კრივი. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: ანტალიაში შვიდეული იბრძოლებს

AutoSharing Option
საქართველოს მოკრივეებმა წლეულს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს: უფროსებში ოთარ ერანოსიანმა (60 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა; 22-წლამდელებში ესკერხან მადიევი (69 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ლაშა გურულმა (64 კგ) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ჭაბუკებმა ევროპის პირველობაზე სამ მედალს გამოჰკრეს ხელი: ლუკა კუბლაშვილმა (46) და ბაკურ ჩიქოვანმა (57) მხოლოდ ფინალური პაექრობები დათმეს და მეორე ადგილებზე გავიდნენ, ირაკლი აბულაძე (52) კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მალე ამ მონაგარის შევსების შანსი გვექნება: 20 ოქტომბრიდან ანტალია 18 წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ცხრა დღის განმავლობაში თურქულ რინგზე
საპრიზო ადგილებისთვის ჩვენი ქვეყნის შვიდი წარმომადგენელიც იბრძოლებს.

შეჯიბრებისთვის მზადების შესახებ ამ ასაკში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბეჟან ჭიჭინავას გავესაუბრეთ.

- ჯერ კიდევ იანვარში 20-მდე კანდიდატი შევარჩიეთ, რომლებმაც ეროვნული გუნდის წევრებთან ერთად ბაკურიანში საერთო ფიზიკურ მომზადებაში საწვრთნელი შეკრება გაიარეს, - გვითხრა მან. - თებერვალში საქართველოს პირველობა გავმართეთ და ტურნირის შედეგებით ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი ბირთვი გამოიკვეთა. დღემდე 19 საწვრთნელი შეკრება მოვაწყვეთ. საშეჯიბრო გამოცდილების
მისაღებად კი შეგირდები სამ საერთაშორისო ტურნირშიც გამოვცადეთ.

- გუნდის საბოლოო შემადგენლობა უკვე გაირკვა?
- ანტალიის რინგზე ჩვენი შვიდი სპორტსმენი იასპარეზებს. მათი ვინაობის საბოლოოდ გამოსავლენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უკრაინულ ბერდიჩევოში ძმებ კლიჩკოების სახელობის საერთაშორისო ტურნირს. იქ ჩვენი შვიდი სპორტსმენი გავიდა რინგზე. პირველი ადგილები სახილ ალახვერდოვმა (49 კგ) და არტიომ იორდანიანმა (91) დაიკავეს, გუჯა მექვაბიშვილი (52) მეორე იყო. მართალია, სხვები საპრიზო ადგილებს ვერ შესწვდნენ, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თან გამოცდილება შეიძინეს.

ფაქტობრივად, ექვსი სპორტსმენის ვინაობა უკვე გარკვეულია, ერთ წონაში კი ჯერ არ ვიცით, ევროპის პირველობაზე ვინ გაემგზავრება: 52 კილოში კონკურენტები არიან ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი ლექსო ხასაია და გუჯა მექვაბიშვილი. თბილისში დკდ-ეს კრივის დარბაზში ხვალ ბოლო დასკვნით შეკრებას დავიწყებთ. ანტალიაში წასვლამდე ხასაიასა და მექვაბიშვილს შორის სპარინგშეხვედრებს გავმართავთ. ვინც უკეთ მომზადებული იქნება, ნაკრებშიც ადგილს ის დაიმკვიდრებს.

- სხვებზე რას იტყვით?
- 49 კილოში სახილ ალახვერდოვი გამოვა, 56 კილოში საქართველოს სპორტულ ღირსებას გიორგი თორთლაძე დაიცავს, 60 კილოში ახალგაზრდებს შორის 2016 წლის ვერცხლისპრიზიორი ოთარ ნავერიანი მოსინჯავს ძალებს. 64 და 91 კილოში, შესაბამისად, ბადრი ხუციშვილი და არტიომ იორდანიანი იასპარეზებენ, რომლებიც ჭაბუკებში 2015 წლის ევროპის პირველობის ბრინჯაოსპრიზიორები არიან, 81 კილოში კი მწარიაშვილი იბრძოლებს.

- რას გეგმავთ?
- შარშან ამ ასაკში კონტინენტის პირველობაზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ და ქართული კრივის ისტორიაში პირველად, გუნდური მეორე ადგილი დავიკავეთ. წლეულს ამ შედეგის გამეორება გაგვიჭირდება, თუმცა კარგი ბიჭები გვყავს და აუცილებლად მედლებისთვის ვიბრძოლებთ, ვეცდებით, ქომაგები არ გავაწბილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული