმართველი ბირთვი. თუ სესია 3 ოქტომბერს კვლავ თქვენ განდობთ ხელმძღვანელობას, რა ცვლილებები მოხდება მმართველ გუნდში.
- ჯერ ისე არავინ დაქანცულა, რომ შესაცვლელი იყოს. განვლილ ოლიმპიურ ციკლში მათ უდიდესი გამოცდილება შეიძინეს, დაამყარეს საქმიანი კონტაქტები შინ და გარეთ. ადამიანურ ურთიერთობებზე ბევრია დამოკიდებული. მომავალში ეს კავშირები უფრო მეტ სასურველ შედეგს მოიტანს.

- ბარემ აქვე გკითხავთ, სეოკ-მა თქვენი ხელმძღვანელობით საერთაშორისო ურთიერთობები თვალსაჩინოდ გაღრმავა. შედეგებზე რას იტყვით.
- კმაყოფილი ვარ, რომ კარგი ურთიერთობები დავამყარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და განსაკუთრებით ჩვენთვის სტრატეგიული სპორტის ისეთი სახეობების ფედერაციებთან, როგორიცაა ძიუდო და ჭიდაობა, აგრეთვე კრივი.

ასეთი ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. შედეგებს ვგრძნობთ, ვიგრძენით ლონდონის ოლიმპიდაზეც. ხანდახან სხვა ქვეყნები დახმარებას, რჩევებსაც იღებენ ჩვენგან. ასე რომ, სიტყვა გვეთქმის საერთაშორისო ოლიმპიურ თანამეგობრობაში. ახალ ოლიმპიურ ციკლში უფრო გავააქტიურებთ ამ მიმართულებით ძალისხმევას.

- ლონდონის ოლიმპიადის შედეგები წარმატებად, მედლების ხარისხი კი წარუმატებლად ჩათვალეთ. მოახლოებულ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე იგივეს იტყვით?
- სხვა სათქმელი ნამდვილდ არ მაქვს. 5-ბალიანი შეფასებით 4-იანი დავიმსახურეთ. მედალოსნების ასაკის გათვალისწინებით კი ეს იყო გამართული 4-იანი. ფრიადი იქნებოდა კიდევ ერთი ოქრო.

- როგორც ბრძანეთ, მომავალი ოლიმპიადისთვის მზადება ძირითადად ისევ სეოკ-ის ახლანდელ მმართველ გუნდს მოუწევს. რას გეგმავთ 2016 ოლიმპიადისთვის?
- ჯერ ის ვთქვათ, რომ წლევანდელ ოლიმპიადაში მონაწილე ჩვენი სპორტსმენების 80-90 პროცენტი, შიდა კონკურენციით, ალბათ 2016 წლის თამაშებშიც იასპარეზებს, ასაკი უწყობთ ხელს. ამასთან მოდის ნიჭიერი მომავალი თაობა. თბილისში დაგეგმილი 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალი ძალიან დაგვეხმარება ახალგაზრდეს შორის სპორტის პროპაგანდაში.

აქვე გეტყვით, რომ შეიქმნა გოგონათა ასაკობრივი გუნდები კალათბურთში და ხელბურთში, სპორტის სხვა სახეობებში, იქმნება რეზერვის მომზადების მყარი საფუძველი.

საიმედო პერსპექტივა იკვეთება ძალოსნობაში, ვაჟთა მშვილდოსნობასა და ფარიკაობაში, მძლეოსნობაში, გამოჩნდა მოცურვეც. საქართველოში ბევრგან აიგო აუზები და სპორტის საწყლოსნო სახეობებმაც ამოისუნთქა.

საერთოდ, ყველამ კარგად იცის, ქვეყანაში ბოლო წლებში როგორ მომრავლდა ოლიმპიური სპორტის სახეობების ბაზები, გაუმჯობესდა სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს სიკეთე უთუოდ სასიკეთოდ წაადგება საქართველოს ოლიმპიურ მოძრაობას.

- როგორ ფიქრობთ, სპორტის რომელიმე სათამაშო სახეობაში შეიძლება მოვხვდეთ მომავალ ოლიმპიადაზე?
- გვეიმედება კალათბურთის, წყალბურთის და შვიდკაცა რაგბის.

- სახელმწიფო რაში და როგორ გეხმარებათ?
- პირველად განვლილ ოლიმპიურ ციკლში სახელმწიფომ უპრეცედენტო მიზნობრივი ფინანსური დახმარება გაგვიწია ბიუჯეტიდან ოლიმპიელებისთვის. მხარდაჭერა გრძელდება. 50 წლით გადმოგვცეს ისტორიული ნაგებობა მაჩაბლის ქუჩაზე, ჩავატარეთ რესტარვაცია.

მინდა "ლელოს" მკითხველმა იცოდეს, რომ ჩვენი ოფისი მსოფლიოში 50 საუკეთესო ოლიმპიურ ოფისების შორისაა დაფიქსირებული, შიდა დიზაინით კი მსოფლიო არქიტექტურის საიტზე რჩეულ ათეულში მოიხსენიება.

მიღებული გვაქვს პრემიაც. საუკეთესოთა შორისაა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჩვენი ოლიმპიური მუზეუმიც ამავე შენობაში.

- მომავალი ოლიმპიადისთვის რას გეგმავთ?
- გვეყოლება 40-45 ლიცენზიატი, ივარაუდება 10 მედალი მათ შორის - ოქროსი, რაც სარეკორდო იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიურ ისტორიაში.

- თქვენზე გაგვიგია, ხელფასს არ იღებსო...
- ნამდვილად ასეა, მოხალისე ვარ. სამსახურში არც ტელეფონის ხარჯებით და სხვა სიკეთით ვსარგებლობ.

- სამაგიეროდ კმაყოფილები არიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები...
- ასეც უნდა იყოს, ჩვენ მათ სამსახურში ვართ. მივაღწიეთ ყველა თაობის ოლიმპიელთა სამედიცინო უზრუნველყოფას, მატერიალურ თანადგომას.… ამით მომავალ თაობასაც ვაძლევთ კარგ მაგალითს.

ესაუბრა თენგიზ გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გია ნაცვლიშვილი: ჩვენმა ბიჭებმა და საქართველომ ოქროს მედლები დაკარგეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული