ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შეჯამება: ქართული სპორტის სარკე

AutoSharing Option
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ 7 მედლით დაამთავრა გამოსვლა ლონდონში, ზაფხულის XXX ოლიმპიურ თამაშებში.

ამ 7-იდან მხოლოდ ერთია ოქრო, 3-3 კი ვერცხლ-ბრინჯაოა. ეს 7 მედალი სპორტის სულ 3 სახეობაზე მოდის, რომელთა შორისაც ჯილდოები რაოდენობრივად ასეა განაწილებული: ძიუდოს მონაგარი ის ერთადერთი ოქროა, ბერძენ-რომაელებმა თითო ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვეს, "თავისუფლებმა" კი 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო ირგუნეს.

"ნისლიან ალბიონზე" ქართველთაგან ყველაზე უკეთ 20 წლის გორელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (66) გაისარჯა - კარალეთელი ბიჭი, რომელმაც ოლიმპიადის საგზური სულ ბოლო შეჯიბრებაზე გაინაღდა, EXCEL CENTRE-ში მსოფლიოს ჩემპიონ იაპონელთა თუ ლამის მამისტოლა ხალხის
გარემოცვაში ციბრუტივით იტრიალა, უშიშრად იბრძოლა და მთელი ალბიონის რა გითხრათ, მაგრამ საქართველო კი ოქროსფრად ნამდვილად გაანათა.
VideoSportall.Ge
ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

VideoSportall.Ge
ლაშა შავდათუაშვილის დაჯილდოება ოლიმპიადაზე


ბერძენ-რომაელთაგან ოქროს ყველაზე მეტად ბორჯომელი ლევან ლაშხი (60) მიუახლოვდა, თუმცა ფინალში დამარცხდა, ხობელმა მანუჩარ ცხადაიამ (66) კი ნახევარფინალში წაიფორხილა და საბოლოოდ მესამეზე გავიდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ვიცე-ჩემპიონები გორელი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და თბილისელი მძიმეწონოსანი დავით მოძმანაშვილი გახდნენ; ყაზბეგელი დავით მარსაგიშვილი (84) და გორელი გიორგი გოგშელიძე (96) კი მესამეზე გავიდნენ.

როგორი შედეგია ეს, გვაძლევს სიამაყის საშუალებას თუ უფრო მეტი მიზეზი დაფიქრების, ანალიზისთვის მოგვცა? გააჩნია, რას ავიღებთ წარმატების საზომად - რაოდენობას თუ ხარისხს.

მონაპოვარს რაოდენობით თუ განვსჯით, მაშინ საამაყოდ გვქონია საქმე, რადგან 7 მედალი ჩვენთვის საუკეთესოა დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ოლიმპიადებზე გამოსვლის ისტორიაში, მაგრამ საყოველთაო ჭეშმარიტებით, მთავარი ხომ ხარისხია და ამ მხრივ თავმოსაწონი არაფერია.

ოქროს მარაგი არათუ ვერ შევინარჩუნეთ, გავაუარესეთ და მკვეთრად დავენარცხეთ ძირს. თავად განსაჯეთ - ათენში ორი ოქრო გვქონდა, პეკინში - სამი, ახლა კი - ერთი! თან, რაოდენობაზე და 7 მედალზე აქცენტირებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება - იმ სამი ბრინჯაოდან რამდენისთვისაა ეს შედეგი წარმატება მათი მომხვეჭელებისთვის?

ცხადია, ოლიმპიური მედალი გამორჩეულად ფასეულია და არ გეგონოთ, მის დაკნინებას ვცდილობდეთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ იმ წილისყრაში, იმ რეალობაში სამივე მათგანს ბევრად მეტისთვის უნდა მიეღწია.

ლონდონში ხომ ბედმა არნახულად გაგვიმართლა და ამ სამეულიდან, მაგალითად, მარსაგიშვილს ფინალამდე ასცდნენ მთავარი კონკურენტები, ტიტულოვანი და მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევიც კი არავინ ჰყავდა ქვეჯგუფში.

დაახლოებით ამავე დღეში აღმოჩნდა გოგშელიძეც, რომელსაც რუსი, აზერბაიჯანელი და ირანელი ფალავნები, ნახევარფინალში კი ამათზე უტიტულო ამერიკული ბარიერის დაძლევა ევალებოდა.

ცხადაიასაც ერთი არცთუ ძლიერი უნგრელი უნდა დაემარცხებინა ფინალში გასასვლელად. შეიძლება ითქვას, ბედმა ფინალის საგზური სამივეს ხონჩით მიართვა, მაგრამ ვერ გამოიყენეს, სწორედ ის ერთი ნაბიჯი ვერ გადადგეს.

