ბაქო 2015: კრივში მოგებით დავიწყეთ - თენგიზ გაჩეჩილაძე ბაქოდან

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ ერანოსიანი
ბაქოში მიმდინარე ევროპის პირველი თამაშების პროგრამაში შემავალი სპორტის სახეობებიდან კრივისადმი ინტერესი განსაკუთრებით იგრძნობა.

ეს შევნიშნეთ ჯერ კიდევ მთავარ პრესცენტრში, სადაც კედლებზე თვალსაჩინოდაა გამოკრული წონების მიხედვით ორთაბრძოლების ბადე, დარბაზში გუშინ მისულებმა კი იმდენი მაყურებელი ვიხილეთ, დღემდე სხვა შეჯიბრებებზე რომ არ გვინახავს.

აქვე ვიტყვით, რომ გამოიკვეთა მაყურებელთა ფავორიტი საქომაგო ქვეყნები - თურქეთი და საქართველო! ამ ორი ქვეყნის სპორტსმენები და საერთოდ, დელეგაციების წევრები, მასპინძელთა ყურადღებით განებივრებულები, თავს გრძნობენ ამაყად ყველგან, სპორტულ არენებზე იქნება ეს თუ სხვაგან.

კრივი, კარატე, ტაეკვონდო, ფარიკაობა
და ფრენბურთი - შეჯიბრებები სპორტის ამ სახეობებში მრავალფუნქციურ ერთ უნიკალურ სპორტულ კომპლექს ”კრისტალში” განთავსებულ არენებზე ტარდება. კარატისტების შემდეგ ესტაფეტა მოკრივეებმა მიიღეს.

თავდაპირველი განრიგი შეიცვალა და ჩვენებიდან რინგზე პირველი გავიდა ოთარ ერანოსიანი (60 კგ). ასპარეზობის სასტარტო ცხრა ორთაბრძოლიდან ეს რიგით მეოთხე შეხვედრა იყო. ჩვენმა მოკრივემ თავიდანვე გონივრულად წარმართა ბრძოლა და სამივე რაუნდში მოიპოვა უპირატესება ლატვიელ არტიომს რამლავსთან (30:27, 30:26, 29:28), ცხადია, გამარჯვებულადაც საბოლოოდ ჩვენიანი გამოცხადდა.

მომდევნო შეხვედრას უკვე წინწაწეული ერანოსიანი 20 ივნისს გამართავს. მისი მეტოქე იქნება აზერბაიაჯანელი ალბერტ სლიმოვი.

თენგიზ გაჩეჩილაძე ბაქოდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული