ლერი ხაბელოვი: გადაჭრით მინდა ვთქვა, რომ არჩევნები სუფთა წესებით ჩატარდა

AutoSharing Option
ქართულ ოლიმპიურ მოძრაობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს.

ეს 20 დეკემბერს "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიშო სესიაზე გაირკვა, რომელსაც 111 დელეგატიდან 107 დაესწრო.

ხაბელოვმა 59 ხმა მიიღო, სეოკ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა - 43, ბეჟან ხურციძემ - 4, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.

შეგახსენებთ, რომ სამივე კანდიდატს წინასწარ ჰყავდა დასახელებული საკუთარი გუნდი, რომლითაც მოვიდოდა ოლიმპიური კომიტეტის სათავეში.

ამდენად, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჩვენი კოლეგა ელგუჯა ბერიშვილი გახდა, ვიცე-პრეზიდენტებად ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი იმუშავებენ,
გენერალური მდივნის პოსტზე კი ხაბელოვმა ემზარ ზენაიშვილი დააბრუნა.

სესიას ევროპის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთა აღმასკომის წევრი და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი კიკის ლაზარიდისიც ესწრებოდა.

არჩევნები ამ სხდომის მთავარი თემა იყო, თუმცა დასაწყისში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც მოილია.

კერძოდ, სეოკ-მა საიუბილეო თარიღებისა თუ ძველი დამსახურებების გამო ოლიმპიური ორდენებით დააჯილდოვა ოლიმპიური ჩემპიონები: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომან რურუა, ფრენბურთელი ვაჟა კაჭარავა და ტანმოვარჯიშე გალინა მინაიჩევა-შარაბიძე.

"წლის მეცენატის" პრიზი ფარმაცევტული კომპანია "ავერსი-ფარმას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ მიიღო.

ლონდონში დაკავებული ადგილების შესაბამისი სამკერდე ნიშნები გადაეცათ თამაშების მედალოსნებს: ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს (66) - ოქროსი, ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე რევაზ ლაშხს, (60) "თავისუფალთა" ნაკრების წევრებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა (55) და დავით მოძმანაშვილს (120) - ვერცხლისა, ხოლო ბერძენ-რომაელ მანუჩარ ცხადაიას (66), "თავისუფლებს" - დავით მარსაგიშვილსა (84) და გიორგი გოგშელიძეს (96) - ბრინჯაოსი.

ამ პროცედურის გავლის შემდეგ ნაცვლიშვილი საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა, რომელსაც თავისი პრეზიდენტობის უპირველეს მიღწევად "თბილისი-2015" საარჩევნო მარათონში გამარჯვება მიიჩნია.

მოგვიანებით, უკვე პრეზიდენტის კანდიდატის რანგში გამოსვლისას ყველაზე დიდ წარუმატებლობად ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო მარათონში გუნდურ სახეობებში წარუმატებლობა დაასახელა.

ნაცვლიშვილის გამოსვლას რამდენიმე კითხვა მოჰყვა, რომელთა დიდი ნაწილიც ოლიმპიურ ჩემპიონ შოთა ხაბარელს ეკუთვნოდა.

წინა ყრილობაზე 60 ლიცენზიას და ლონდონში 5 ოქროს რომ დაგვპირდით, რატომ ვერ შეასრულეთ; რა მიზნით ჩამოიყვანეთ 36 წლის პოლონელი მძლეოსანი; რატომ ვერ აწონეთ ლონდონის ოლიმპიადაზე მოკრივე; რა მოხდა მძლეოსანთა ლიცენზიებთან დაკავშირებით - ეს იყო შეკითხვათა ძირითადი ნაწილი, რომელსაც ნაცვლიშვილმა დეტალურად უპასუხა, თუმცა მძლეოსანთა საგზურების საკითხს არ შეხებია.

საანგარიშო მოხსენების შემდეგ ტრიბუნა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატებს დაეთმოთ. მართალია, მათ გამოსვლებში იყო სამომავლო გეგმებზე ლაპარაკი, მაგრამ უფრო მაინც ერთმანეთის კრიტიკა სჭარბობდა.

ამ მხრივ ყველაზე ცუდ დღეში ნაცვლიშვილი აღმოჩნდა, როგორც სეოკ-ის მოქმედი პრეზიდენტი - მის მიმართ და, ზოგადად, ბოლო წლებში ამ ორგანიზაციის მუშაობისადმი ბევრი კითხვა გაჩნდა.

მათი გამოსვლებიდან ყურადღებას ხაბელოვის ძირითად თეზისებზე გავამახვილებთ, როგორც ახალი პრეზიდენტისა, რომელმაც ძირითად პრიორიტეტებად სპორტის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ფართოდ დანერგვა დაასახელა.

ცხადია, არც უმაღლესი მიღწევების სპორტი დავიწყებია, რაც ნებისმიერი ოლიმპიური კომიტეტისთვის უპირველესი ამოცანაა.

მანვე ერთ-ერთ ვექტორად რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე რომელიმე გუნდურ სათამაშო სახეობაში მოხვედრაც დაასახელა, თუმცა იქვე დასძინა, ეს ძალზე ძნელად მისაღწევი იქნებაო.

საინტერესო იყო ხურციძის გამოსვლა, რომელმაც ორივე მეტოქეს კანდიდატურების მოხსნისა და მისი პერსონისადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

იქვე მან მეორე ტურიც იწინასწარმეტყველა და აქ ფრიად საინტერესო რამეც თქვა - იქ მხარს დავით გობეჯიშვილსა და დავით ხახალეიშვილს დავუჭერო.

შეგახსენებთ, რომ ორივე ოლიმპიური ჩემპიონი დასახელებული იყო როგორც ხურციძის, ასევე - ნაცვლიშვილის გუნდში სხვადასხვა პოსტზე. ხურციძემ "ოლიმპიურ ჩემპიონთა კლუბის" გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა, რომელმაც არჩევნებამდე ორი დღით ადრე დელეგატი შეცვალა - ზაურ ცხადაძის ნაცვლად ხმის უფლება თამაზ თევზაძეს გადასცა.

რაკი თევზაძე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილეა, ხურციძემ ასეთი ცვლილება არადემოკრატიულ ნაბიჯად შეაფასა, რასაც თევზაძის მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

ხმის უფლების მქონე დელეგატთა ვინაობა სესიის კიდევ ერთ მწვავე საკითხად იქცა. საქმე ისაა, რომ 3 ოქტომბრის, ანუ სეოკ-ის არჩევნების გადადების შემდეგ დელეგატთა რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის - "თბილისი-2015"-ის ხარჯზე, რომელსაც 2 ხმა მიეცა.

სალუქვაძემ მათთვის და კიდევ ოთხი დელეგატის - ვლადიმერ ვარძელაშვილის, გიორგი ალექსიძის, პეტრე ცისკარიშვილისა და კახა გეწაძისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა მოითხოვა.

ამათგან ვარძელაშვილი სპორტის ექსმინისტრია, დანარჩენი სამი კი - სპორტული ფედერაციების ექსპრეზიდენტები.

სხდომამ ამ საკითხზე კარგა ხანს იკამათა და საბოლოოდ "თბილისი-2015"-ს მანდატები ჩამოართვა, იმ ოთხეულს კი დაუტოვა, რადგან ისინი აღმასკომში 3 ოქტომბრამდეც შედიოდნენ.

სესიაზე სიტყვით ნონა გაფრინდაშვილიც გამოვიდა და ლუკა კურტანიძეც, რომელიც მოზომილი, მაგრამ მკვეთრი სიტყვით გამოირჩა. მან ძველ ხელისუფლებას ადრინდელი შეცდომები გაუხსენა: ჭადრაკის სასახლისთვის ნონა გაფრინდაშვილის სახელის გადარქმევა, როცა ლეგენდარულ ქალბატონს თურმე აფხაზეთში დღესაც ძველებურ პატივს მიაგებენ; რობერტ შავლაყაძესთან საბინაო თემაზე დავა; 26 მაისის მოვლენებისას მის მიმართ გამოჩენილი ფიზიკური ძალადობა; ზეწოლა სპორტულ სამყაროზე და სხვა, ხოლო ვარძელაშვილი პირადად დაადანაშაულა მისი შვილის - ნოდარ კურტანიძის კარიერის დაბლოკვაში. მას ასე მხოლოდ იმიტომ მოექცნენ, რომ ჩემი შვილი იყოო, განაცხადა კურტანიძემ.

სხდომაზე არაერთხელ შეეხნენ სპორტის დეპოლიტიზაციას და ბევრჯერ გაავლეს პარალელი სეოკ-ისა თუ ფედერაციების წინა არჩევნებთან, სადაც არც ალტერნატიული კანდიდატები იყვნენ და ხელისუფლება პირდაპირაც ერეოდა სპორტსმენთა არჩევნებშიო.

ხაბელოვმა არჩევნებამდეც და მისი დასრულების შემდეგაც არაერთხელ დადო პირობა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება, ამის წინა პირობად კი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დროის ამ მცირე მონაკვეთში გამართული ფედერაციების საარჩევნო ყრილობები დაასახელა.

"დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. გადაჭრით მინდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები სუფთა წესებით ჩატარდა. ამდენად გამჭვირვალე არჩევნები არც სეოკ-ში გამართულა და არც - ფედერაციებში.

ვიმოქმედებ ოლიმპიური ქარტიის მიხედვით. გვინდა, შევიდეთ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში და გავაძლიეროთ ოლიმპიური მოძრაობა. ცხადია, მაღალი მიღწევების სპორტი ჩვენი უმთავრესი საზრუნავი იქნება"
- განაცხადა არჩევნების დასრულების შემდეგ ხაბელოვმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დარწმუნებული ვარ ბატონი ლერი ბევრს გააკეთებს ქართული სპორტისთვის.წარმატებებს უსურვებ!!
კახი
14:23 21-12-2012
0
სამარტალმა იზეიმა''''
vaxtangi
17:49 21-12-2012
0

სიახლეები პოპულარული