ასეთი შანსის ვერგამოყენება არის კი მათთვის წარმატება? ალბათ, ცხადაიაც და გოგშელიძეც ათიდან ათივეს თუ არა, აბსოლუტურ უმრავლესობას მოუგებენ; შესაბამისად, ტომაშ ლორინცსაც და იაკობ უორნერსაც, მაგრამ, ბედიის ირონიით, ყველაზე საპასუხისმგებლო შერკინება წააგეს.

ფაქტია ისიც, რომ ლონდონში ჩვენი მთელი ოლიმპიური მონაგარი მხოლოდ EXCEL CENTRE-მა დაიტია - ძიუდოც და ჭიდაობაც იმ დარბაზში ჩატარდა, თუმცა სრულად ვერც იქაურობა ავითვისეთ, რადგან კრივი, ფარიკაობა, ტაეკვანდო, მაგიდის ჩოგბურთი და ძალოსნობაც იქ გაიმართა, ამ სახეობებში კი პირწმინდად მოგვეცარა ხელი.

ამ ყოველმხრივ რეგრესს ერთი სამწუხარო ფაქტიც დაემატა, რაც ოლიმპიადებზე ლამის სიმპტომურ შეცდომად გვექცეს - ატლანტაში ძიუდოისტ დავით ხახალეიშვილის ვერაწონვა ხომ მოუშორებელ ლაქად გვექცა და ლონდონში მოკრივე მერაბ თურქაძეს შეემთხვა ანალოგიური.

ყოველ შემთხვევაში, რაღაც გაუგებრად და არადამაჯერებლად ჟღერდა ვერსია იმის შესახებ, რომ თითქოს წონის დაკლების პროცესში ფეხიც იტკინა სირბილისას. მით უფრო, არაოფიციალურად ისიც ითქვა, რომ არ იცოდნენ დილის სავალდებულო აწონვის შესახებ.

თუმცა, რაც უნდა იყოს მიზეზი, ფაქტი ერთია, ჩვენთვის ძალზე სავალალო და ისიც ცხადია, რომ მსგავსი პრეცედენტები არ უნდა ხდებოდეს.

სამწუხაროდ და სავალალოდ, ამჯერად მედლების გეოგრაფია საბედისწერო ყულფივით დავიწროვდა - ადრე თუ ძალოსნობა, კრივი და ტყვიის სროლაც გვეშველებოდნენ ყულაბის ავსებაში, ამჯერად მხოლოდ საჭიდაო სახეობების იმედად დავრჩით.

წინა ოლიმპიადაზე ბატუტსა და პლაჟის ფრენბურთშიც ცოტა დაგვაკლდა მედლებამდე, ახლა კი პირველში ბევრად ჩამოვრჩით კვარცხლბეკს, მეორეში კი საერთოდ ვერ მოვიპოვეთ საგზური.

ლონდონში 35 ლიცენზიანტით წარვსდექით. პეკინშიც ამდენივე სპორტსმენით ვიყავით, მაგრამ საგზური იყო ორით ნაკლები, რადგან პლაჟბურთში ორ-ორი კაცი გვყავდა, ანუ ოთხი ფრენბურთელი - ორ საგზურზე. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანი ნატურალიზებული ბრაზილიელი იყო. ახლა კი ასეთი ერთი გვყავდა - პოლონელი მძლეოსანი მასიეშ როჩევიჩი.

სამწუხაროდ, ამჯერად ზოგიერთ ლიცენზიანტთან მიმართებაში სერიოზული ეჭვებიც გაჩნდა - ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ მათი შედეგები საგრძნობლად ჩამორჩა სალიცენზიო ტურნირში ნაჩვენებს.

იმ ერთ შეჯიბრებაზე გაიელვეს, სალიცენზიო ნორმატივი შეასრულეს და მორჩა, მერე თითქოს აღარც ყოფილან.

ამჯერად მხოლოდ ორი "ველური ბარათი" გვქონდა - ველოსპორტსა და ჩოგბურთში ქალთა წყვილებში.

სამაგიეროდ, პეკინში თუ სპორტის 12 სახეობაში ვიყავით წარმოდგენილი, ლონდონში - 11 დაგვრჩა. ამჯერად საგზურები ვერ მოვიპოვეთ ტანვარჯიშში და მშვილდოსნობაში, კრივში კი ადრინდელი რაოდენობა გავანახევრეთ.

ლონდონში პირველად მოხდა, რომ ცურვაში საგზური ნაღდი შედეგით მივიღეთ და არა "ველური ბარათით". ეს 17 წლის თბილისელმა ირაკლი ბოლქვაძემ შეძლო, რომელიც ოლიმპიადის შემდეგ ჭაბუკებში ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი გახდა - ამ სახეობაში ესეც პირველი მიღწევაა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

სხვათა შორის, საოლიმპიადოდ მასაც ჰქონდა "ველური ბარათი", მაგრამ სეოკ-ი და ფედერაცია უმალავდნენ, რადგან ტურნირიდან ტურნირამდე უმატებდა, თანდათან უახლოვდებოდა სალიცენზიო ნორმატივს და იმედოვნებდნენ, რომ თავისითაც მოიპოვებდა ლიცენზიას. მათი იმედი გამართლდა.

ამ 11 სახეობიდან ყველაზე დიდ იმედებს კვლავაც საჭიდაო სახეობებზე - ძიუდოზე, "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულზე ვამყარებდით, მეორე რიგში კი ტყვიის სროლის, მშვილდოსნობის და ძალოსნობისა გვეიმედებოდა.

სამწუხაროდ, "მეორე რიგში" სრული იმედგაცრუება გვერგო! განსაკუთრებით შოკისმომგვრელი ძალოსანთა წარუმატებლობა გამოდგა, უპირველესად კი - გია მაჭავარიანის ფიასკო, რომელსაც ბედმა ზედ სტარტზე ჩინებული საჩუქარი უძღვნა - ასპარეზობის წინა დღეს ბრძოლას მოულოდნელად ძირითადი კონკურენტები, რუსი სპორტსმენები გამოაკლდნენ.

ბოროტი ენები ამბობენ, რომ მათ დოპინგისა შეეშინდათ, თუმცა ეს მათი პრობლემაა, ჩვენთვის კი სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ ამით კვარცხლბეკზე ადგილი ქართველს მოუსუფთავეს.

მაჭავარიანის შედეგები ნამდვილად იძლეოდა ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ ოლიმპიურ ფიცარნაგზე "ქართული ტრაგედია" დატრიალდა - ჩვენებურს ორ მოძრაობაში ხუთჯერ გაუვარდა შტანგა ხელიდან და მხოლოდ ერთი ცდა გამოიყენა!

ჩვენი ძალოსნებიდან მძიმეწონოსან ირაკლი თურმანიძეს თუ გამოვარჩევთ, რომელმაც ლონდონში პირადი შედეგი გააუმჯობესა და მეხუთეზე გავიდა.

სროლის სახეობებში - ტყვიასა და მშვილდოსნობაში თითო სპორტსმენის იმედად ვიყავით, თუმცა სპორტსმენებსაც გააჩნიათ: ნინო სალუქვაძე თავის მეშვიდე ოლიმპიადაზე გამოდიოდა, რითაც რეკორდსმენია საქართველოშიც და ტყვიის სროლაში მსოფლიოს მასშტაბითაც ქალთა შორის (მეშვიდე ოლიმპიადაზე გამოვიდა სერბი იასნა სეკარიჩიც, ოღონდ მას საგზური საკუთარმა ფედერაციამ აჩუქა, ჩვენებურმა კი თავისით მოიპოვა), ხოლო მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა ბრიტანეთში მსოფლიოს ვერცხლისმედალოსნად ჩავიდა (საქართველოსთვის ეს მსოფლიოს პირველი მედალია პირად პირველობაში).

ესებუამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხისთვის ჩილელ დენიზე ასტრიდ ვან ლემონენს რევანში კი აგემა, მაგრამ საკვალიფიკაციოში სუსტად გამოსვლა ვეღარ აანაზღაურა.

სალუქვაძესაც ხელი მოეცარა - ვერც ერთ სახეობაში ფინალში ვერ მოხვდა. არავის წაგებას არ ვამართლებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ სახეობას ნორმალური სავარჯიშო ბაზა არ გააჩნია. ასეთ პირობებში კი ის უდავოდ კარგი შედეგებიც გასაკვირია, რაც აქამდე მოუპოვებიათ.

სერიოზულად გაგვაწბილეს ძიუდოისტებმაც, სადაც ორი გუნდი ვიხილეთ - შავდათუაშვილი და დანარჩენი ექვსეული.

სამწუხაროდ, მათ შორის სხვაობა ისეთი იყო, როგორიც - ცასა და დედამიწას შორის. კარალეთელ ტალანტს თუ ყველაფერი გამოსდიოდა, მორალურად დემორალიზებულ, ფსიქოლოგიურად დათრგუნულ, დასახიჩრებულ-ტრავმირებულ და არასწორი მომზადებით გადაღლილ ექვსეულს არაფერი გამოსდიოდა, მოძრაობაც კი უჭირდა ტატამზე.

ეს რომ არა, იქნებ სხვა სინჯის მედლები მაინც მოეპოვებინათ და საერთო მარაგი გაემდიდრებინათ.

ოქროს გარეშე დარჩენა ტვირთად აწევს ჭიდაობის ფედერაციასაც, იმის მიუხედავად, რომ 13-დან 6 მედალი მოიპოვეს, ანუ გუნდის ნახევარი კვარცხლბეკზე ავიდა.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არა მსაჯთა თავნებობა, შედეგი რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც უკეთესი იქნებოდა.

მაგალითად, ფინალში ხინჩეგაშვილს გამარჯვების იმდენად დიდი შანსი წაართვეს, რომ იმ შეხვედრის მსაჯთა ბრიგადა ერთიანად დასაჯეს დისკვალიფიკაციით, თუმცა ეს მაინც არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბერძენ-რომაელ ვლადიმერ გეგეშიძეს (84) გაუკეთეს - თამამად შეიძლება ითქვას, ის უმედლოდ დატოვეს.

მოჭიდავეთაგან უფრო უკეთ "თავისუფლები" გამოვიდნენ, რომლებიც სრული გუნდით - 7 სპორტსმენით იყვნენ წარმოდგენილნი და იმათგან 4-მა მედალი მოიპოვა.

არადა, ოლიმპიადის წინა წლებში ორივე გუნდი სერიოზული პრობლემების წინაშე იდგა და ლიცენზიების მოპოვება გაუჭირდათ. განსაკუთრებით - ბერძენ-რომაელებს, რომლებმაც შარშან მსოფლიოზე მხოლოდ ერთი მედალი ირგუნეს.

საბედნიეროდ, ოლიმპიადისთვის მიზანმიმართული მზადების პერიოდში ორივე მწვრთნელმა - ზაზა თურმანიძემ და ბეგი დარჩიამ დაამტკიცეს, რომ გუნდის მომზადება ძალუძთ და ლონდონში სრულიად გარდაქმნილი გუნდები ჩაიყვანეს.

ამის მიუხედავად, მაინც მიგვაჩნია, რომ გარკვეულ ასპექტებში თანამედროვე მიღწევებს ჩამოვრჩით და სავარჯიშო სისტემა გასაუმჯობესებელია.

ერთი სიტყვით, გარკვეული წარმატებების მიუხედავად, ამ ოლიმპიადამ ბევრი საზრუნავიც დაგვიტოვა, რადგან მთელ რიგ ასპექტებში რეგრესია.

ეს მით უფრო გასაკვირია, რომ მოსამზადებელ ციკლში დაფინანსება ბევრად იყო გაზრდილი. მაშ, რა მოხდა, გაზრდილი ფინანსების პირობებში რატომ მივიღეთ ცუდი შედეგი თუნდაც ხარისხობრივი მაჩვენებლით, რატომ შემცირდა წარმატებული სახეობების გეოგრაფია და რატომ გამოვედით უფრო ნაკლებ სახეობებში?

ვფიქრობ, მიზეზი მართვის პრობლემაშია - სამწუხაროდ, წინა მოსამზადებელ ციკლში სპორტი მონოპოლიზებული იყო პოლიტიკის მიერ და ფედერაციების ხელმძღვანელებად უმეტესად პოლიტიკიდან მოსულები გვევლინებოდნენ. ისინი კი სახეობის შიდა სამზარეულოს კარგად არ იცნობდნენ.

შესაბამისად, ვერც ეფექტურად მართავდნენ ფედერაციებს და, რაც ყველაზე უარესია, მწვრთნელები არ იყვნენ თავისუფალნი თავიანთ არჩევანში. იმედია, მომავალ ოლიმპიურ ციკლში ასე აღარ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შეჯამება: ფაქტები და ანალიზი
ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ [+VIDEO]
საქართველომ მოპოვებული მედლების რაოდენობით ოლიმპიადა 39-ე ადგილზე დაასრულა

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: სად არის FILA-ს სამართალი...
წაგებულის შემობრუნება - როგორ უნდა მოვემზადოთ შეჯიბრებისთვის

წარუმატებელ ძიუდოისტთა ნაკრების გაურკვეველი ბედი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული