ამას წინათ საქართველოს კრივის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო კრებაზე დელეგატებმა ამ ორგანიზაციის თავკაცის პოსტზე ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის - დავით წიკლაურის კანდიდატურას.
პრეზიდენტის სავარძელი ჯერ წესიერად ვერც მოირგო, რადგან ისევ რინგზე დგას და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებლად ეხმარება. ამ შეჯიბრებას კი 14-27 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგი უმასპინძლებს.
- ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - გვითხრა ბატონმა დავითმა. - ბეჟან ჭიჭინავას ხელმძღვანელობით, გუნდი ნევისპირა ქალაქში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება: სახილ ალახვერდიევი (49
ამ დღეებში ჩვენი სპორტსმენები ბორჯომში საერთო ფიზიკურ მომზადებას გაივლიან, მერე თბილისში ბოლო შეკრება ექნებათ.
- ჯერ კიდევ როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, განვლილ პერიოდზე რას იტყვით?
- საქართველოს მოკრივეთა ნაკრები 2013 წლის აგვისტოში ჩავიბარე. გუნდი, ფაქტობრივად, დაშლილი იყო: ზოგი პროფესიონალებში გადასვლას აპირებდა, ზოგიც სულაც თავს ანებებდა რინგს, რადგან მიზანი არ ჰქონდათ, რომ ვარჯიში გაეგრძელებინათ. ფედერაციის ახალ მესვეურებთან ერთად ყველაფერი გავაკეთე, რომ ბიჭები შემენარჩუნებინა კრივისთვის.
ოთარ ერანოსიანს (60), გელა აბაშიძეს (69), ნიკოლოზ სეხნიაშვილს (81), მიხეილ ბახტიძეს (+91) საერთოდ ყურადღებას არ აქცევდნენ, როგორც უპერსპექტივოებს. ბახტიძე ერთხელ იყო ევროპის პრიზიორი. ეგონათ, რომ მისი შესაძლებლობები ამოიწურა, მაგრამ 2014 წელს მან ყველას დაუმტკიცა, რომ ნაადრევად ჩამოწერეს - მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი, ბევრ საერთაშორისო ტურნირზე დაიკავა საპრიზო ადგილები.
როგორც ეროვნული, ისე ასაკობრივი ნაკრებების წევრებსაც ჰქონდათ წარმატებები, მაგრამ მეტის მიღწევა შეიძლებოდა, რესურსი არის, მთავარი პრობლემა მწვრთნელების დაბალი კვალიფიკაციაა. მართალია, საქმეს გულიანად ეკიდებიან, მაგრამ მეთოდები დაუძველდათ.
- ქართული კრივისთვის ყველაზე მტკივნეული, ალბათ, ის იყო, რომ რიოს ოლიმპიადის საგზური ვერ მოიპოვეთ...
- ბევრმა თქვა, წიკლაურმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ვერ აიღოო. წიკლაურმა კი არა, ჩვენმა კრივის სამყარომ ვერ შეძლო ეს.
ორ ლიცენზიას ვგეგმავდით და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ რიოს ოლიმპიადას უჩვენოდ არ უნდა ჩაევლო, მაგრამ ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანში, სადაც ბოლო სალიცენზიო ტურნირი გაიმართა, საგზური ხელიდან გამოგვგლიჯეს: ოთარ ერანოსიანი 2014-15 წლების ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისპრიზიორია.
ბაქოში მისი უსაფრთხო გამგზავრება შევძელით, თავადაც ვაჟკაცურად მოიქცა. პირველ ორთაბრძოლაში აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა. მეორე შეხვედრა ყატარელ მოკრივესთანაც მოიგო - სამივე არბიტრმა ერანოსიანს მიანიჭა უპირატესობა. ეს დაფიქსირებულია მსოფლიო კრივის ფედერაციის საიტზე, მაგრამ რინგზე ყატარელ სპორტსმენს აუწიეს ხელი და ეს გადაწყვეტილება ვერავინ შეცვალა...
თუმცა ეს ყველაფერი ისტორიაა და წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ამ მწარე გაკვეთილების დავიწყება არ შეიძლება.
- როგორც ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, რა გაქვთ გადაწყვეტილი?
- წლის მიწურულს მსოფლიო კრივის კონგრესი გაიმართება, სადაც საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შევხვდებით. მის წინაშე აუცილებლად დავაყენებთ რამდენიმე მტკივნეულ საკითხს. უპირველესი კი ის იქნება, რომ საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნების მიმართ ჯეროვანი ყურადღება გამოიჩინოს.
ჩვენც მეტად უნდა გავანძრიოთ ხელი - ქართველი მსაჯები აქტიურად ჩავრთოთ საერთაშორისო შეჯიბრებებში, შინაც ჩავატაროთ საერთაშორისო ტურნირები, მწვრთნელებისა და არბიტრების გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას მეტი ყურადღება მივაქციოთ.
- ცხადია, ორ საქმეს ერთად ვერ გასწვდებით. ეროვნული ნაკრების მესაჭეობას ვის გადააბარებთ?
- ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობის შემდეგ კანდიდატურებს ფედერაციის გამგეობაზე საფუძვლიანად განვიხილავთ, თითოეული კანდიდატის მონაცემებს გავაანალიზებთ და ისე დავნიშნავთ მთავარ მწვრთნელებს როგორც უფროსებში, ისე ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში.
6-10 დეკემბერს ბათუმი მოკრივეთა ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებაზე უნდა შეირჩეს ნაკრების ძირითადი ბირთვი, რომელიც ახალი სეზონისთვის აქტიურად მოემზადება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"