სეოკ-მა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნები დააფასა

AutoSharing Option
30 ივლისს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უტრეხტში ჩატარებული ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნებს.

შეგახსენებთ, რომ ეს ღონისძიება 14-19 ივლისს გაიმართა და ჩვენებისთვის სარეკორდო გამოდგა - 8 მედალი მოვიპოვეთ, რაც ანალოგიურ ფესტივალში აქამდე არასოდეს მომხდარა.

ტრადიციულად, ლომის წილი ამჯერადაც ძიუდოისტებზე მოდის - 7 ჯილდო მათი მონაგარია, რასაც ჩოგბურთელმა გოგოებმა - მარიამ ბოლქვაძემ და ანი ახალკაცმა წყვილებში ბრინჯაო დაუმატეს.

თუმცა სიახლე ძიუდოისტებშიც მოხდა - ამჯერად ბიჭების გვერდით მედალი გოგომაც მოიპოვა, როცა მარიამ ჯანაშვილი მესამეზე გავიდა.

ბიჭების მონაგარი 2
ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა. ჩემპიონები ერეკლე არხოზაშვილი (55) და გიორგი კაციაშვილი (60) გახდნენ, თამაზ კირაკოზაშვილი (73), იესო კვირიკაშვილი (81) და გიორგი ძებისაშვილი (+90) მეორეზე გავიდნენ, სიმონ მამარდაშვილი (66) - მესამეზე.

შეხვედრას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა, რომელმაც მოზარდებს წარმატება მიულოცა და განაცხადა, რომ არ სურდათ, მათი მიღწევა მიეჩქმალათ და ამიტომ მოაწყვეს გუშინდელი შეხვედრა, თუმცა ცოტა კი დაუგვიანდათ.

ის მხოლოდ მილოცვით არ შემოფარგლულა და მედალოსნები ფულადი პრემიითაც დააჯილდოვა.

ასევე დასაჩუქრდნენ მათი მწვრთნელებიც - ირაკლი ცირეკიძე, კახა მოცრაძე ძიუდოში და დავით კვერნაძე ჩოგბურთში.

"იმის მიუხედავად, რომ არ ვესწრებოდი თქვენს გამოსვლას უტრეხტში, რადგან ესპანეთში გამოვდიოდი ტურნირში, მაინც თვალს ვადევნებდი იქ მიმდინარე ამბებს და ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი.

ყველა დიდი წარმატება ასეთი გამარჯვებებით იწყება და მჯერა, მომავალშიც არაერთ წარმატებას მოიპოვებთ"
- მიმართა ახალგაზრდებს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის, ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ.

მედალოსნებს მომავალში წარმატებები სხვებმაც უსურვეს. მით უფრო, ძიუდოისტებს სულ მალე - 8 აგვისტოდან მაიამიში ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ელოდებათ.

ძებისაშვილის გარდა, იქ უტრეხტის მედალოსანთაგან ყველა იჭიდავებს. მათ შორის - ჯანაშვილიც, რომელიც ჰოლანდიური ბრინჯაოთი უკმაყოფილო იმთავითვე ჩანდა და აღნიშნა, რომ ეს ტრავმამ განაპირობა. მას წელი და მხარი მანამდეც აწუხებდა, უტრეხტში კი მხარი ამოვარდნია. მისი თქმით, მაიამიშიც გამაყუჩებლებით მოუწევს ჭიდაობა.

ხაბელოვი "თბილისი-2015"-ის თემასაც შეეხო. მოგეხსენებათ, ესტაფეტა უტრეხტისგან თბილისმა გადმოიბარა და დახურვის ცერემონიალზე ფესტივალის დროშაც გადმოეცა.

უტრეხტში ჩვენი საორგანიზაციო კომიტეტის წევრებიც იყვნენ წასულები იქაურთა გამოცდილების გასაზიარებლად.

ხაბელოვის თქმით, ჰოლანდიელებმა ფესტივალის მთლად კარგად ორგანიზება ვერ შეძლეს, განსაკუთრებით კი თურმე კვების საკითხში მოიკოჭლებდნენ.

მან ისაუბრა ოლიმპიური სოფლის, სპორტული ბაზების მშენებლობის მიმდინარე ტემპებზე, რაც სადღეისოდ დამაკმაყოფილებელია ანუ ვადებში ეტევა, მაგრამ უკვე დაყოვნება არ შეიძლება.

თუმცა გამოთქვა იმედი, რომ ყველა მშენებლობა დათქმულ ვადაში დასრულდება და ფესტივალს ჰოლანდიელებზე უკეთ ვუმასპინძლებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული