მედია და "გაბუტული" სპორტსმენები - ბაქოში დანახული ქართული პრობლემები

AutoSharing Option
ბაქოში ჩატარებულ პირველ ევროპულ თამაშებზე იმდენად მიიქცია ყურადღება მედიისა და ქართველი სპორტსმენების ურთიერთობამ, რომ გადავწყვიტეთ, ამაზე ცალკე წერილში გვესაუბრა.

ეს რომ ერთეული ფაქტი ყოფილიყო, კიდევ არაფერი, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი ჰქონდა - სცოდავდნენ როგორც სპორტსმენები, ასევე - მწვრთნელებიც...

მედიასთან საუბარი იუარა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მთელმა ნაკრებმა (ყოველ შემთხვევაში, ვისაც ვთხოვეთ, არავინ ამოვიდა "ალიევ-არენის" მეორე სართულზე, პრესის ოთახში); ძიუდოისტებმა პირდაპირი ჩართვა ჩაუგდეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტ ნინო გაბელიას, როცა წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, წაგების შემდეგ უკვე არ ისურვეს ლაპარაკი; სამბისტებზე კი მოხალისე ბიჭმა
მითხრა, დილის შეხვედრების მერე უცხოურმა ტელევიზიებმა ქართველების ჩაწერა მოინდომეს, მაგრამ თქვენი გუნდის წარმომადგენელმა გვიყვირა და ხელი აგვიქნია, რის ინტერვიუ, თავი დაგვანებეთო...

სხვათა შორის, იმავე ბიჭმა ბევრი საგულისხმო რამეც მითხრა ჩვენების ქცევებზე, რაკი მას ევალებოდა პრესისთვის სპორტსმენთა ამოყვანა მეორე სართულზე, პრესის ოთახში და ხშირი შეხება ჰქონდა მათთან.

თამაშების დაწყებიდან სულ რამდენიმე დღე იყო გასული, კარგად არც იყო გახურებული ევროპული ფორუმი, როცა ვიღაცის ამოყვანა ვითხოვე (აღარც მახსოვს, ვისთან მსურდა საუბარი) და გვარ-სახელი ჩავაწერინე. ის ბიჭი მომიახლოვდა და წაიწუწუნა, თქვენებს არ უყვართ მედიასთან ურთიერთობაო.

მოგვიანებით ერთ-ერთ ძიუდოისტზე პირდაპირ მითხრა, მე მეორედ მაგასთან აღარ მივალო. არ ვიცი, რა ჟესტებით მოიცილა თავიდან იმ სპორტსმენმა, მაგრამ ეს ფაქტებიც ნათლად ადასტურებს, რაოდენ ჰქონდათ ჩვენებს იქ სახელი შელახული.

ერთხელ კომენტარის მოსაპოვებლად დაბლა, სპორტსმენთა მოსათელ ოთახში ჩაპარვაც დამჭირდა. არადა, იქ ჩასვლის უფლება ჟურნალისტებს არ გვქონდა, თუმცა სააკრედიტაციო ბარათი შევაბრუნე, დაცვას ნუმერაცია რომ არ შეემჩნია. ოღონდ იმ ბარათს მეორე მხრიდანაც ეწერა, რომელ სექტორებში მქონდა შესვლის უფლება, ოღონდ - ბევრად უფრო პატარა ასოებით, მაგრამ პოლიციელი თუ დააკვირდებოდა წარწერას, მაინც ამოიცნობდა. ამიტომ თავის დასაზღვევად საქართველოს ალამი ავიფარე ბარათზე და უდარდელი სახით შევყევი ქართული დელეგაციის ერთ-ერთ წევრს...

თუმცა გამონაკლისებიც არსებობდა და ბევრმა ქართველმა სპორტსმენმა შეასრულა თავისი პირდაპირი მოვალეობა - სამბისტების სამივე მედალოსანი და ადამ ოქრუაშვილი დაჯილდოებისთანავე ამოვიდნენ ზევით, მაგრამ განსაკუთრებით ვალერი ლიპარტელიანი უნდა გამოვყო - მან წაგებული ფინალის შემდეგაც დაგვდო პატივი და უყოყმანოდ ამოვიდა მეორე სართულზე სასაუბროდ.

არადა, ბევრს სწორედ წაგების შემდეგ უჭირდა მედიასთან გამოჩენა, მაგრამ ლიპარტელიანს ეს კომპლექსი, მგონი, არც კი ჰქონია.

სიმართლე გითხრათ, ქართველი სპორტსმენების ასეთ ქცევაში ჩვენთვის გასაკვირი არაფერია - ისინი ხომ საქართველოშიც ასე იქცევიან და ბევრ მათგანთან საუბარი დიდი პრობლემაა. ჩვენ მიჩვეულები ვართ, მაგრამ იქ ცხადად გამოჩნდა, მენტალიტეტით რამდენად ჩამოვრჩებით დასავლეთს, რამდენად დიდი სხვაობაა ჩვენ შორის.

თუმცა სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იშვიათად უცხოელებიც უარს ამბობდნენ ინტერვიუებზე, მხოლოდ ქართველები არ იქცეოდნენ ასე, ოღონდ მათგან ეს კანტიკუნტად ხდებოდა და არა ჩვენებივით მასობრივად.

მაგალითად, იგივე ნინო გაბელია შეესწრო სურათს (ტელევიზიების წარმომადგენლებს არენასთან ჩასვლის უფლება ჰქონდათ და ისინი ბევრად უფრო ახლოდან, უფრო მეტს ხედავდნენ), როცა ჰოლანდიელმა ძიუდოისტმა ქალმა ხელი აუქნია ტელეკამერებს და გასახდელს მიაშურა; ამ სურათს თურმე ევროპული ფედერაციის წარმომადგენელი შეესწრო, რომელმაც უკმაყოფილება არ დამალა და უთქვამს, ამაზე ჩვენი ფედერაცია აუცილებლად გააკეთებს რეაგირებასო.

მას ისიც უთქვამს, რომ ამგვარ ფაქტებზე ძიუდოშიც აპირებენ, ფინანსური სასჯელი შემოიღონ, როგორც ეს ფეხბურთშია, რადგან არავის აინტერესებს მხოლოდ გამარჯვებულთა ნალაპარაკევი, წაგებულის აზრიც საინტერესოაო.

მე ბელორუსმა კოლეგამ მითხრა, რომ მათი სპორტსმენებიც ასე იქცევიან - ვისაც სურს, დაელაპარაკება მედიას, ვისაც არ უნდა, ვერც ვაძალებთო, თუმცა ვიმეორებ - ამას უცხოელთა მხრიდან ნამდვილად არ ჰქონია ისეთი მასობრივი ხასიათი, როგორც - ჩვენების შემთხვევაში.

"ალიევ-არენაზე" პრესის ოთახი დარბაზიდან პრესცენტრისკენ მიმავალ დერეფანში იყო განთავსებული და იქ ჩავლისას იშვიათად მინახავს ცარიელი - მუდამ ვიღაც ჰყავდათ, მუდამ ვიღაცას იწერდნენ... თან მნიშვნელობა არ ჰქონდა დროს - ჩვენებს რომ ხასიათი უნდა ურჩიო, არიქა, შეხვედრაზე გასვლის წინ არ შევაწუხოო, იქ, ვთქვათ, იჭიდავა ვიღაცამ პირველი წრე, მაშინვე ამოიყვანდნენ, დასვამდნენ და ალაპარაკებდნენ...

ბევრი ცნობილი სპორტსმენი მინახავს იმ ოთახში - მოგებულიც და წაგებულიც, რომელიც თავს მოვალედ მიიჩნევდა, დალაპარაკებოდა მედიას. ამით ისინი იმ კონკრეტულ ჟურნალისტს კი არა, თავიანთ ქვეყანას, თავიანთ ქომაგს, თავიანთი ქვეყნის საზოგადოებას ესაუბრებოდნენ, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულნი არიან. თან, ჩვენგან განსხვავებით, უცხოელი კოლეგები იწერდნენ ყველას, ვინც კი მედალს მოიპოვებდა - მნიშვნელობა არ ჰქონდა, მათი ქვეყნის სპორტსმენი იყო თუ სხვისი. პლუს - დამატებით თუ ვინმეს ჩაწერას მოისურვებდნენ, იმასაც იძახებდნენ...

საგულისხმო ფაქტს შევესწარი სროლის ცენტრშიც. იქ პრესცენტრი უფრო სასტენდოს მოედნების მხარეს იყო გამართული, ტყვიის სროლის შენობიდან საკმაოდ შორს - უნდა გასულიყავი ეზოში და დაახლოებით ნახევარ კილომეტრამდე მანძილი უნდა გაგევლო (ეს ბაზა რაოდენ უზარმაზარია, ამაზე ადრე ვწერდი), ვიდრე პრესის ოთახში მოხვდებოდი.

იმ დღეს ტყვიის სროლაში სპორტული პისტოლეტიდან გამოდიოდნენ და რაკი ნინო სალუქვაძე ფინალში ვერ მოხვდა, ძირითადად, სასტენდოზე გადავერთე ნატალია პანასის საქომაგოდ, თუმცა პარალელურად, სხვა სახეობებზეც მიწევდა გასვლა.

მსროლელთა ფინალს ცალი თვალით ვუყურე და მერე პრესცენტრში გადავედი, სადაც პანასის მესამე სერიამდე სიგრილეში ცოტა დასვენება გადავწყვიტე. გარეთ გამოსვლისას თვალი მოვკარი, როგორ შეიყვანეს მოხალისეებმა პრესის ოთახში სროლაში გამარჯვებული შვეიცარიელი ჰაიდე გერბერ დიჩელმი, რაც არ გამკვირვებია, მაგრამ როცა კიბის თავში გერმანელთა მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი მუნკბაიარ დორჯსურენი დავინახე, რომელიც იმავე მიმართულებით მიჰყავდათ მოხალისეებს, გაოცებისგან შევჩერდი - ის არ გამხდარა მედალოსანი და გამიკვირდა, ისე მორჩილად, თუმცა კი ნირწამხდარი რომ მიჰყვებოდა ვალანტიორებს.

არადა, ქალი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, ორჯერ ოლიმპიური მედალი მოუპოვებია და ვისზე ნაკლებად ტიტულოვანია, წაგებული იმ სიცხეში იმ სიშორეზე რომ მიჰყვებოდა მოხალისეებს? თუმცა მასაც შეგნებული აქვს, რომ ამით ის თავის ქვეყანას ესაუბრება და მის წინაშე ანგარიშვალდებულია.

კარგად გვახსოვს არც ისე დიდი ხნის წინ თემურ ქეცბაიას მიერ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" მოწყობილი სცენა, როცა ჟურნალისტებს გვისაყვედურა, ერთხელ არ წამოხვალთ და არ დაესწრებით ნაკრების გასვლით თამაშებსო, გეგონება, იქ უფასოდ დავდიოდეთ და ეს დიდძალ ხარჯებთან არ იყოს დაკავშირებული. აჰა, ჩავედით ახლა და სპორტსმენთა დიდმა ნაწილმა უარი თქვა ჩვენთან საუბარზე.

ვფიქრობთ, ამ საკითხს ფედერაციებმა აქტიურად უნდა მიხედონ, მათთან ერთად კი სპორტის სამინისტრომ და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც უნდა გამოიჩინონ ინიციატივა. თუმცა სეოკ-ისგან უკვე მივიღეთ დაპირება, რომ ამ პრობლემას მართლაც მიხედავენ.

სპორტსმენებს უნდა ესმოდეთ, რომ ინტერვიუები ჩვენ კი არ გვჭირდება, ეს ხალხისთვისაა საჭირო - უპირველესად, სწორედ ისინი ელოდებიან მათ აზრს და ჩვენც ამიტომ ვიწერთ მათ ნალაპარაკევს, ხალხი კი ის მასაა, ვის მიერ გადახდილი გადასახადებითაც უხდის მათ სახელმწიფო ხელფას-პრემიებს, რაც ბევრად აღემატება იმ ქომაგთა შემოსავალს.

სპორტსმენებმა აუცილებლად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა საზოგადოების, ქვეყნის წინაშე; უნდა იგრძნონ, რომ შეჯიბრებაზე მხოლოდ საკუთარი თავის კი არა, უპირველესად, ხალხის, სამშობლოს წინაშე არიან ვალდებულნი. მათ უნდა შეეძლოთ, წაგების შემთხვევაშიც კი თვალი გაუსწორონ რეალობას და ვაჟკაცურად აღიარონ შეცდომები, ნაკლოვანებები. ისინი სპორტსმენები არიან, სპორტი კი სიძლიერესთან ასოცირდება და წაგების შემთხვევაშიც ძლიერები უნდა იყვნენ - მაშინ საკუთარი ხარვეზების დანახვასაც ზუსტად შეძლებენ და - მათ გამოსწორებასაც.

ვფიქრობთ, წაგების შემთხვევაში ინტერვიუ მათ პასუხისმგებლობას აუმაღლებს, ანუ მწვრთნელებსაც დავეხმარებით. ჩვენი ამოცანაც ხომ ესაა - იმავე საქმეს ვაკეთებთ, რასაც - მწვრთნელები, ოღონდ განსხვავებული, ჩვენი კუთხით და ვცდილობთ, ობიექტური კრიტიკით დავეხმაროთ მათაც და სპორტსმენებსაც ნაკლოვანებების გამოვლენაში, ხარვეზების გამოსწორებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამხანაგო თავაძე, როგორ ფიქრობთ - სპორტცმენებმა ყოველთვის უნდა უპასუხოს თქვენს უამრავ (არა ყველა) სულელურ შეკითხვებს? მითუმეტეს თუ ზოგიერთი ჟურნალისტი ამას მარტო სასეიროდ და გამორჩენისთვის აკეთებს?
shoda
11:28 11-07-2015
0
განათლების პრობლემაა რას ილპარაკებენ ერთი წიგნიც არააქვთ წაკითხული,
რომანი
09:34 11-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული