რას გვიმზადებს ბაქო? პირველი ევროპული თამაშების გახსნამდე ერთი თვე რჩება

AutoSharing Option
ზუსტად ერთი თვეც და სტარტს აიღებს ისტორიული სპორტული ღონისძიება - ევროპული თამაშები, რომელსაც "ბებერი კონტინენტი" პირველად ატარებს.

მას ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს, სადაც გახსნის ცერემონიალი 12 ივნისს გაიმართება, იმავე დღეს კი შეჯიბრებაში ჩაებმებიან სინქრონულად მოცურავეები და წყალბურთელები, თუმცა თამაშები ძირითადად 13-დან გახურდება.

წინასწარი მონაცემებით, მასპინძლები გახსნის გრანდიოზულ ცერემონიალს ამზადებენ. დიდ ოლიმპიადებზე ამგვარი ეფექტური ღონისძიებებით ჩინელებმა თუ ბრიტანელებმა უკვე ისე გაგვანებივრეს, ძნელია, ამჯერადაც რამე ორიგინალურს ელოდო, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას - აზერბაიჯანმა ამ თამაშების მასპინძლობისთვის მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა
იმის მიუხედავად, რომ ბაზების უმეტესობა მზად ჰქონდა. საორგანიზაციო კომიტეტში კი ლონდონური თამაშების ორგკომიტეტის წევრები და წამყვანი ევროპელი სპეციალისტები მიიწვიეს.

ვნახოთ, მოახერხებენ თუ არა ჩვენი მეზობლები მსოფლიოს გაოცებას.

ერთი, რაც გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით ახლავეა ცნობილი, - ის ბაქოს ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. მთლიანად თამაშებში მონაწილეობას 6 500 სპორტსმენი, 500 მოხალისე და ოფიციალური სტუმარი მიიღებს.

რატომღაც "ბებერ კონტინენტს" დაუგვიანდა საკუთარი რეგიონული ოლიმპიადის ჩატარება, მაშინ, როცა პან-ამერიკას, აზიასა თუ სხვებს ამის დიდი გამოცდილება აქვთ. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროსო და 21-ე საუკუნეში ევროპამაც გადაწყვიტა, რაშიც დიდი როლი ევროპის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთა პრეზიდენტ პატრიკ ჰიკის მიუძღვის. ეს თამაშები დიდი ოლიმპიადების ანალოგიით ტარდება - 4 წელიწადში ერთხელ და სპორტის რამდენიმე სახეობას აერთიანებს.

პირველი თამაშების პროგრამაში სპორტის 20 სახეობის 31 დისციპლინა შედის. ამ სიის ფორმირება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა - 2012 წელს დაიწყო, როცა გამოცხადდა თამაშების ჩატარების დრო და ვადები. ყველაზე ბოლოს მათ სამბო დაემატა, თუმცა რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პირვანდელ სიაში არ იყო ჭიდაობა და მის შესატანად ჰიკის დიდი ბრძოლა დასჭირდა.

მოგეხსენებათ, ჭიდაობაში ევროპული თუ სხვა რეგიონების კონტინენტური ფედერაციები ნომინალურად არსებობენ, ყველაფერს მსოფლიოს ფედერაცია (ადრე მას საერთაშორისო ერქვა) წყვეტს. მაშინ მას რუხი კარდინალი რაფაელ მარტინეტი ხელმძღვანელობდა, რომელმაც სრული ინფანტილიზმი გამოიჩინა პირველი ანუ ისტორიული თამაშების მიმართ და იუარა მასში ჩართვა. მოგვიანებით ეს ჭიდაობის ოლიმპიადის პროგრამებიდან ამოღების საშიშროებასთან ერთად ერთ-ერთ სერიოზულ ბრალდებად წაუყენეს და ძლივს გადააყენეს პოსტიდან. ჰიკი კი გაკვირვებული კითხულობდა, როგორ შეიძლება, პირველი თამაშები სპორტის ისეთი ძირძველი სახეობის გარეშე ჩატარდეს, როგორიც ჭიდაობააო.

საბოლოოდ საჭიდაო სამყარომ თავისი გაიტანა და ბაქოში მოჭიდავეებიც იასპარეზებენ. თან, ისინი იმათ შორის შედიან, რომლებიც თამაშებში დასაწყისიდანვე - 13 ივნისიდან ჩაებმებიან.

თუმცა ჭიდაობის საგა ჰეფი-ენდით მაინც დასრულდა, აი, ძალოსნობა, ჩოგბურთი და "სპორტის მეფედ" აღიარებული დიდი ფეხბურთი კი ახლაც არაა პროგრამაში. თუმცა თავიდან, 2012 წელს, როცა ამ თამაშების გამართვის შესახებ გამოცხადდა, მასში არც "სპორტის დედოფალი" მძლეოსნობა შედიოდა.

როგორც გითხარით, თამაშების პროგრამაში სპორტის 20 სახეობაა, რომელთაგანაც 4 არაოლიმპიურია: სამბო, ქუჩის კალათბურთი (3X3), პლაჟის ფეხბურთი და კარატე.

დანარჩენი სახეობები და მათი დისციპლინებია: მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ბადმინტონი, ფრენბურთი (კლასიკურიც და საპლაჟოც), კრივი, ნიჩბოსნობა (კანოე სპრინტი), ველოსპორტი (სამთო, საგზატკეცილო, ბმხ), საწყლოსნო სახეობები (წყალში ხტომა, ცურვა, სინქრონული ცურვა, წყალბურთი), ფარიკაობა, ტანვარჯიში (მხატვრული, სპორტული, აერობიკა, აკრობატიკა, ბატუტზე ხტომა), ძიუდო (ჩვეულებრივიც და პარალიმპურიც), ტყვიის სროლა, მაგიდის ჩოგბურთი, ტაეკვანდო, ტრიატლონი და ჭიდაობა (თავისუფალი, ბერძნულ-რომაული, ქალები)...

ზემოდასახელებულ ოთხ არაოლიმპიურ სახეობას კიდევ ორი ასეთივე დისციპლინა ემატება ოლიმპიური სფეროდან: პარალიმპური ძიუდო და აერობიკა-აკრობატიკა ტანვარჯიშიდან. ამათგან შეჯიბრებაში პირველად წყალბურთელები და სინქრონულად მოცურავეები ჩაებმებიან - როგორც გითხარით, ისინი 12 ივნისს იასპარეზებენ. 13-ში მათ მოჭიდავეები, ფრენბურთელები, კარატისტები, მაგიდის ჩოგბურთელები, ტრიატლონისტები და სამთო ველოსიპედისტები შეუერთდებიან.

როგორც ვხედავთ, თამაშებში გუნდური სათამაშო სახეობები მწირადაა წარმოდგენილი - მხოლოდ ფრენბურთი და წყალბურთია სრული სპექტრით, თორემ ფეხბურთი და კალათბურთი "შვილობილთა" დონეზეა, ხელბურთი კი არც უხსენებიათ. ამათგანაც წყალბურთი ახალგაზრდების დონეზე ტარდება, რადგან უფროსებისთვის საერთაშორისო კალენდარში ამჯერად ფანჯარა არ მოიძებნა. ეს პრობლემა სპორტის სხვა სახეობებსაც დაუდგა, თუმცა მომავალ თამაშებზე აუცილებლად გამოსწორდება. სავარაუდოდ, 2019 წლისთვის სახეობების რაოდენობაც გაიზრდება.

ეს თამაშები ზოგიერთ სახეობაში ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული (ძიუდო, ჭიდაობა), ბევრში კი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზურები ან სალიცენზიო ქულები გაიცემა, თუმცა ამაზე უფრო დაწვრილებით სახეობების წარდგინებისას ვისაუბრებთ.

როგორც გითხარით, აზერბაიჯანელებმა საგანგებოდ ამ თამაშებისთვის ბევრი სპორტული ბაზა ააშენეს, ზოგი კი გაარემონტეს. ბევრი მათგანი ხელოვნების ნიმუშია. ჩვენთვის ასე ნაცნობი უსახური საბჭოური სტილის, ასანთის კოლოფების მსგავსი შენობების ნაცვლად ესაა თანამედროვე, დასავლური სტილის არქიტექტურა, რომელმაც აშკარად გაალამაზა ქალაქი და ბევრად აუმაღლა რენომე - ამაში თავადაც დარწმუნდებით, როცა ცალკეულ სახეობებზე საუბრისას ამ ბაზების ფოტოებსაც შემოგთავაზებთ.

უკვე საბოლოოდ დადგინდა, რომ საქართველო პირველ ევროპულ თამაშებში 105 სპორტსმენით წარდგება. მათზე ჩვენი რუბრიკის მომდევნო გამოშვებებში ვისაუბრებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული