საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიას რეკომენდაცია გაეწია, რომ 2020 წლის თამაშებში დამტკიცდეს 25 სპორტის სახეობა.
ესენია: მძლეოსნობა, ნიჩბოსნობა, ბადმინტონი, კალათბურთი, კრივი, კანოე, ველოსპორტი, ცხენოსნობა, ფარიკაობა, ფეხბურთი, ტანვარჯიში, ძალოსნობა, ხელბურთი, ბალახის ჰოკეი, ძიუდო, ცურვა, თანამედროვე ხუთჭიდი, ტაეკვონდო, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, სროლა, მშვილდოსნობა, ტრიატლონი, აფროსნობა და ფრენბურთი.
სოკ-ის აღმასკომის რეკომენდაციით,
ჭიდაობას მაინც აქვს შანსი, მოხვდეს 2020 წლის ოლიმპიადაზე, მაგრამ ამ შანსს თეორიულიც კი ძნელად ეთქმის: ჭიდაობა დაემატა 7 სხვა სახეობას (ბეისბოლი/სოფთბოლი, კარატე, გორგოლაჭებიანი სპორტი, სპორტული მეკლდეურობა, სქვოში, ვეიკბორდინგი და ვუშუ), რომელთაგანაც სოკ-ის სესია ერთს აირჩევს.
მაისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესია სანკტ-პეტერბურგში გაიმართება და რვავე კანდიდატი სახეობა იქ წარადგენს თავის პრეზენტაციას.
მოკლედ, ჭიდაობას შესარჩევის გავლა მოუწევს. როგორც "ევროსპორტის" რეპორტიორი წერს, აქაც ამ სახეობის შანსი მწირია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თავად სოკ-ის აღმასკომის რეკომენდაციით იღებენ ძირეული ოლიმპიური სახეობების სიიდან.
2009 წელს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე დამატებით შვიდკაცა რაგბი და გოლფი ჩართეს ოლიმპიურ პროგრამაში. ეს ორი სახეობა 2020 წლის ოლიმპიადაზეც იქნება.
სოკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარკ ადამსმა აღიარა, რომ ჭიდაობის ამოღება ძირეული სახეობების სიიდან არ იყო იოლად მისაღები გადაწყვეტილება.
"ჩვენ დეტალურად განვიხილეთ თითოეული სახეობა 26-დან და მხოლოდ ამის შემდეგ მივედით დასკვნამდე", - განაცხადა მან.
ოფიციალურად არავის უთქვამს, თუმცა ჭიდაობის სუსტი პოზიცია რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული - ის ნაკლებად პოპულარულია, არ არის ბევრ ქვეყანაში განვითარებული (ანუ სპორტის გეოგრაფია მოიკოჭლებს), ნაკლებად ტელეგენურია და ჩაფლულია კორუფციაში.
ჭიდაობა ამოიღეს სიიდან, თუმცა იქ რჩება ისეთი სახეობები, როგორიცაა ტაეკვონდო და მაგიდის ჩოგბურთი.
საბოლოო ვერდიქტს ჭიდაობას ბუენოს-აირესის სესიაზე, სექტემბერში გამოუტანენ. იქვე გადაწყდება მასპინძელი ქალაქიც - 2020 წლის თამაშების მასპინძლობა სტამბულს (თურქეთი), მადრიდს (ესპანეთი) და ტოკიოს (იაპონია) სურთ.
თქმა არ უნდა, ყველაზე მეტად ეს გადაწყვეტილება პოსტსაბჭოთა სივრცეს დაარტყამს: რუსეთს და კავკასიის ქვეყნებს. ბუნებრივია, პირველ რიგში - ჩვენს ქვეყანას...
რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი:
"ჩემი ინფორმაციით, ჭიდაობა 99,99%-ით დარჩება ოლიმპიურ ოჯახში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ფილა-ს ძალიან ბევრი რადიკალური ცვლილების განხორციელება მოუწევს".
"ეს ძალიან დასანანი გადაწყვეტილებაა, ჭიდაობა ოლიმპიადაზე თავიდანვე იყო", - განაცხადა ცნობილმა ინდოელმა მწვრთნელმა სატპალ სინგჰმა.
სააგენტო "როიტერი" დაუკავშირდა ფილა-ს, თუმცა ამ ორგანიზაციაში კომენტარზე თავი შეიკავეს.
ლონდონის ოლიმპიადაზე ჭიდაობის სამივე სახეობაში 344 სპორტსმენი გამოვიდა.
ქართული ზარალი - მედლების ნახევარზე მეტი
რამდენად დააზარალებს ეს გადაწყვეტილება ქართულ სპორტს, თუკი ჭიდაობას ვეღარ ვიხილავთ ოლიმპიადაზე?
მას მერე, რაც საქართველო დამოუკიდებლად მონაწილეობს ოლიმპიადებზე, ჩვენმა სპორტსმენებმა ჯამში 25 მედალი მოიპოვეს: 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 14 ბრინჯაო.
აქედან 15 მედალი ჭიდაობაზე მოდის: ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ მანუჩარ კვირკველია (პეკინი 2008) და რევაზ მინდორაშვილი (პეკინი 2008).
ვერცხლის მედლები მოიპოვეს: რამაზ ნოზაძემ (ათენი 2004), რევაზ ლაშხმა (ლონდონი 2012), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (ლონდონი 2012) და დავით მოძმანაშვილმა (ლონდონი 2012).
ბრინჯაოს მედლები წილად ხვდათ: ლუკა კურტანიძეს (ატლანტა 1996 და სიდნეი 2000), აკაკი ჩაჩუას (სიდნეი 2000), მუხრან ვახტანგაძეს (სიდნეი 2000), ოთარ თუშიშვილს (პეკინი 2008), გიორგი გოგშელიძეს (პეკინი 2008 და ლონდონი 2012), მანუჩარ ცხადაიას (ლონდონი 2012) და დავით მარსაგიშვილს (ლონდონი 2012).
ჩვენი გამოთვლით, ოლიმპიური მედლების 56% ჭიდაობის სახეობებზე მოდის - ანუ ქართული ზარალი ძალიან დიდი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟაკ როგე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან მიდის