მოკრივეთა ტურნირის მეორე დღე 69 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოასპარეზე სპორტსმენთა შეჯიბრებით დაიწყო. როგორც ვწერდით, ბაქოში კრივს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და დარბაზი ამჯერადაც გადაჭედილი იყო მაყურებლით.
23 წლის გელა აბაშიძის (69 კგ) რუმინელი მეტოქე ჩვენს მოკრივეს ღირსეულად უძალიანდებოდა, თუმცა გამოკვეთილად აშკარა უპირატესობა არც ერთს ჰქონია, მსაჯებმა ტექნიკური ილეთების და სხვა კომპონენტების შეფასებაში ქართველის ოსტატობა უფრო დახვეწილად სცნეს და ერთსულოვნად მიანიჭეს სამივე რაუნდში გამარჯვება.
მალევე გაირკვა, რომ გელა აბაშიძის შემდეგი მეტოქე იქნება თურქი სიპალ ონდერსი, რომელიც
ჩვენი სპეციალისტები გელას იმედისმომცემ, პერსპექტიულ მოკრივედ მიიჩნევენ, რაც მან შარშან პრაღის ინტერთასის მოპოვებით დაადასტურა. მომავალ პაექრობაში მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ გელა თურქზე გაცილებით მაღალია, სიმაღლე კი კრივშიც, სპორტის ბევრი სახეობის დარად, გარკვეული უპირატესობაა.
სამწუხაროდ, დასანანი მარცხი იწვნია სამივე რაუნდში 81 კგ-ში მოასპარეზე ნიკოლოზ სეხნიაშვილმა ბულგარელ რადოსლავ პანტალეევთან დაპირისპირებაში.
საღამოს შეხვედრებიდანაც, რაღა თქმა უნდა, ყველაზე უფრო ჩვენი მოკრივეების გამოსვლა გვაინტერესებდა. 56 კგ-ში ამ საღამოს ორმა წყვილმა იასპარეზა. ერთი მათგანი ბრიტანულ-ქართული იყო. გიორგი გოგიტაშვილს მეტოქედ ქაის აშნეფაქსი ჰყავდა.
კაცმა რომ თქვას, მეტოქეების სპორტულ ბიოგრაფიაში არაფერია მეორეზე უპირატესი. ეს გამოჩნდა ამ დაპირისპირებაშიც და მართალია, მსაჯთა შეფასებებში მეტ-ნაკლებობა დიდი არ ყოფილა, რაუნდებში ასე მინიმალური სხვაობით გამარჯვებულად ბრიტანელი ქაის აშნეფაქსი გამოცხადდა - 3.0.
დარჩა კიდევ ერთი მოლოდინი - ირაკლი მელიქიშვილის (64 კგ) შეხვედრა ლატვიელ არტურს ანმეტოვსთან. მონაცემებს რომ გადავხედე, ამ მოკრივეებსაც ჯერჯერობით თვალსაჩინო არანაირი მიღწევა არ აქვთ სპორტულ კარიერაში.
მაყურებელს მოეწონა ირაკლის შემტევი სტილი და ენერგიულადაც ამხნევებდა. შეიძლება ითქვას, ქართველმა ათლეტმა შთამბეჭდავი უპირატესობით დააფიქსირა 3:0 თავის სასარგებლოდ.
ამრიგად, ჩვენმა ხუთმა მოკრივემ უკვე ჩაატარა პირველი ორთაბრძოლა. სამმა მოიგო, ორმა - მარცხი იწვნია. დღეს რინგზე გავა მიხეილ ბახტიძე (92 კგ).
თენგიზ გაჩეჩილაძე ბაქოდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"