ლერი ხაბელოვი: ჩვენ მაქსიმალისტები ვართ და ოქროს მედალი გვინდა

AutoSharing Option
სამწუხაროდ, შარშანდელი სეზონი დიდ სპორტულ წარმატებებზე მეტად დოპინგ-სკანდალებით დაგვამახსოვრდება - ერთმანეთის მიყოლებით დავკარგეთ ცალკეული წამყვანი სპორტსმენები და თვით ეროვნული ნაკრებიც კი ძალოსნობაში, სადაც ერთბაშად ოთხი კაცია დისკვალიფიცირებული.

ამის საპირწონედ ცალკეულ სახეობებში იყო მართლაც კარგი გამოსვლები ევროპის პირველობებზე, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ დისციპლინებში ოქროს მედლის გარეშე დავრჩით...

ერთი სიტყვით, გველის წელიწადმა ბევრი საფიქრალი დაგვიტოვა. შარშანდელი პერიპეტიების შეფასება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს ვთხოვეთ.

- ვგონებთ, შარშანდელმა სპორტულმა სეზონმა მთლად კარგი შთაბეჭდილებები ვერ
დაგვიტოვა. როგორ შეაფასებთ მას?

- ჩვენ მაქსიმალისტები ვართ და ოქროს მედალი გვინდა. მსოფლიოს პირველობაზე ძიუდოს ნაკრების გამოსვლით კმაყოფილი ვარ, ჭიდაობებისგან კი მეტს ველოდით. ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილს, ფაქტობრივად მოგებული ჰქონდა ფინალი, მაგრამ თავისი გამოუცდელობით წააგო.

ვალერი ლიპარტელიანიც კარგად გამოვიდა და, საერთოდ, ძიუდოს ნაკრები კარგი გუნდია. სწორი მუშაობით მათ დიდი შედეგებისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მოჭიდავეთაგან მხოლოდ თავისუფალი სტილით მოასპარეზე გენო პეტრიაშვილი გავიდა მესამეზე, სხვებმა კი ჯილდო ვერ მოიპოვეს. ცხადია, ეს ძალიან კარგი შედეგია თავად ამ ახალგაზრდა სპორტსმენისთვის, მაგრამ - არა ფედერაციისთვის, რომლისთვისაც ერთი მედალი ძალიან ცოტაა. მათ დიდი მუშაობა დასჭირდებათ დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, თორემ არ შეიძლება, გუნდი ასე არასტაბილურად გამოდიოდეს, ანუ ერთ ტურნირზე კარგად ჭიდაობდეს, მეორეზე - ვერა.

შესაძლებლობებს თუ გადავხედავთ, "თავისუფალთა" ნაკრები ძიუდოზე ნაკლები არაა და მათაც შეუძლიათ ისეთივე დიდი შედეგის ჩვენება.

ერთი ტურნირით ნუ შევაფასებთ ყველაფერს და ნუ ვიტყვით, რომ ეს გუნდი დაიშალა, მაგრამ საჭიროა სწორი მიდგომა და სწორი მუშაობა.

შარშან ჩვენი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატებზე კარგად გამოვიდნენ. ჩინებულად იასპარეზა ძიუდოისტთა ნაკრებმა - მგონი, ამდენი მედალი არც აგვიღია ოდესმე.

ევროპირველობაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმაც კარგად იასპარეზა და - ბერძნულ-რომაულმაც. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ აქცენტი ძირითადად ამ ორ სახეობაზეა გადატანილი, დანარჩენები კი ახლოსაც ვერ მიდიან მედლებთან.

ძალოსნობაში გვქონდა კარგი შანსი, მაგრამ იქ ოთხი კაცი ჩაგვივარდა დოპინგზე და ნაკრები დაგვეშალა. ისინი ორი წელიწადი ვერ გამოვლენ ტურნირებში, მერე კი რა იქნება, ღმერთმა უწყის.

- სახეობების მიხედვით აქამდე მედლების ისედაც ვიწრო გეოგრაფია კიდევ უფრო დავიწროვდა - გამოგვაკლდა ძალოსნობა, არც ტყვიით სროლას ჰქონდა მედალი... სხვა სახეობებში თუ ხედავთ პერსპექტივას, რომ უახლოეს წლებში მაინც მოგვიტანონ მედლები?
- ვფიქრობ, დანარჩენი სახეობებიდან ყველაზე მეტი შანსი ფარიკაობის ფედერაციას აქვს - მათ ჰყავთ რამდენიმე ახალგაზრდა, ვისაც შეუძლია, აიმაღლოს კლასი და შევიდეს სპორტულ ელიტაში.

დანარჩენ სახეობებში ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მათ კიდევ დავაკვირდებით, მაგრამ ძალიან ძნელი იქნება წარმატებების მოპოვება.

- არც გუნდურ სახეობებში გესახებათ ნათელი პერსპექტივა?
- ძნელი იქნება დიდი წარმატებების მოპოვება. რაგბის ფედერაციას კარგი შედეგები აქვს - ჩვენი ნაკრები სტაბილურად გადის მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე, რაც მიღწევაა უკვე, მაგრამ მედლებისთვის ჯერ ვერ ვიბრძვით.

ასევე კალათბურთიც სტაბილურად გადის ევროპის პირველობაზე, მაგრამ სხვა სახეობებში ჯერ ამ დონეზეც არ ვართ. მით უფრო, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ უახლოეს სეზონში რომელიმეში დიდი შედეგები მივიღოთ. ვიმედოვნებთ, წამოვა ახალი თაობა, რომელიც ახლო მომავალში ამასაც შეძლებს.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე მოჭიდავეთა ნაკრების ჩავარდნაზე საგანგებოდ დაგეკითხებით, როგორც სახელოვან ფალავანს: რა მიგაჩნიათ მათი ფიასკოს მიზეზად?
- ნებისმიერ სპორტსმენს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. დასამალი არაა, რომ ამ კომპონენტში მოვიკოჭლებთ და ინდივიდუალურად მეტი მუშაობაა საჭირო. კარგად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი მინუსები და გავარკვიოთ, რატომ ვაგებთ ამა თუ იმ კომპონენტში.

ჩვენი ფალავნები ტექნიკურად კარგად არიან მომზადებულნი, რასაც გამძლეობა და ფიზიკური ძალაც უნდა დაემატოს. ფედერაციამ ამ მხრივ უნდა გააძლიეროს მუშაობა, თორემ მსოფლიოზე ვერანაირი ტექნიკური და ტაქტიკური სვლები ვერ დავინახეთ. რამდენიმე სპორტსმენი იგებდა პირველ პერიოდში, მაგრამ წააგო მეორეში. ეს სწორედ იმის გამო, რომ სწორად ვერ გაანაწილეს მზადების პროცესი, რაც სჭირდებოდა იმ ტურნირს.

სპორტსმენი შეჯიბრებაზე პიკში რომ მიიყვანო, სხვანაირი ვარჯიშია საჭირო. გრძელვადიანი პროგრამა ცოტა განსხვავებულად უნდა დაიგეგმოს, რაც მსოფლიოზე ვერ დავინახეთ.

ვფიქრობ, მწვრთნელებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ. ფედერაციაც ფიქრობს უცხოელი მწვრთნელების მოწვევას სემინარების ჩასატარებლად. ამ კუთხით რამდენიმე ღონისძიებას ოლიმპიური კომიტეტიც ვგეგმავთ - გვსურს, ცნობილი უცხოელი მწვრთნელების მოწვევა სემინარების ჩასატარებლად, სადაც მზადების კურსს ადგილობრივი პერსპექტიული სპეციალისტები გაივლიან.

მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს თემა, მწვრთნელებს მეტი ინდივიდუალური მუშაობა მართებთ; უნდა ვიცოდეთ, რას აკეთებს სპორტსმენი, მწვრთნელი... რაც მთავარია, სპორტსმენს უნდა სჯეროდეს მწვრთნელისა. ასევე აუცილებელია მოსამზადებელი გეგმის სწორად დაგეგმვა...

- სამწუხაროდ, შარშან დოპინგის თემა ძალიან აქტუალური გახდა... ცხადია, მის წინააღმდეგ საბრძოლველად გატარებული ღონისძიებები არაა საკმარისი, რადგან საქმე გვაქვს ორგანიზებულ ქსელთან. თქვენი აზრით, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს შედეგის მისაღწევად?
- ამ სპორტსმენებმა ყველაზე მეტად საკუთარი თავი დაისაჯეს. არადა, იცით, რომ გაისად ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც უპირობოდ ოთხწლიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.

გახსოვთ, რომ შარშან ოლიმპიურ კომიტეტში საგანგებო სხდომაც ჩავატარეთ დოპინგის თემაზე და ყველას მოვუწოდეთ სიფრთხილისკენ. სულ ვცდილობთ, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს, მაგრამ მაინც იჩენს ხოლმე თავს ასეთი სამწუხარო ამბავი.

ალბათ, ეს სოციალური პრობლემების ბრალიცაა - ცდილობენ, სწრაფად მიაღწიონ წარმატებას და ეკონომიურად გაიმყარონ საკუთარი მდგომარეობა. თან სპორტსმენი ვადებში შეზღუდულია - მხოლოდ რამდენიმე წელიწადი რჩება შედეგების მოსაპოვებლად და სწრაფობენ, რათა ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარონ.

დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი მთელი სიმწვავით დგას, მაგრამ რთული იქნება ეს პროცესი. სამწუხაროა, რომ ამ სიაში ისეთებიც მოხვდნენ, ვისაც ჩვენგან ოლიმპიური სტიპენდიები ჰქონდათ დანიშნული. ცხადია, მათ მაშინვე მოვუხსენით ეს დახმარება. ინფორმაციულად რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ და ცოტა სიფრთხილე თავადაც უნდა გამოიჩინონ.

ვფიქრობ, ანტიდოპინგურმა სააგენტომ და სპორტულმა ექიმებმაც სპორტსმენებთან უფრო მეტად უნდა იმუშაონ ინდივიდუალურად. ცხადია, ამ კუთხით ფედერაციებიც უფრო უნდა გააქტიურდნენ. უახლოეს მომავალში ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდით რამდენიმე სემინარის ჩატარებაც იგეგმება...

- ვფიქრობ, სათანადო ლაბორატორიის შექმნა, თუნდაც არალიცენზირებულისა, დიდ სამსახურს გაგვიწევს - დოპინგს თუ ვერ აღმოფხვრის, სასჯელის პრევენცია მაინც იქნება შესაძლებელი, რადგან დროულად აღმოვუჩენთ აკრძალულ ნივთიერებებს ჩვენს სპორტსმენებს, მოცემულ მომენტში ავარიდებთ შეჯიბრებებს და დისკვალიფიკაციისგან ვიხსნით. ლაბორატორიისა და აგრეთვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის აუცილებლობა დიდი ხანია, დგას დღის წესრიგში და ამ მხრივ უნდა ველოდოთ წინსვლას?

- სინჯების ასაღებად და ლიცენზირებულ ლაბორატორიებში მათი გასაგზავნი თანხა გამოყოფილია და ეს არაა პრობლემა, თუმცა არალიცენზირებული ლაბორატორია მართლაც არ იქნება ცუდი.

ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი მუდამ აყენებს ამ საკითხს, მაგრამ სადღეისოდ ფინანსები არაა. იმედია, ეს საკითხი ისევ წამოიჭრება და ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ეს პრობლემა. ეგ კი არა, დისპანსერიც არ გაგვაჩნია სამკურნალოდ, რაც ასევე აუცილებელია.

- დასასრულს, სოჭის ოლიმპიადაზეც გკითხავთ, რომელიც ჩვენთვის სპორტულზე უფრო აქტუალური პოლიტიკური კუთხით გახდა. ამას უსაფრთხოების პრობლემის გაძლიერებაც ემატება... როგორ უყურებთ ამ ყველაფერს?
- ამ თემაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ოლიმპიურმა კომიტეტმა კი თავისი პოზიცია სესიაზე გამოხატა, როცა მონაწილეობას დავთანხმდით. ვფიქრობ, სწორია ეს გადაწყვეტილება, რადგან ჩვენც იმ ოლიმპიური ოჯახის წევრი ვართ. მართალია, დიდ შედეგებს არ ველოდებით, მაგრამ ეს იმის საბაბს არ გვაძლევს, განზე გავდგეთ და არ ჩავიდეთ სოჭში.

ჩვენც ოლიმპიზმის, იმ ქარტიის მიმდევარი ქვეყანა ვართ და წაუსვლელობას სხვანაირად გაგვიგებენ - მხოლოდ სპორტულ ჭრილში ვსაუბრობ და არა - პოლიტიკურში.

უსაფრთხოება მართლაც აქტუალურია და ამ საქმეში ჩვენც ჩართული ვართ გარკვეული კუთხით, როგორც რუსეთის მეზობელი სახელმწიფო.

გულდასაწყვეტია, რომ არ გვყავს დიდი სპორტსმენები, თორემ კარგი იქნებოდა, ჩავსულიყავით და მედლები მოგვეპოვებინა. მაშინ ჩვენი წასვლაც ბევრად გამართლებული იქნებოდა, თუმცა მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს ამ კუთხით ვერ განვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული